ნატალია ჯვარიძე
29.07.2026

ვლადიმერ პუტინმა ომში ინიციატივა დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქსნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ტექნოლოგიებმა ბრძოლის ველზე დინამიკა შეცვალა.

„ომის დაწყების შემდეგ, როდესაც პუტინმა თქვა, რომ ჩვენს ოკუპაციას ორ ან სამ დღეში მოახდენდა, ჩვენ უზარმაზარი სამხედრო-ტექნოლოგიური ინდუსტრია ავაშენეთ. 500 კომპანია გვყავს ძალიან ძლიერი ტექნოლოგიებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომი ინოვაციების შეჯიბრებად იქცა და სტრატეგია მუდმივად იცვლება, რადგან დრონები სწრაფად ძველდება, თუ მათ ადაპტირებას არ მოახდენ.

„ჩვენ გვესმის, რომ ომი ყოველ სამ, ექვს თვეში იცვლება. ჩვენ ტექნოლოგიები უნდა შევცვალოთ. ჩვენ პუტინზე სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინს მეტი ხალხი ჰყავს.

ჩვენი ხალხის გადასარჩენად უფრო მეტი ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ. პუტინი თვეში 30 000 ჯარისკაცს კარგავს. დანაკარგები ძალიან ბევრია, მაგრამ მას არ სურს ამ ომის დასრულება. ამიტომ, ახლა ინიციატივა პუტინის ხელში არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ.

ანალიტიკოსები სრულად ეთანხმებიან ზელენსკის იმ შეფასებაში, რომ უკრაინის ომი მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ რბოლად იქცა. დრონების, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და მართვადი ჭურვების ეფექტურობა მართლაც რამდენიმე თვეში იცვლება.

რუსეთიც და უკრაინაც მუდმივად ცვლიან სიხშირეებსა და ალგორითმებს. მათი შეფასებით, უკრაინის კერძო სექტორმა და სტარტაპებმა (500-ზე მეტმა კომპანიამ) შეძლეს წარმოების მოქნილი, დეცენტრალიზებული ქსელის შექმნა, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად დანერგონ სიახლეები, ვიდრე რუსეთის შედარებით ბიუროკრატიულმა და მძიმე სახელმწიფო-სამხედრო მანქანამ.

ექსპერტები ეთანხმებიან იდეას, რომ პუტინმა სტრატეგიულად დაკარგა ინიციატივა - მას აღარ შეუძლია უკრაინის სახელმწიფოებრიობის სწრაფი განადგურება, კიევის აღება ან უკრაინის სრული კაპიტულაცია, რაც ომის თავდაპირველი მიზანი იყო. ამავდროულად, სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ცალკეულ სექტორებზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ტაქტიკურ ინიციატივას, სადაც ცდილობს მცირე ნაბიჯებით წინსვლას რესურსებისა და ცოცხალი ძალის მასობრივი ხარჯვის ხარჯზე. ექსპერტების შეფასებით, ზელენსკის დასახელებული ციფრები ახლოს არის დასავლური დაზვერვების (დიდი ბრიტანეთი, აშშ) მონაცემებთან. მათი თქმით, რუსეთი ცდილობს ტექნოლოგიური ხარვეზები და შეცდომები ცოცხალი ძალის მასით დაფაროს. უკრაინისთვის ტექნოლოგიები -დრონები, დისტანციური დანაღმვა, ავტომატიზებული მართვის სისტემები პირდაპირ უკავშირდება ადამიანური რესურსის დაზოგვას, რადგან უკრაინას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დემოგრაფიულად შეებრძოლოს რუსეთს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×