
თანათავმჯდომარეობაზე ვამბობდი, რომ თინა ბოკუჩავა უნდა დარჩენილიყო იმ პოზიციაზე, ვეძახე ჩემზე ლამაზი, ჩემზე ჭკვიანი, გულწრფელად ასე ვფიქრობდი, ამიტომ, თინასთან დაკავშირებით არ მაქვს სინდის ქენჯნა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ამავე კონტექსტში, სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას არ დასწრებაზე ისაუბრა.
ჟორჟოლიანის თქმით, პარტიის წევრებთან გადაამოწმა, იცოდა თუ არა ბოკუჩავამ სხდომის თარიღი და მიიღო პასუხი, რომ ამის შესახებ ბოკუჩავა ინფორმირებული იყო.
„დარწმუნებული ვიყავი და ვთქვი კიდევაც, რომ თინას მიზეზი ექნებოდა და მე ეჭვიც არ მეპარება. პატარა ბავშვებთან რეგიონში გასვლა ვთვლი, რომ არის ხელშემშლელი პირობა იმისთვის, რომ მარტივად ვერ მოახერხო დედაქალაქში წამოსვლა. ამ თემასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან მქონდა კომუნიკაცია. მოვიკითხე ეს საკითხი, დაესწრებოდა თუ არა თინა. მაინტერესებდა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო - იცოდა თუ არა მან თარიღი, იყო თუ არა საქმის კურსში ჩაყენებული და მითხრეს, რომ კი, იცის. არ იცოდნენ სად მიდიოდა - თუ ქვეყნის გარეთ გავა, ჩვენ მას დაველოდებით, მაგრამ თუ ქვეყნის შიგნით იქნება, 1 დღე მოუწევს ჩამოსვლა და მაშინ ჩავნიშნავთ ამ პოლიტსაბჭოს შეხვედრას - ეს იყო პასუხი. შემდეგ როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა, მე არ მომიკითხავს“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
კითხვაზე, რატომ იყო დაინტერესებული, რომ თინა ბოკუჩავა ჩართული ყოფილიყო პროცესებში და ხომ არ აქვს სინდისის ქენჯნა მასთან მიმართებით, ჟურნალისტი პასუხობს, რომ სინდისის ქენჯნას არ გრძნობს, რადგან, მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე სწორედ ბოკუჩავას დარჩენას უჭერდა მხარს.
„მე სინდის ქენჯნა ვერ მექნება, რადგან მე ვარ ის ადამიანი, ვისაც შესთავაზეს თავმჯდომარეობა, რომელმაც თქვა უარი, თინას ვადის გასვლის შემდეგ და თქვა, რომ თავმჯდომარე თინა უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში ეს მოსაზრება საერთოდ არ გაიზიარეს პოზიტიურ კონტექსტში. ამას მოჰყვა პარტიაში წინააღმდეგობა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ვადის ამოწურვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ პარტიას ახალი ადამიანისთვის მიეცა შანსი. თინა ის უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელმაც პარტიაში ვადა ამოწურა და იმავეს ვუსურვებ ყველა სხვა შემდგომს. ვფიქრობ, რომ ეს არის ურთიერთობის სწორი ფორმატი.
თინამ იცის, რომ ჩემი მცდელობები მაქსიმალურად შედეგზე იყო ორიენტირებული. რა თქმა უნდა, თანამშრომლობისთვის მზად ვიყავი.
მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ სცადა, არამედ მოუწია რამდენიმე დღე ენერგიის, რესურსის დახარჯვა, ადამიანებთან კომუნიკაცია, ვიღაცების დარწმუნება, რომ ეს სწორია. მე მომიწია ადამიანების წყენების მოსმენა ჩემთან დაკავშირებით, რომ არ ვიქცეოდი სწორად. შესაბამისად, მე სინდისის ქენჯნა არ მექნება. თანათავმჯდომარეობაზე ვამბობდი, რომ ის უნდა დარჩენილიყო იმ პოზიციაზე, ვეძახე ჩემზე ლამაზი, ჩემზე ჭკვიანი. გულწრფელად ასე ვფიქრობდი. ამიტომ, თინასთან დაკავშირებით არ მაქვს სინდის ქენჯნა. ეს არ იყო ჩემს მიერ ჩაშლილი მოლაპარაკება, ეს იყო ის, რაზეც მან თქვა უარი. მე ნამუსთან, სინდისთან და რაც მთავარია, ქალურ სოლიდარობასთან, მართალი ვარ“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანმა ასევე ისაუბრა პარტიაში დაგეგმილ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ საკუთარ მომავალს სწორედ ამ ცვლილებებს უკავშირებს.
მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეობას არ განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც უნდა იყოს.
„მე მინდა მჯეროდეს, რომ ის რეფორმები, რაზეც მე და მიშა წერილობით ვსაუბრობთ, შესრულებადია. თუ ის რეფორმები ვერ შესრულდება, ჩემ თავს პარტიაში ვერ დავინახავ. პარტია უნდა გახდეს მოქნილი. მნიშვნელოვანია რას ასხივებს პარტიის წევრი, მზადყოფნაშია თუ უბრალოდ განცხადებებს აკეთებს. მე ამ რეფორმების გარეშე არ შევალ. მე ვთქვი, რომ არ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე. ჩემი აზრია ისეთი, რომ თუ ხარ პარტიის თავმჯდომარე, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატი. მე არ ვიქნები პრემიერობის კანდიდატი და ამ გუნდის ხელმძღვანელი, შესაბამისად განვიხილავ შემდეგ გეგმას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ძალიან ეფექტური მენეჯერი.
მე, ახლა პარტიისგან დამოუკიდებლად შევქმნი ისეთ დღის წესრიგს, რომელიც ჩემი აზრით, უნდა იყოს პარტია. მე როგორ პარტიასაც ავირჩევდი და მივცემდი ხმას, ისეთ დღის წესრიგს შევქმნი“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ამასთან, ჟორჟოლიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში როგორც ქართველი პოლიტიკოსი, დაბრუნდეს და პარტიის ლიდერის სტატუსისთვის იბრძოლოს.
მან სააკაშვილის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც მან თქვა, რომ ციხიდან ნელსონ მანდელასავით გამოვა. როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სააკაშვილის მიერ ამ განცხადების გაკეთებას „შრომა და მოლაპარაკება უძღოდა წინ“.
„იცით რამდენი შრომა და მოლაპარაკება უძღვის წინ ამ განცხადებას? ეს არ იყო მარტივი. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მიერ გაკეთებული სხვა შინაარსის განცხადება. ჩვენ გვინდა რომ ის იყოს ქართველი პოლიტიკოსი. მან მოითხოვს ქართული პასპორტი, მიცემენ თუ არა , ეს მაინც უნდა დადგეს დღის წესრიგში. მან უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ პარტიაში იყოს ლიდერი და შემდეგ წარმდგენი ამ პარტიის“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.