
იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე IV ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება იწყება, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, დედაქალაქის მერიას კორპუსის მცხოვრებლებმა დეველოპერთან ერთად მიმართეს.
„ჩვენ მოგვმართა იოსებიძის ქუჩის N71-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ დეველოპერთან ერთად და ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება ითხოვა. ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას, რომელიც, რა თქმა უნდა, საშიშია იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და საჭიროა მისი სრული დემონტაჟი. ამ კორპუსში ცხოვრობს 45 ოჯახი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავატაროთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები და დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიყვანა და მათი ჩართულობით მოხდა ჩვენთან კომუნიკაცია, დავეხმარებით. მოხდება 5-სართულიანი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდება, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ მათი კუთვნილი გარემონტებული ფართები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
„დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ავარიული საცხოვრებელი კორპუსები. შესაბამისად, მოსახლეობას დავპირდით, რომ წარვუდგენდით პროგრამას, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად მოხდება ამ ტიპის საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით და უკვე რამდენიმე წელია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის წარგვედგინა პროგრამა, რომელიც მოგვცემდა აღნიშნული პრობლემის ეტაპობრივად მოგვარების საშუალებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა. კერძოდ, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე; შეიქმნა ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს.
„ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ ბიზნესს (დეველოპერებს) ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პრეფერენცია ჰქონდეთ, ეს შეიძლება იყოს K2 კოეფიციენტის მატება, რათა მათი ჩართულობითაც მოვახერხოთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. წელს დავამატეთ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაც, რაც ითვალისწინებს მესაკუთრეებზე რეგისტრირებული თითქმის ყველა ფართის გამოსყიდვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასით. აქაც, რასაკვირველია, საჭიროა მესაკუთრეების სრული თანხმობა. ამ პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. თავიდან იყო გარკვეული პრობლემები, მოსახლეობა არ აქტიურობდა, თუმცა ბოლო თვეებში საკმაოდ მაღალია აქტიურობა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაეხმარება.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, იაქტიურეთ და მუნიციპალიტეტი ყველანაირად გვერდში დაგიდგებათ. არსებობს გარკვეული გამოწვევებიც - კონკრეტულ მისამართებზე არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ გადამეტებულ ფართებს, რისი შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნია, კანონი გვზღუდავს, მაგრამ ის ფართები, რომლებიც თქვენზეა რეგისტრირებული, პირობას გაძლევთ, გადმოგეცემათ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში სრულად მოწესრიგებულ მდგომარეობაში. გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.