ნატალია ჯვარიძე
27.07.2026

რუსი მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ „ვაილდბერიზის" გაკოტრებამ შესაძლოა რუსეთის საბანკო სისტემა მთლიანად გაანადგუროს. მისი თქმით, საფრთხის მიზეზი კომპანიის უზარმაზარი, მრავალმილიარდიანი დავალიანებაა, რამაც შესაძლოა სისტემური კრიზისი გამოიწვიოს.

ანალიტიკოსების აზრით, ოლეგ დერიპასკას განცხადება უფრო მეტად განგაშის ზარია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და საბანკო სექტორისთვის, ვიდრე იმის პროგნოზი, რომ „ვაილდბერიზი" ხვალ დაიხურება. დერიპასკა ხაზს უსვამს სისტემურ რისკ - თუ „ვაილდბერიზისნაირ" გიგანტს ვალების გამო პრობლემა შეექმნა, ეს მთელ ეკონომიკას წაიყვანს უფსკრულისკენ.

ეკონომისტები, ბიზნეს-ანალიტიკოსები და რუსეთის ეკონომიკის მკვლევრები ამ თემას სამი ძირითადი კუთხით აფასებენ. ერთ-ერთი „საბანკო ნაღმი" და ცენტრალური ბანკის გაფრთხილებაა.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თავის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშებში უკვე ღიად მიუთითა, რომ მსხვილი ტექნოლოგიური და ელექტრონული კომერციის გიგანტების „ვაილდბერიზის" და „ოზონის" ვალები კოლოსალურად გაიზარდა. ფინანსისტების შეფასებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, რაც ინფლაციასთან საბრძოლველად დაწესდა, ამხელა ვალების მომსახურება იმდენად ძვირდება, რომ კომპანიები მთელ თავიანთ მოგებას პროცენტების გადახდას ახმარენ.

რადგან „ვაილდბერიზს" მილიარდობით რუბლის სესხები აქვს აღებული სახელმწიფო ბანკებისგან (მაგალითად, VTB-სგან), ეკონომისტები შიშობენ, რომ თუ მარკეტპლეისს პრობლემა შეექმნა, ის ბანკებსაც გადასცემს ამ დარტყმას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავად „ვაილდბერიზი" შეიძლება სახელმწიფომ გადაარჩინოს, მაგრამ მისი პრობლემები უპირველეს ყოვლისა გამყიდველებს დაარტყამს.

კომპანიამ უკვე დაიწყო საკომისიოების გაზრდა და პირობების გამკაცრება (მაგალითად, ფორსმაჟორულ სიტუაციებში საქონლის დაზიანებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა).

ანალიტიკოსების პროგნოზით, კომპანიის ფინანსური კრიზისი გამოიწვევს მცირე ბიზნესების მასობრივ გაკოტრებას, რომლებსაც ისედაც გაუძვირდათ ლოგისტიკა და საქონლის ტრანსპორტირება.

ბევრი დამოუკიდებელი ეკონომიკური მიმომხილველი, მაგალითად Carnegie-ს ანალიტიკოსები „ვაილდბერიზის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უყურებს როგორც აქტივების გადანაწილების ომს. ამასთან, ექსპერტების თქმით, ეს გაურკვევლობა შიდა მენეჯმენტს პარალიზებას უკეთებს, რაც ფინანსურ რისკებს კიდევ უფრო ზრდის. მოკლედ, ექსპერტები ეთანხმებიან იმას, რომ „ვაილდბერიზის" ირგვლივ შექმნილი სიტუაცია რუსეთის ეკონომიკისთვის „ტკივილის წერტილია". თუმცა, უმეტესობას მიაჩნია, რომ კომპანიას პირდაპირ გაკოტრებამდე არავინ მიიყვანს - მას ან სახელმწიფო გადაარჩენს, ან შიდა რესტრუქტურიზაციით/ახალი მფლობელების ხელში გადასვლით „დაასტაბილურებენ", ხოლო მთელ ფინანსურ სიმძიმეს ჩვეულებრივი გამყიდველები და მომხმარებლები ზურგით ზიდავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×