
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ქართველიშვილი პარალელს ავლებს ქართველი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან და აცხადებს, რომ თუ საელჩო ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოთქვამს „შეშფოთებას“, მაშინ შეფასებისას სწორედ ამერიკული გამოცდილებითა და თანაბარი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.
ქართველიშვილის თქმით, შეერთებულ შტატებში მოქალაქეთა უფლება, მშვიდობიანად გაერთიანდნენ რელიგიური, პატრიოტული, ოჯახური და ზნეობრივი პრინციპების გარშემო, სიტყვის, შეკრების, აღმსარებლობისა და გაერთიანების თავისუფლების ნაწილია.
„საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამომივიდა, მაგრამ მისი მოცულობა აშშ-ს საელჩოს ბრალია, რომელმაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას - "შემაშფოთებელი" უწოდა "კაია კალასის" საუკეთესო ტრადიციებში. არ გამოვრიცხავ, რომ საელჩოს მორიგ სამიზნეში - ჩვენი სპორტსმენის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული ორგანიზაცია მოხვდეს, ამიტომ პრევენციის მიზნით - საელჩოს მორიგი სავარაუდო "შეშფოთებას" მინდა დავასწრო და პატარა ისტორიის გაკვეთილი ჩავუტარო მათ საკუთარ სახელმწიფოზე.
თავად შეერთებულ შტატებში მოქალაქეთა უფლება, მშვიდობიანად გაერთიანდნენ რელიგიური, პატრიოტული, ოჯახური და ზნეობრივი პრინციპების გარშემო, განიხილება როგორც სიტყვის, შეკრების, აღმსარებლობისა და გაერთიანების თავისუფლების ნაწილი, რომელსაც კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს. შეზღუდვები წარმოიშობა არა „არასწორი“ ღირებულებათა სისტემის დაცვის გამო, არამედ დადასტურებული ძალადობის, მუქარის, უკანონო საქმიანობის ან სხვა ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
ყველაზე თვალსაჩინო ამერიკული პრეცედენტია - საბრძოლო ხელოვნების ოსტატ ჩაკ ნორისის მიერ შექმნილი ორგანიზაცია Kickstart Kids, რომელსაც თავდაპირველად Kick Drugs Out of America ეწოდებოდა. იგი ტეხასში 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და საჯარო სკოლებში კარატეს სწავლების გზით მოზარდებში დისციპლინის, პასუხისმგებლობის, გარშემომყოფთა პატივისცემის, თვითკონტროლის, ზნეობრივი სიმტკიცისა და დანაშაულებრივი ქცევისგან თავის შეკავების განვითარება დაიწყო.
საუბარია არა პარტიაზე და არა შეიარაღებულ სტრუქტურაზე, არამედ სწორედ საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობაზე, რომელიც ცნობილი სპორტსმენის ავტორიტეტს ახალგაზრდულ გარემოში ატმოსფეროს გასაჯანსაღებლად იყენებს. ათწლეულების განმავლობაში პროგრამა ათიათასობით ბავშვმა გაიარა, ხოლო თავად იდეა - ახალგაზრდისთვის შინაგანი ზღვარის, მასწავლებლის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების პატივისცემის დაბრუნება - პრაქტიკულად ემთხვევა გიორგი ქართველიშვილის მიერ გაცხადებულ მიზანს, ქართულ ქუჩებში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ქცევა აღდგეს. შეერთებულ შტატებში ასეთი საქმიანობა დემოკრატიის საფრთხედ არ გამოუცხადებიათ; პირიქით, მას სასკოლო სისტემაში მუშაობის შესაძლებლობა მიეცა და საზოგადოებრივი მსახურების აღიარებულ ფორმად იქცა.
სპორტის, რწმენის, ოჯახის და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შერწყმის კიდევ უფრო ახლო მაგალითია - MMA-ს ყოფილი პროფესიონალი მებრძოლი და საზღვაო ქვეითი ძალების ვეტერანი ჩად რობიშო. მან დააარსა Mighty Oaks Foundation - მსხვილი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს იმ პროგრამებით ეხმარება, რომლებიც პირდაპირ არის განსაზღვრული, როგორც რწმენაზე დაფუძნებული. მისი ფილოსოფიის ცენტრში დგას სულიერი აღდგენა, პირადი პასუხისმგებლობა, ძმობა, მსახურება, ოჯახის შენარჩუნება და ადამიანისათვის ცხოვრებისეული მიზნის დაბრუნება. ამგვარად, ამერიკელმა ყოფილმა მებრძოლმა სრულიად ღიად შექმნა ორგანიზაცია, რომლის ღირებულებითი საფუძველი იდეოლოგიური ნეიტრალიტეტის ნიღბით არ არის დაფარული: ის რელიგიურად ორიენტირებულია და მოვალეობის, სიმამაცის, ქორწინებისა და ურთიერთდახმარების ტრადიციულ გაგებას ეყრდნობა. ორგანიზაცია საჯაროდ მოქმედებს, თანამშრომლობს სამხედრო და ვეტერანთა საზოგადოებებთან და ანტიდემოკრატიულად მხოლოდ იმის გამო არ მიიჩნევა, რომ რწმენისა და ტრადიციული ზნეობის ენით საუბრობს.
კრივის სამყაროდან კლასიკურ მაგალითად ჯორჯ ფორმანი რჩება. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ იგი ქრისტიანი მქადაგებელი გახდა, დააარსა ეკლესია, ხოლო 1984 წელს ჰიუსტონში სოციალურად დაუცველი რაიონების ბავშვებისა და მოზარდებისთვის George Foreman Youth and Community Center გახსნა. ცენტრი მის რელიგიურ მსახურებასთან იყო დაკავშირებული და სპორტის, განათლების, მენტორობის, რწმენისა და პირადი დისციპლინის საშუალებით ახალგაზრდების ქუჩის დანაშაულისგან დაცვას ისახავდა მიზნად. ფორმანი ერთჯერადი შემოწირულობებით არ შემოფარგლულა: მან შექმნა მდგრადი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, რომელიც სწორედ იმ მცნებებზე იყო აგებული, რომელთაც ჩვეულებრივ ტრადიციულ ღირებულებებს უწოდებენ - ღმერთზე, ოჯახზე, შრომაზე, საკუთარი ღირსების პატივისცემაზე, უფროსების პასუხისმგებლობაზე უმცროსთა წინაშე და თემის შიგნით მშვიდობიან წესრიგზე. მისი მაგალითი განსაკუთრებით საგულისხმოა: ყოფილი ჩემპიონი სახელმწიფოს რელიგიის ძალით თავს მოხვევისკენ არ მოუწოდებდა, მაგრამ სრულიად კანონიერად მიაჩნდა საკუთარი ცნობადობის, ფინანსური შესაძლებლობებისა და მორალური ავტორიტეტის გამოყენება ახალგაზრდების ქრისტიანულ ეთიკასთან და საზოგადოებრივი წესების პატივისცემასთან დასაბრუნებლად.
ამერიკულ სინამდვილეში ცნობილია მებრძოლთა მიერ შექმნილი ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც ღირსებისა და დემოკრატიული უფლებების უფრო უნივერსალურ ენას ეფუძნება. UFC-სა და Bellator-ის ყოფილმა მებრძოლმა ჯასტინ რენმა შექმნა Fight for the Forgotten - რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მარგინალიზებული თემების ღირსებას, მიწის უფლებებს, განათლებასა და უსაფრთხოებას იცავს.
ლეგენდარული მუჰამედ ალის მემკვიდრეობა ინსტიტუციონალიზებულია Muhammad Ali Center-ში, რომელიც საკუთარ პროგრამებს სულიერებაზე, რწმენაზე, პატივისცემაზე, გულუხვობაზე, თავდაჯერებულობასა და სამოქალაქო სამართლიანობაზე აგებს. ეს მაგალითები მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს: შეერთებულ შტატებში სპორტსმენს უფლება აქვს საზოგადოებრივი ორგანიზაცია როგორც პროგრესული უფლებადამცველი დღის წესრიგის, ისე რწმენის, ოჯახის, პატრიოტიზმისა და ტრადიციული ზნეობის გარშემო შექმნას. დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ ერთი იდეოლოგიური მხარისთვის მონოპოლიის მინიჭებას; იგი გულისხმობს სხვადასხვა მშვიდობიანი ჯგუფის თანაბარ უფლებას, ღირსეული ცხოვრების შესახებ საკუთარი წარმოდგენები დაიცვან.
ამიტომ გიორგი ქართველიშვილის მოძრაობის შემთხვევაში გადამწყვეტი კითხვა ასე არ უნდა ჟღერდეს: „რამდენად ტრადიციულია მისი ღირებულებები და მოსწონს თუ არა ისინი უცხოეთის საელჩოს?“. კითხვა უნდა დაისვას სხვაგვარად: იცავს თუ არა ორგანიზაცია კანონს, უარყოფს თუ არა თვითნებურ ანგარიშსწორებას, მოქმედებს თუ არა მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და ნებაყოფლობით, პატივს სცემს თუ არა იმ ადამიანთა ღირსებას, რომლებიც მის შეხედულებებს არ იზიარებენ. თუკი მოძრაობა მართლაც აცხადებს, რომ მისი მიზანია ქუჩის ძალადობის აღკვეთა, ოჯახის გაძლიერება, ეკლესიის, რელიგიის, უფროსებისა და ისტორიული კულტურის პატივისცემა - და თავად არ მიმართავს დაშინებას ან ძალადობას - მაშინ იგი თავსდება არა მხოლოდ ქართულ ტრადიციაში, არამედ სამოქალაქო საზოგადოების კლასიკურ ამერიკულ მოდელშიც. ასეთი ორგანიზაციის მხოლოდ მისი კონსერვატიული შინაარსის გამო დაგმობა ნიშნავს საქართველოს მიმართ ისეთი სტანდარტის გამოყენებას, რომელსაც შეერთებული შტატები საკუთარი საზოგადოებრივი ინიციატივების მიმართ არ იყენებს.
ამიტომ მივმართავ "შეშფოთებულ" საელჩოს - დაიცვას ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის უფლებები, სწორედ რომ ამერიკულ პრეცედენტებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით კი მისი ოჯახის წევრების, მათ შორის მისი მეუღლის - ჟურნალისტი ჟანა აკოფაშვილის უფლებები, რომლებიც რადიკალების მხრიდან უკვე აღმოჩნდნენ ბულინგისა და მუქარების ეპიცენტრში. იმედია, რომ თქვენი "შეშფოთება" არ ატარებს შერჩევით ხასიათს და საელჩოს ბოლოდროინდელ წარმატებულ საქმიანობას არ აბრუნებს "დეგნან-დანიგანის" სამარცხვინო ეპოქაში. - წერს ქართველიშვილი.