
ამჟამად ვითარება საკმაოდ სერიოზულია - რუსეთის წინააღმდეგ პრაქტიკულად მთელი დასავლური სამყარო გაერთიანდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ახლა, როდესაც ისინი (დასავლეთის წარმომადგენლები) კვლავ საუბრობენ „სტრატეგიულ დამარცხებაზე" და აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს იმ რელოკანტებს, რომლებიც ევროპაში სხვადასხვა ანტირუსულ ორგანიზაციას ქმნიან და თანხებს აგროვებენ რუსეთის ფედერაციის დაშლის მიზნით იატაკქვეშა ბრძოლის გასაგრძელებლად, ამას უკვე საერთოდ აღარ მალავენ", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის ცენტრალური ტელეარხები აჩვენებენ ყველაფერს, რასაც დასავლეთი გეგმავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ ნახოს, რათა გაიგონ, რამდენად სერიოზულია ვითარება. „პრეზიდენტიც არ მალავს ამას. ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდა მთელი ე.წ. „ცივილიზებული" სამყარო, როგორც ამას საკუთარ თავს უწოდებენ", - აღნიშნა ლავროვმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ რუსეთი თავის მართლების რეჟიმშია გადასული. ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ვერ აღწევს წარმატებას ომში და სურს პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის წინაშე თავი იმართლოს, რომ აი, რუსეთს მთელი დასავლეთი ებრძვის.
უკრაინა კი არ ებრძვის მარტო, არამედ პირველ რიგში დასავლეთი და ამიტომაც არის ის მძიმე ვითარება, რომელიც ახლა რუსეთში არსებობს.
სხვათა შორის, როცა 2008 წელს რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მაშინაც რუსეთი ცდილობდა აეხსნა საკუთარი მოსახლეობისთვის, რომ ის კი არ ებრძოდა პატარა საქართველოს, არამედ საქართველოს უკან დასავლეთი იდგა, ამიტომ მან საკადრისი პასუხი გასცა.
დაახლოებით ეხლაც თავის მართლების რეჟიმშია ლავროვი. ხედავს, რომ რუსეთი წარმატებას ომში ვერ აღწევს, ხოდა ნუ ამის მიზეზი ახლა უკრაინა კი არ არის, არამედ მთელი დასავლეთის გაერთიანება, ის კი მარტოა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".