
პრემიერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას რუსოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს მაშნდელი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსულ კაპიტალსა და ტურიზმს მიესალმებოდნენ, დღეს კი იგივე ადამიანები ანტირუსულ აგრესიას აღვივებენ. ანალიტიკოსთა ნაწილი პრემიერის ამ ბრალდებას სამართლიანად მიიჩნევს, მეორე ნაწილის აზრით კი ხელისუფლება და ოპოზიცია რუსოფობიის იარლიყს თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აწებებენ ერთმანეთს.
კობახიძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც დღეს „მთავარი რუსოფობები" არიან, აგვისტოს ომიდან მალევე საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღმრავებას მიესალმებოდნენ.
„შეგახსენებთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი რუსოფობები - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა" და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.
- ვახტანგ ძაბირაძე: „რუსოფობობა ერთმანეთისთვის იარლიყის მისაკერებლად სჭირდებათ. ქვეყანაში ერთხელ მაინც რომ გვყოლოდა ნორმალური ხელისუფალი, ამ დღეში არ ვიქნებოდით".
„ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა", - აცხადებს კობახიძე.
ამასთან, როგორც კობახიძე აღნიშნავს, „უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა".
„2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს.
„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და ათიათასობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2 232 კი დაიჭრა; მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ; საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებულები ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი - დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატს შეწირული ეროვნული ინტერესები დგას", - თქვა პრემიერმა.
რამდენად სამართლიანი კობახიძის ბრალდებები
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ რუსოფობობა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთისთვის იარლიყის მისაკერებლად სჭირდებათ.
„ახლა „ქართულმა ოცნებამ" სწორედ იმის დადანაშაულება დაიწყო, რასაც ოპოზიცია აკეთებდა. ზოგადად ჩვენ პროდასავლური ხელისუფლება არც არასდროს გვყოლია - არც „ნაციონალური მოძრაობა", არც შევარდნაძე და სამწუხაროდ, არც გამსახურდია. ყველა ცდილობს რაღაცნაირად ძალაუფლება შეინარჩუნოს და ეს არის მათი მთავარი მიზანი, რომ იქიდან მერე ბიზნესი აკეთონ.
- პეტრე მამრაძე: „წერეთელი დადიოდა აეროპორტში გავრილოვის შესახვედრად და კოცნიდა, როგორც ბრეჟნევი და ჰონეკერი კოცნიდნენ ერთმანეთს. მაგრამ როცა დასჭირდათ, გავრილოვის ღამის ეს პერფორმანსი მოაწყვეს."
„რუსოფობობა ერთმანეთისთვის იარლიყის მისაკერებლად სჭირდებათ. ქვეყანაში ერთხელ მაინც რომ გვყოლოდა ნორმალური ხელისუფალი, ამ დღეში არ ვიქნებოდით, როგორც დღეს ვართ. დანარჩენი არ ვიცი, ვინ რუსია და ვინ ქართველი რთული სათქმელია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პრემიერ კობახიძის ბრალდებები სამართლიანია.
„ბევრ მათგანს ვიცნიბ და კარგად მახსოვს, როგორ იქცეოდნენ სხვადასხვა დროს. რუსოფობები ნამდვილი არ არიან. ისინი ყოველთვის მოგებაზე ფიქრობენ და ამის შესაბამისად მოქმედებენ. ერთ დღეს შეიძლება იყვნენ ძალიან პრორუსულები, მეორე დღეს - არა. 2008 წლის იმ საშინელი კატასტროფის შემდეგ, რაც სააკაშვილმა, ასე ვთქვათ, მოუტანა საქართველოს, ხოშტარიები იძახდნენ, რაც შეიძლება მეტი ტურისტი და უნდა შემოვიდესო.
„არავითარი პრინციპები ამათ არ აქვთ. ისინი არც პროამერიკელები არიან, არც პროდასავლელები, არც რუსოფობები და არც პრორუსულები. მათ არაფერი აინტერესებთ თავისი ვიწრო, პირადი მოგების გარდა, ფულადი იქნება ეს თუ პოლიტიკური ქულები, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და პოლიტიკოსის სტატუსი ჰქონდეთ.
„თუმცა, ამ შემთხვევაში კობახიძე მართალია. ახლა რუსოფობიის ნიღაბი მოირგეს. ყველაფერზე იტყვიან, რომ „ამას არ შევჭამ, ამას არ დაველაპარაკები, ლაპარაკი არ შეიძლება", „რუსი ღორები" და ა.შ.
„გაიხსენეთ, პოზნერი რომ ჩამოვიდა, საერთაშორისო სახელის მქონე ჟურნალისტი, ამერიკის მოქალაქე და რა ობსტრუქცია მოუწყვეს. გაიხსენეთ გავრილოვის ღამე. თვითონ ხვდებოდნენ ამ გავრილოვს, წერეთელი დადიოდა აეროპორტში გავრილოვის შესახვედრად და კოცნიდა, როგორც ბრეჟნევი და ჰონეკერი კოცნიდნენ ერთმანეთს. მაგრამ როცა დასჭირდათ, გავრილოვის ღამის ეს პერფორმანსი მოაწყვეს. ასეთები არიან.
„ოცნების" ხელისუფლების შემდეგ, მათ მოილაპარაკეს იმაზე, რომ ახლა იარლიყს მივაკერებთო. მოგეხსენებათ, რომ პატრიოტიზმი ნაციონალიზმი ბოლო თავშესაფარია და მოირგეს ეს ნიღაბი, რომ პატრიოტები არიან", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".