
მთავრობაში მორიგი საკადრო გადაადგილება კვლავ პოლიტიკურ კითხვებს აჩენს. სამი თვის წინ სპეციალურად შექმნილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი უქმდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება. მმართველი გუნდი ცვლილებებს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობითა და რეგიონული პოლიტიკის გაძლიერების საჭიროებით ხსნის, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ საქმე ძალოვანი სტრუქტურებიდან მდინარაძის ჩამოშორებას ეხება და რომ ეს შესაძლოა უფრო ფართო საკადრო ცვლილებების დასაწყისი იყოს.
არსებული ცვლილებების შესახებ საზოგადოებამ მოულოდნელად პრემიერ ირაკლი კობახიძის სპეციალური ბრიფინგიდან გაიგო. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ცვლილებებამდე ერთი დღით ადრე, 28 ივლისს, კულტურის მინისტრის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა თინათინ რუხაძემ. ოფიციალურ მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებები მმართველობის ეფექტიანობის გაზრდას უკავშირდება. მათი შეფასებით, მამუკა მდინარაძის ახალი თანამდებობა მის მიმართ ნდობის გამოხატულებაა, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულების გაუქმება იმაზე მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე ასეთი მექანიზმის საჭიროება აღარ არსებობს.
ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ საკადრო გადაადგილებები ხელისუფლების შიგნით გავლენების გადანაწილების შედეგია. მათი შეფასებით, მდინარაძის ძალოვანი სტრუქტურებიდან გადაყვანა შესაძლოა მის მიმართ უნდობლობაზე მიუთითებდეს, ხოლო ცვლილებები „ოცნებაში" მიმდინარე შიდა პროცესებს უკავშირდება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „შესაძლოა მალე სხვა სამთავრობო ცვლილებებიც ვიხილოთ". ენმ-ში კი მდინარაძეს სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სცენარს უწინასწარმეტყველებენ.
„როგორც ქართულ რეალობაში აღმოჩნდება ხოლმე, ნივთს სახლში ადგილი თუ არ მოეძებნება, სოფელში რომ გაგზავნიან, ასე გაგზავნეს მდინარაძე „სოფელში", რომელსაც ვერანაირი დანიშნულება ვერ მოეძებნა", - აცხადებს „ლელო ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე. მისი თქმით, მდინარაძეს „ადგილი არსად მოიძებნა".
რა იცვლება მთავრობაში
სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს სპეციალური ბრიფინგით ამცნო საზოგადოებას. იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.
სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხოლო მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება.
მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტზე რჩება. თუმცა უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
ახალი სამინისტროს შექმნა-გაუქმებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. სპრემიერმა საქართველოს პარლამენტს სთხოვა, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში, სექტემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ.
„მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია", - განაცხადა კობახიძემ.
მამუკა მდინარაძე: „რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო."
თავად მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ძველი პოზიციიდან თავაწეული მიდის.
„რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო. რეგიონები ჩვენს გუნდში განსაკუთრებული პრიორიტეტია", - განაცხადა მდინარაძემ.
2026 წლის აპრილში მთავრობამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა შექმნა, რომელიც მამუკა მდინარაძემ დაიკავა. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების საჭიროებით ხსნიდა, თუმცა, "ოცნების" ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ თანამდებობა კონკრეტული პირისთვის შეიქმნა.
რატომ უქმნიან ახალ-ახალ თანამდებობებს მდინარაძეს
როგორც ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ახალ-ახალი თანამდებობები მდინარაძისთვის იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის „ეფექტიანი მენეჯერია" და გარკვეულ დროს გარკვეულ სეგმენტში საჭირო ხდება.
„მდინარაძემ კონკრეტული მოქმედებით თავი აჩვენა, როგორც ეფექტიანმა მენეჯერმაც, პოლიტიკოსმაც, პლუს ამას ადამიანმა, რომელსაც დამაჯერებელი სატელევიზიო გამოსვლა შეუძლია, რაც სადღეისოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ესაა ძირითადი მიზეზი. ესე იგი, რაღაც სეგმენტებია იმ მომენტში გარკვეულ სფეროებში მოსაგვარებელი და შესაბამისად, იქ ინიშნება და თავის ფუნქციას ასრულებს", - განაცხადა მამრაძემ.
- პეტრე მამრაძე: „მდინარაძემ კონკრეტული მოქმედებით თავი აჩვენა, როგორც ეფექტიანმა მენეჯერმაც, პოლიტიკოსმაც, პლუს ამას ადამიანმა, რომელსაც დამაჯერებელი სატელევიზიო გამოსვლა შეუძლია, რაც სადღეისოდ ძალიან მნიშვნელოვანია".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მდინარაძის ხელისუფლებიდან გაშვების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„როგორც ჩანს, ისეთი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ, რომ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვონ. მარტო კობახიძე რომ ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს, არც ძალოვანი სტრუქტურების კონტროლს მოაშორებდა და არც ახალი სამინისტროების შექმნა დასჭირდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ჯერჯერობით მთლად სანდო პერსონა არაა და გარკვეული კომპრომისები მიდის", - განაცხადა ძაბირაძემ.
რატომ ჩამოაცილეს მდინარაძე ძალოვნებს
პეტრე მამრაძის თქმით, სავარაუდოდ, მდინარაძემ ძალოვან სტრუქტურებს შრის კოორდინაციაში არსებული პრობლემები მოაგვარა და ის უბრალოდ ახალ თანამდებობაზე გადაიყვანეს.
„პრემიერ-მინისტრმა თქვა - იმის საფუძველი არაა, რომ ეჭვი შევიტანოთ. მოწმე ვარ, 90-იან წლებში ძალოვნების კოორდინაცია რაოდენ საჭირო იყო. მაშინ ნუგზარ საჯაია უშიშროების საბჭოში მდივანი იყო და ის ამას აკეთებდა ჯერ კიდევ საბჭოური წყობის დროს. ეტყობა ახლაც რაღაც ისეთი პერიოდი იყო, როცა ეს საჭიროება დადგა. როგორც ჩანს, ეს პრობლემა მოიხსნა და ახლა ახალ თანამდებობას დაიკავებს".
კითხვაზე, რამდენად საკმარისია 3 თქვე ასეთი ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად, მამრაძემ გვიპასუხა:
„როცა ინსტიტუტები უკვე ჩამოყალიბებულია და საუბარია იმაზე, რომ ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა დაამყარონ მყარი კავშირები და რეგულარულად ინფორმაციები გაცვალონ, შესაძლებელია საკმარისი იყოს, ჩემში ეს ეჭვებს არ ბადებს. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში უშიშროების საბჭოს მსგავსი ორგანო ურიგო არ იქნებოდა, რადგან რეგიონში გამოწვევები დიდია.
„რაც შეეხება რეგიონალურ პოლიტიკას, მთავრობისთვის ეს პრიორიტეტი უნდა იყოს და არის კიდეც. თბილისი კარგა ხანია ნამდვილი თავკომბალა გახდა - საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს. ზოგიერთი ექსპერტი ამბობდა, რომ ერთი დიდი პოლისი გაქვთ და გარშემო ბაღებიო და ეს არ ვარგა. ცენტრია ბათუმიც, მუშაობს ფოთი და სხვა, მაგრამ დეცენტრალიზაცია და რეგიონებში მეტი განვითარებაა საჭირო", - განაცხადა მამრაძემ.
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ მდინარაძე ძალოვნებს ჩამოაშორეს უნდობლობის, ან შიდა პროცესების გამო.
„სამინისტრო, რომელსაც თითქოს მთელი ძალოვანი სისტემის კოორდინაცია უნდა გაეწია, ფაქტიურად ვერც შეიქმნა, ისე გააუქმეს და ჰაერში დარჩა გამოკიდებული. რა თქმა უნდა, ჩამოაშორეს ძალოვნებს, მიზეზი შეიძლება უნდობლობა ყოფილიყო, ან ძალაუფლების შიდა გადანაწილება. იყო პერიოდი, როდესაც ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ძალოვან სტრუქტურებს მთლიანად თითქოს კობახიძე აკონტროლებდა. ამან დიდხანს არ გასტანა და მივიღეთ ახალი ვითარება, როდესაც კობახიძე უკვე ვეღარ აკონტროლებს და მამუკა მდინარაძე, რომელიც ფორმალურად კოორდინაციას უწევდა, ეგეც ჩამოიშორეს. დღესდღეობით ძალოვან სტრუქტურებს, როგორც ყველა აქამდე არსებულ შემთხვევაში, კვლავ ივანიშვილი და მისი ხალხი აკონტროლებს", - განაცხადა ძაბირაძემ.
რაზე მიუთითებს სამთავრობო გადაადგილებები
პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ გადაადგილებების მიზეზი ეფექტიანობის ძებნაა, რადგან ხელისუფლება ფაქტიურად საგანგებო რეჟიმშია.
„ვფიქრობ, ამის ერთადერთი მიზეზი მეტი ეფექტიანობის ძებნაა. ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ რუტინულ მდგომარეობაში - მმართველ პარტიას, ეროვნული ინტერესების გამტარებელი ოპოზიციის ნაცვლად, საკმაოდ ძლიერი ანტიეროვნული დაჯგუფებები ჰყავს - კარგად დაფინანსებულები არიან, საკმაოდ ძლიერი ლობირებით და პატრონებითაც დასავლეთში. ასევე აქვთ მძლავრი ტელევიზიები, სოციალური ქსელები, ეს კი დიდი ძალაა. მათ შეუძლიათ ან თვითონ შექმნან ნებისმიერი ინციდენტი, ან მერე ააგორონ პროვოკაცია, რაც ახლახანს კახეთში მოხდა. აი, ეს მთავრობისაგან საგანგებო რეჟიმში მუშაობას ითხოვს", - განაცხადა მამრაძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ყველაფერი იმ კალაპოტში დაბრუნდა, როგორიც კობახიძის დანიშვნამდე იყო. კობახიძე გარკვეული დროით აღზევდა, მაგრამ ახლა მისი ჩამოლაბორანტება იწყება".
ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ სამთავრობო ცვლილებები „ოცნების" შიდა პარტიული პროცესების შედეგია.
„ივანიშვილიც ცდილობს ხელისუფლებაში რამდენიმე ბანაკი შექმნას. ერთი - ძალოვანი სტრუქტურები, რომელსაც, როგორც ჩანს, ივანიშვილი აკონტროლებს. დანარჩენია ეკონომიკური და საგარეო გუნდი - საგარეო მთლად კობახიძის არაა, მაგრამ შეიძლება რამე გავლენა ჰქონდეს. ალბათ საგარეო ურთიერთობებს და ძალოვან სტრუქტურებს ძირითადად მაინც ივანიშვილი აკონტროლებს და კობახიძეს აძლევს საშუალებას, რომ მთავრობის დანარჩენი ნაწილი გააკონტროლოს, ან თავისი ხალხი დანიშნოს.
„ჩვენნაირ ქვეყანაში ძირითადი მაინც ძალოვანი სტრუქტურებია და თუ ამას ივანიშვილი აკონტროლებს, ეს ნიშნავს, რომ ის აკონტროლებს მთლიანად ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს და არა კობახიძე. ყველაფერი იმ კალაპოტში დაბრუნდა, როგორიც კობახიძის დანიშვნამდე იყო. კობახიძე გარკვეული დროით აღზევდა, მაგრამ ახლა მისი ჩამოლაბორანტება იწყება",- განაცხადა ძაბირაძემ.