რეზონანსი
30.07.2026

 ახლად შექმნილი ჯგუფის ინიციატივა სახელმწიფოს ფუნდამენტურ საკითხებსა და ეროვნულ ფასეულობებს ეხება. მათი განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, არა თვითინიციატივებით, არამედ კონკრეტული საკანონმდებლო ნორმებით უნდა მოხდეს. ეროვნული ფასეულობების კანონისა და სამართლის გზით დაცვა კი საზოგადოებრივი თანხმობის და სამოქალაქო მშვიდობის გარანტი იქნება. საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი კონსულტაციებს სპეციალისტებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და პარლამენტთან გამართავს.

ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრების მიმართვის მთავარი ადრესატები კანონმდებლები არიან. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში იდეას იწონებენ. "ხალხის ძალაში" ამბობენ,რომ ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობის მქონე საკითხებზე 2022 წლიდან საუბრობენ. ახალ საკანონმდებლო წინადადებასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ინიციატივების წარდგენამდე საინიციატივო ჯგუფის წევრები კონსულტაციების პროცესში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრასაც ითხოვენ. არჩილ გორდულაძე მსჯელობისთვის მზადაა.

საკანონმდებლო ინიციატივები სხვა სახელმწიფოებში უკვე აპრობირებული და მოქმედი საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად უნდა მომზადდეს. დღეს ბრიტანული ანალოგის იდეაც გაჟღერდა.

საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლების განცხადებით, მათი ინტერესია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება, რომელიც ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების კანონით დაცვას.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას სექტემბერში განაახლებს. სექტემბრამდე დარჩენილ დროს კი საინიციატივო ჯგუფის წევრები იურისტებთან, სამართლის სპეციალისტებთან, კანონმდებლებთან და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციებისთვის გამოიყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×