თამთა ჩაჩანიძე
31.07.2026

ენმ-ის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მისი პარტიის გადაწყვეტილებით ნაწყენია - სპეციალურ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ჩაინიშნა პოლიტსაბჭო სწორედ მისი ქალაქგარეთ ყოფნის პერიოდში, როცა მისი თქმით, პარტიის გენერალური მდივანი ამაზე წინასწარ იყო ინფორმირებული. ბოკუჩავას პარტიაში მიანიშნეს, რომ სხდომას რეგიონებიდანაც ესწრებოდნენ, ამასთან, წინასწარ თარიღიც დაანონსდა.

ბოკუჩავას განცხადებას პარტიაში ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ენმ-ში ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად მიაჩნიათ და სხდომაზე მისი დასწრება სასურველი იყო, თუმცა, აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს ჩატარების სავარაუდო დრო რამდენიმე დღით ადრე საჯაროდაც იყო დაანონსებული, სხდომას კი რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოსული წევრებიც ესწრებოდნენ, რის გამოც გადადება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ენმ-ის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება დაახლოებით 300-მდე დელეგატით, სადაც გარდამავალ პერიოდში პარტიის მართვის მოდელი უნდა დამტკიცდეს

დატოვა თუ არა პარტიამ ბოკუჩავა თამაშგარე მდგომარეობაში

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ თამაშგარე მდგომარეობაში ბოკუჩავა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სააკაშვილმა მისი ფავორიტი დაასახელა ენმ-ის თავმჯდომარის კანდიდატად.

"ბოკუჩავა თამაშგარე მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა, მისი (ბოკუჩავას) საქართველოში არყოფნის პერიოდში, მისთვის სასურველ ხელმძღვანელად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. როგორც კი სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, იმ მომენტიდან თინა ბოკუჩავა ფაქტიურად უკვე თამაშგარე მდგომარეობაში იყო აღმოჩენილი - ის უკვე იმ დროიდან მოყოლებული "ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ სარგებლობდა ძველი გავლენებით და იმ ავტორიტეტით.

  • ზაალ ანჯაფარიძე: "ბოკუჩავა თამაშგარე მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა, მისი (ბოკუჩავას) საქართველოში არყოფნის პერიოდში, მისთვის სასურველ ხელმძღვანელად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა"

"ბოკუჩავამ იგრძნო, რომ ამ პარტიაში მისი არსებობის სივრცე ნელ-ნელა ვიწროვდებოდა, მისი გავლენები იკარგებოდა. როგორი ერთგულიც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის და პარტიის მიმართ, მას აქვს თავმოყვარეობის განცდა, ხომ? როდესაც მშობლიური პარტია ასე გექცევა, მაშინ შენც ამაზე რაღაცა რეაქცია უნდა გქონდეს. ეტყობა, თინა ბოკუჩავამ ითმინა, ითმინა და შემდეგ, როდესაც პარტიაში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდა, გადაწყვიტა, რომ თავისი სათქმელი იმაზე ცოტა უფრო მკაცრად ეთქვა, ვიდრე ადრე ამბობდა.

"თუ დავუშვებთ, რომ თინა ბოკუჩავა ძალიან შორს არ იმყოფებოდა საქართველოდან, ის ინფორმირებული იქნებოდა იმის თაობაზე, რომ სხდომა კონკრეტულ დროს ჩაინიშნა. თუ ქობულეთში იყო, მითუმეტეს, სურვილის შემთხვევაში ჩამოსვლა შეეძლო, როგორც პოლიტსაბჭოზე ჩამოვიდნენ რეგიონებიდან.

"თუმცა, როგორც ჩანს, აქ საქმე გვაქვს უფრო ღრმა კონფრონტაციასთან და არა რაღაც ორგანიზაციულ საკითხებთან, რომ თითქოს გვიან შეატყობინეს, ჩამოსვლა ვერ მოასწრო და ასე შემდეგ.

"თინა ბოკუჩავას პერსონიდან გამომდინარე, არ მივიჩნევ, რომ ის რადიკალურ დაპირისპირებაში შევა "ნაცმოძრაობასთან" და ყველა ხიდებს დაწვავს, მაგრამ ეს პატარ-პატარა დემარშები მიუთითებს იმაზე, რომ არ არის გამორიცხული, სამომავლოდ თანდათანობით პარტიასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

"არ ვამბობ,რომ ურთიერთობას შეწყვეტს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მას თუ ის როლი არ მიეცა, რაზეც პრეტენზია და ამბიცია აქვს - პარტია აპირებს რაღაც ასეთი კოლექტიური ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელიც გარდამავალ პერიოდში გაუძღვება, თუ მათ შორის თინა ბოკუჩავა არ აღმოჩნდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პარტიაში მისი როლი შემცირდა და ის, სავარაუდოდ, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

რას ამბობს ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტიის გენერალურ მდივანს მისი ქალაქგარეთ გასვლის შესახებ ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ აცნობა.

"ერთი კვირით ოჯახთან ერთად გასული ვარ ქალაქიდან, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩანიშვნა და შემდეგ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები, ჩემი აზრით, თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ.

  • თინა ბოკუჩავა: "ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებული იყვნენ"

"უბრალოდ, გუშინ ძალიან ბევრი ჟურნალისტისგან მივიღე ზარი თუ ტექსტური შეტყობინება ამ კითხვით. ბუნებრივია, არ მინდოდა, უყურადღებოდ დამეტოვებინა თავისუფალი მედიის ჟურნალისტების კითხვები, ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, მიმეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ ვიმყოფები ქალაქში, თუმცაღა ეს წინსწრებად მქონდა ასე დაგეგმილი და რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო პარტიის გენერალური მდივანი და შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც დააორგანიზეს გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომა", - აცხადებს ბოკუჩავა ვიდეომიმართვაში. 

რას პასუხობენ პარტიაში

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში თინა ბოკუჩავას განიხილავენ "ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად", თუმცა სამწუხაროა, რომ ის არ იყო. მისი თქმით, პარტიის ბევრი წევრი "რეგიონებიდან ჩამოვიდა".

"პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავარი იყო ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენ შევთანხმდით დელეგატთა არჩევის წესზე, მათ შორის ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს პარტიაში განხორციელდება და ზოგადად, მთავარი მიზანი რაც ჰქონდა პოლიტსაბჭოს, ეს იყო ამ ყრილობისთვის ჩვენი წევრების, რეგიონების წარმომადგენლების მომზადება. რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭო ჩატარდა რიგიანად.

  • ირაკლი ფავლენიშვილი: "ჩვენი ძალიან ბევრი წევრი რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოვიდა ამ დღისთვის"

"რაც შეეხება ქალბატონ თინას საკითხს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ქალბატონი თინა დასწრებოდა სხდომას, თუმცა მან ვერ მოახერხა. ცნობილი იყო, რომ ივლისის ბოლოს ტარდებოდა სხდომა, საჯაროდ ეთერშიც არაერთხელ თქმულა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა დაწერილი სტატუსი, რომ ივლისის ბოლოს ჩატარდებოდა პოლიტსაბჭოს სხდომა, ამიტომ გასაკვირი არავისთვის არ იყო.

"ჩვენი ძალიან ბევრი წევრი რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოვიდა ამ დღისთვის და ამიტომ, ინფორმირებული ნამდვილად იყო ყველა, ზოგმა მოახერხა ჩამოსვლა, ზოგმა ვერ მოახერხა", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×