
ახალი შესაძლებლობა და შეღავათი - სტუდენტები დაფინანსების მოდელზე საუბრობენ, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ორი სემესტრის განმავლობაში, სრულიად უფასო სწავლებას ითვალისწინებს. ამბობენ, რომ ხარისხიანი განათლების უფასოდ მიღება მათთვის დამატებითი მოტივაციაა.
ისტორიული გადაწყვეტილება - ასე ფასდება დაფინანსების ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიახლით ხელისუფლების დამოკიდებულება - ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
გაგრძელდება თუ არა დაფინანსება მესამე სემესტრში - ეს უკვე სტუდენტის მიერ დაგროვილ კრედიტებზეა დამოკიდებული. სიახლის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. გივი მიქანაძის განმარტებით, განათლების ხელშეწყობა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ორ სემესტრიანი უფასო სწავლებისას მოპოვებული კრედიტების მინიმუმ 80 პროცენტი - მომდევნო სემესტრში სწავლის უფასო გაგრძელების შესაძლებლობაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი საკმარის კრედიტს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო მის სწავლას ნაწილობრივ დააფინანსებს.
მხოლოდ თავდასხმა და არც ერთი არგუმენტი - განათლების მინისტრი კონკრეტული ჯგუფების მხრიდან დეზინფორმაციულ კამპანიაზეც საუბრობს. გივი მიქანაძის თქმით, კონკრეტული პირები რეფორმის შემუშავების პროცესს მიზანმიმართულად აზიანებდნენ.
აღნიშნული მოდელი ყველა იმ სტუდენტისთვისაა, რომლებიც ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან სწავლას უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში დაიწყებენ. რეფორმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც. გაზიარებული იქნა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც. საბოლოოდ კი, დოკუმენტი ორი დღის წინ, მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა.