
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვის მოწოდებით გამოდის მას შემდეგ, რაც 30 ივლისს ასობით მიგრანტმა მაროკოდან ჩრდილოეთ აფრიკის ესპანურ ანკლავ სეუტაში საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.
„მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას ვუცხადებ [იტალიის შინაგან საქმეთა] მინისტრ პიანტედოზის ქმედებებს. არალეგალური და უკონტროლო იმიგრაცია ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. სეუტადან გავრცელებული კადრები აჩვენებს, რამდენად მცდარი იყო მადრიდის მთავრობის გადაწყვეტილება, ესპანეთის და, შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეობა 500 000-ზე მეტ არალეგალურ მიგრანტს მიანიჭოს. ეს გადაწყვეტილება ადამიანთა ტრეფიკინგს ახალისებს", - წერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, განაცხადა, რომ იტალია ამ სიტუაციაში „უმოქმედოდ არ იჯდება".
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე თვეში მიიღო გადაწყვეტილება, რომ სეუტაში ან მელილაში ჩასვლის მცდელობისას ზღვაში დაკავებულ მიგრანტებს ამ ტერიტორიებზე მოქმედი განსაკუთრებული სასაზღვრო წესების მიხედვით დაუყოვნებლივ უკან ვეღარ გააბრუნებენ.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაროკოდან ზღვის გავლით სეუტაში 1 500 მიგრანტი ჩავიდა. რომის განცხადებით, სეუტასა და მელილიაში შექმნილი კრიზისი და არალეგალური მიგრანტების მასობრივი შესვლა უშუალო საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და იტალიის ეროვნულ უსაფრთხოებას.
იტალიის მემარჯვენე მთავრობა მკვეთრად აკრიტიკებს ესპანეთის სოციალისტური მთავრობის გადაწყვეტილებას 500 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტისთვის სტატუსის ლეგალიზების შესახებ. ტაიანისა და მელონის პოზიციით, ასეთი შემწყნარებლური პოლიტიკა ადამიანთა ტრეფიკინგის სტიმულირებას ახდენს და ახალ საემიგრაციო ტალღებს ახალისებს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს დაპირისპირება წარმოადგენს ღია იდეოლოგიურ კონფლიქტს ევროკავშირის ორ განსხვავებულ მიდგომას შორის - რომის მკაცრ, მემარჯვენე-კონსერვატიულ სასაზღვრო პოლიტიკასა და მადრიდის შედარებით ლიბერალურ, სოციალისტურ მიგრაციულ კურსს შორის.
პოლიტოლოგების განმარტებით, ევროკავშირის რომელიმე წევრის შენგენის ზონიდან სრული „გარიცხვა" სამართლებრივად თითქმის შეუძლებელია. თუმცა, შენგენის სასაზღვრო კოდექსი წევრ სახელმწიფოებს უფლებას აძლევს დროებით აღადგინონ შიდა სასაზღვრო კონტროლი ეროვნული უსაფრთხოების მოტივით, როგორც ეს იტალიამ თუ საფრანგეთმა წარსულშიც გააკეთეს.
ანალიტიკოსების ნაწილი მიუთითებს, რომ მელონისა და ტაიანის მკაცრი რიტორიკა მიმართულია იტალიელი ამომრჩევლისკენ, რათა მთავრობამ აჩვენოს თავისი შეუვალი პოზიცია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.