თამთა ჩაჩანიძე
27.07.2026

კასპიის ზღვაში ირანულ გემებზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თეირანი კიევს ემუქრება, საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მომხდარი უპასუხოდ არ დარჩება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ საკითხი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც განიხილა.

თავის მხრივ, უკრაინა აცხადებს, რომ დაარტყა გემებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ, რისი საშუალებითაც მოსკოვი შემდეგ კიევს ურტყამს. ხოლო ირანი ამტკიცებს, რომ სამიზნე კომერციული გემი იყო, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა და სამი დაშავდა.

საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ ინციდენტი უკიდურესად გაამწვავებს თეირანსა და კიევს შორის ურთიერთობას და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციას შეიწყობს ხელს.

ჩაერთვება თუ არა უკრაინა აშშ-ირანის კონფლიქტში

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინა ამ მოქმედებით ირან-სირაელ-აშშ-ს ომში ფაქტიურად ჩაერთო, ირანს კი პასუხი აუცილებლად ექნება.

"უკრაინა ამ თავის მოქმედებით ომში უკვე ჩაერთო. ირანის რეჟიმი იმ თვისებისა და ბუნებისაა, რომ ამას უსათუოდ უპასუხებს. თუმცა, როგორი იქნება პასუხი, რისი ძალა აქვს და როგორ მოიგერიებს ამჟამად უკრაინის საბრძოლო ძალები ამ დარტყმას, სხვა საქმეა, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ირანის პასუხი იქნება.

  • პეტრე მამრაძე: "უკრაინა ამ თავის მოქმედებით ომში უკვე ჩაერთო. ირანის რეჟიმი იმ თვისებისა და ბუნებისაა, რომ ამას უსათუოდ უპასუხებს"

"ზელენსკის უნდა, რომ რაც შეიძლება მეტად მოიგოს ტრამპის გული, აჩვენოს, რომ აი ბოლომდე შენთან ვიქნები, შენი უერთგულესი მოკავშირე ვარ და ა.შ. ტრამპი ხომ ბევრ ქვეყანას ემდურის, რომ ირანთან დაკავშირებით არ დამეხმარეთო, ზელენსკი კი აჩვენებს, რომ აგერ მე ვარ. ტრამპისგან მას სულ სჭირდება სამხედრო დახმარება, რისი საშუალებითაც ხდება შორ მანძილზე ზუსტი დამიზნება და მოქმედება. ასევე ტრამპისგან ბევრი სხვა რამ სჭირდება, ამიტომ, აი ამისთვის იმოქმედა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით უკრაინას მიადგა კიდევ ერთი დიდი საფრთხე",- განაცხადა მამრაძემ.

მხარეთა პოზიციები

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კასპიის ზღვაში ქვეყნის კუთვნილ გემებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს ირანის მიმართ „უკრაინული რეჟიმის ირაციონალური და მტრული მიდგომის გაგრძელების ნიშანია".

„უკრაინული რეჟიმის ხელმძღვანელის ავანტიურისტობის შედეგად გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს, მის მხარდამჭერებსა და წამქეზებლებს დაეკისრებათ", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თავდასხმას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც და განაცხადა, რომ საკითხი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან განიხილა.

„ზელენსკი ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა. ეს გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა, რომელიც ისრაელის დავალებით განხორციელდა ევროპის ომში ჩართვის მიზნით. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ნათლად განვაცხადე, რომ ის, რაც კიევში მყოფმა მუქთახორამ ჩაიდინა უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს", - აღნიშნა არაღჩიმ.

უკრაინამ შაბათს განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში იმ გემებს დაარტყა, რომლებსაც ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. „უკრაინამ კასპიის ზღვაში შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებით ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია. კერძოდ, ეს მოიცავს გემებს, რომლებიც ირანიდან სამხედრო ტვირთის გადატანაში მონაწილეობდნენ, ასევე სამხედრო გემს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ირანული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გემზე მყოფი ეკიპაჟის სამი წევრი დაშავდა და ერთი მეზღვაური დაიღუპა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისიც განაცხადა, რომ რუსეთი თეირანს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით სატელიტურ მონაცემებს აწვდის, რათა ირანმა რეგიონში პირდაპირი იერიშების მიტანა შეძლოს.

"ივლისიდან მოყოლებული ჩვენ გამოვავლინეთ ყურის სახელმწიფოებსა და იქ მდებარე აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე აქტიური რუსული სატელიტური დაზვერვა. შემდგომში ეს სურათები ირანში ჩნდება." - დაწერა ზელენსკიმ იქს-ზე.

ზელენსკის თქმით, ის უკრაინის დაზვერვას "ირანის რეჟიმისადმი რუსეთის მიერ გაწეული ახალი დახმარების შესახებ" ინფორმაციის პარტნიორებისთვის გაზიარებას დაავალებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×