
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, პოლიციელი, რომლის მიმართაც პოლიტიკოსს შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილია.
ადვოკატის შეფასებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„რამდენიმე წუთში, სახელმწიფო ბრალდება ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ აბსურდულ, რიგით მეოთხე, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წარუდგენს. ეს არის აბსურდული საქმე. მოგეხსენებათ, ეს საქმე ეხება ტერორისტული აქტის საქმის განხილვის დროს მოწმეზე ე.წ. შეურაცხყოფის მიყენებას. მე ახლა ამ საკითხს [პოლიციელის ვინაობას] ვერ დაგიდასტურებთ, ვინაიდან საქმის მასალები არ მინახავს, მაგრამ ვარაუდია, რომ შოთა ჭიპაშვილზეა საუბარი. ის ალეკო ელისაშვილმა პროცესზე ამხილა, რომ მან მის წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობა ჩაიდინა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ალეკო ელისაშვილს აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები სახის არეში, ხელის არეში, სისხლი სდიოდა ხელიდან, თუმცა, ვხედავთ შერჩევით სამართალს და ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო არაადამიანურ მოპყრობაზე და ძალაუფლების გადამეტებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა მხოლოდ და მხოლოდ მითითება, შენიშვნა მისცა და მოუწოდა მოწმეს, აღიარება მიეცა სასამართლოს წინაშე, თუ რას სჩადიოდა ის მის მიმართ. თუმცა, ელისაშვილი ჯერ სასამართლომ გააჩერა და დაემუქრა გაძევებით, შემდეგ უკვე პროკურატურამ დაიწყო ახალი სისხლის სამართლის საქმე. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და ეს არის მეოთხე სერია, რადგან მანამდე იყო ალი ბაბაევის საქმე, ტერორისტული აქტის ორი საქმე და ეს არის მეოთხე საქმე, თითქოს, სასამართლოს მიაყენა შეურაცხყოფა. თუმცა, ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნება საქმეში, რადგან ამ სასამართლო სხდომებს ვესწრებოდი, იქ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დამატებით სასამართლო სხდომებზე გამოჩნდება“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.