თამთა ჩაჩანიძე
31.07.2026

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შექმნას, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მამუკა მდინარაძემ უნდა დაიკავოს, "ოცნებაში" იმ არგუმენტით ხსნიან, რომ მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება.

ოპოზიციაში ამის არ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ რეგიონებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" რეალური გეგმა არ აქვს, მათი შეფასებით პრემიერი ირაკლი კობახიძე უბრალოდ "ვერ ელევა" მდინარაძეს და იძულებულია ახალი სამინისტრო შეუქმნას და "ელიტურად გაუშვას" თანამდებობიდან.

ორი დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სექტემბერში რეგიონული განვითარების სამინისტრო გაუქმდება და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნება. აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე დაინიშნება.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელიც სამი თვის წინ შეიქმნა და მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, კობახიძის თქმით, პოსტი სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს რეგიონალური პოლიტიკა მართლაც არის გამოწვევა, სადაც ეკონომიკურთან ერთად, დემოგრაფიული პრობლემებია.

"დღეს რეგიონალური პოლიტიკა ყველაზე უმწვავესი პოლიტიკაა. მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ საქართველოს რეგიონები მოსახლეობისგან დაცლილია, განსაკუთრებით სოფლები. სოფელი საქართველოს ბურჯი იყო. "რა გლეხი ამოწყდეს, ქვეყანა წახდესო" - ამას წერდა მეფე არჩილი.

  • ედიშერ გვენეტაძე: "უპირველეს ყოვლისა, რეგიონების ეკონომიკურად განვითარებაა საჭირო და მასთან ერთად უმთავრესი -დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება"

"ხოდა, ახლა უმძიმესზე უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, რეგიონების ეკონომიკურად განვითარებაა საჭირო და მასთან ერთად უმთავრესი -დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.

"ეკონომიკის გაძლიერების გარეშე, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაწყდება. ვფიქრობ, ეს საკითხი გვარიანად დაგვიანებულის კია. იმიტომ, რომ რეგიონალური პოლიტიკა ქვეყნის ხერხემალია, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი და ამიტომ, თუ ამას ყურადღება მიექცევა ძალიან მისასალმებელია და ვფიქრობ მიექცევა, ვინაიდან ისეთი ენერგიული პიროვნება ჩაუდგა სათავეში, როგორიც მამუკა მდინარაძეა",- განაცხადა გვენეტაძემ.

ანალიტიკოსის აზრით, ამ მხრივ დეცენტრალიზაციის გეგმა აუცილებელია.

"თბილისი დიდი ხანია თავკომბალას დაემსგავსა და ეკონომიკის სიმძიმეები დედაქალაქიდან უნდა გადავიდეს და რეგიონებზე უნდა გადანაწილდეს რეგიონებზე - ეს იქნება ქვეყნის განვითარების საფუძველი.

"ჩვენ მარტო ტურიზმით ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვვითარდებით, გამორიცხულია. უნდა შევძლოთ ჩვენი მთავარი, მამოძრავებელი, სასიცოცხლო ძალის განვითარება, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. უნდა დავიწყოთ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს სიტუაციაში ჩავვარდებით და ვფიქრობ, აქეთკენ უნდა იყოს ქვეყნის დეცენტრალიზაცია მიმართული",- განაცხადა გვენეტაძემ.

პოლიტოლოგმა დავით დარჩიაშვილმა "პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირად დასაყრდენს წარმოადგენს, თუმცა, ის არც „ქართული ოცნების" გუნდში და არც უშუალოდ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის ნდობას არ იწვევს.

„არ მახსენდება შემთხვევა, რომ მამუკა მდინარაძეს რეგიონული პრობლემების გადაჭრაში გამოეჩინოს თავი, ეს მისი პროფილი არასდროს ყოფილა. თუმცა, არც სუს-ის ხელმძღვანელობა ყოფილა მისი სფერო.

"ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია აქვს, მასში ერთგულ კადრს ხედავს და ვერ ელევა. ამავდროულად ჩანს, რომ მდინარაძე დანარჩენ გუნდში დიდ ნდობას არ იწვევს, რის გამოც ვერცერთ პოზიციაზე ხანგრძლივად ვერ ჩერდება და ახლა გარდამავალ მდგომარეობაშია.

"საბოლოო ჯამში, ყველა გადაწყვეტილება მაინც ივანიშვილამდე მიდის. თუმცა, რამდენად ინტერესდებოდა იგი მდინარაძის ქცევით, ან აწვდიდა თუ არა მასზე ვინმე უარყოფით ინფორმაციას, ამას ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მდინარაძე არც ივანიშვილში იწვევს განსაკუთრებულ ნდობას, ხოლო კობახიძეს მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და საკუთარ მთავარ დასაყრდენად მიაჩნია",- განაცხადა დარჩიაშვილმა.

რას ამბობენ მმართველ გუნდში

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ პრიორიტეტულია რეგიონული საკითხები და პოლიტიკის უფრო მაღალ დონეზე შემუშავება, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ეს თანამდებობა შემოეღო", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენის თაობაზე დასმულ კითხვას.

"როცა პარლამენტი შესაბამისს კანონში ცვლილებებს შეიტანს, აპირებს ამ თანამდებობაზე გამოცდილი ადამიანი წარადგინოს - ეს არის და ეს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონსტიტუციით ამის გაკეთების უფლება ჰქონდა და გააკეთა - რა გინდათ, თქვენ ხომ არ შეგითანხმებთ?!" - განაცხადა შარმანაშვილმა.

შეფასებები ოპოზიციაში

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ცოტნე კობერიძე "პალიტრანიუსთან" ამბობს, რომ ახალი სამინისტროების შექმნა თანამდებობიდან გაშვების „ელიტური" ფორმაა.

„ქართულ პოლიტიკაში თანამდებობიდან გაშვების ორი გზა არსებობს: აწერინებ განცხადებას, რომ არის ცუდად. მეორე ვარიანტია უფრო ელიტური, რომელსაც ვერ ელევიან - უქმნიან საკუთარ სამინისტროს. ჩვენ ვნახეთ ეს ლილუაშვილთან, წულუკიანთან დაკავშირებით. რატომ ვერ უნდა თქვა ჩვენ მიერ დაქირავებულ კაცს, რომ უშვებ, ხომ უნდა აიხსნას რის გამო უშვებ. ჩვენ გვყავს ნანახი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაუშვეს და შემდეგ მონასტერში წავიდა. ადამიანები გვყავს ნანახი, რომლებიც გაუშვეს და მერე თავს იკლავენ.

"მეორე არის ყველაზე კარგი, ხელფასიანი შვებულება რომ მოგცენ - სამინისტროების შექმნა.

  • ცოტნე კობერიძე: „ქართულ პოლიტიკაში თანამდებობიდან გაშვების ორი გზა არსებობს: აწერინებ განცხადებას, რომ არის ცუდად. მეორე ვარიანტია უფრო ელიტური, რომელსაც ვერ ელევიან - უქმნიან საკუთარ სამინისტროს"

"არაფორმალური მართვის ინსტიტუციად მოიფიქრეს, როგორც საპატიო თავმჯდომარე. ამ შემთხვევაში უნდათ არაფორმალური სპიკერი. როცა პარლამენტში იყო, უმრავლესობის სპიკერი იყო. ამ ნაწილში, რადგან არ არის პარლამენტში, რეგალია მისცეს და ყველაზე კარგად დააფასეს - შეუქმნეს სამინისტრო. ეს არის არაფორმალური მმართველობით გამოწვეული ხინჯები",- განაცხადა კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×