
შავ და აზოვის ზღვებში ესკალაციის პარალელურად, კრემლს ომის გაყინვისკენ უკვე უახლოესი მოკავშირე, ყაზახეთიც მოუწოდებს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიერ ომსკში გაჟღერებულ ინიციატივაზე მოსკოვის უარი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინი დიპლომატიას კვლავ ფრონტზე მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას ამჯობინებს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას მოუწოდა, უკრაინაში ომი „გაყინოს" და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ტოკაევის თქმით, „სირცხვილია, ახალგაზრდა ხალხი იღუპება".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ამ გზავნილს „რეალისტური, დროული და ბრძნული" უწოდა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოფიციალური კიევი „აფასებს" ყაზახეთის პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც მან ომსკში გამართულ შეხვედრაზე რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის გაყინვა და ე.წ. „სტამბოლი 2.0"-ის ფორმატის აღდგენა შესთავაზა.
"შესაძლოა, დადგა დრო, ეს კონფლიქტი გაიყინოს და სტამბოლის ფორმულა 2.0-ს დავუბრუნდეთ, რადგან თავის დროზე იქ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. ამის შემდეგ კი, დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის გარანტიებით, შევძლებთ ნანატრი მშვიდობისკენ ნაბიჯის გადადგმას", -განუცხადა ტოკაევმა პუტინს შაბათს, ომსკში გამართულ რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმზე.
სოციალურ ქსელ "იქს"-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა წერს: „უკრაინამ წამოაყენა წინადადება, ომი არსებულ ფრონტის ხაზზე შეჩერდეს და მხარეებმა დიპლომატიას მიმართონ, თუმცა, კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ ნათელ გზას კვლავ უარყოფს", დასძინა მან.
ტოკაევმა პუტინს ასევე განუცხადა, რომ ყაზახეთი ყოველთვის პატივს სცემდა უკრაინელ ხალხს, მათ ენასა და კულტურას. მან დასძინა, რომ ამ ომის არსი „ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის". „არავინ იცის, როგორ გადაიჭრას ეს სიტუაცია, რადგან ორსავე მხარეს საკუთარი პოზიცია აქვს. დასანანია, ახალგაზრდა ხალხი იღუპება", - განაცხადა ტოკაევმა, სანამ პუტინი მას უსმენდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ „ევროპიდან და აშშ-იდან რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტთან დაკავშირებით უამრავი სიგნალი მიიღო".
ამავდროულად, ტოკაევმა ხაზი გაუსვა პუტინის, მისივე თქმით, „დიპლომატიურ მოქნილობას" და 2025 წლის აგვისტოში ენქორიჯში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რუსეთის ლიდერის შეხვედრა გაიხსენა. „ვიცი, რომ ენქორიჯის შეხვედრისას მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა გამოავლინეთ", აღნიშნა ტოკაევმა.
პუტინი მას უსმენდა, ბოლოს კი უპასუხა, რომ უკრაინის ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ ტოკაევს საქმის კურსში კვლავ ჩააყენებდა. მოგვიანებით, კრემლმა ტოკაევის წინადადება კონფლიქტის გაყინვის შესახებ უარყო.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: „ტოკაევს უკრაინის საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. მას მკაფიო პოზიცია აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვეთანხმებით, თუმცა ყაზახეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორი და მოკავშირეა".
„ეს ნიშნავს, რომ [კონფლიქტის] გამომწვევი ძირითადი მიზეზების ახსნისას საკმარისად ეფექტიანები არ ვიყავით. ჩვენ ამ პროცესს გაორმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ. ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენი პოზიცია უნდა იცოდნენ", - დასძინა მან.
შაბათს, ომსკში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა მაისში პუტინის ვიზიტი ყაზახეთში, სადაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.
შეხვედრისას ტოკაევმა და პუტინმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის ვაჭრობა, ინვესტიციები, სამრეწველო კოოპერაცია, ტრანსპორტი და სასაზღვრო რეგიონების განვითარება.
პუტინის უცვლელი რიტორიკა იმის ფონზე კი როცა უკრაინა პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს, პარტნიორები კი "ომის გაყინვაზე" საუბრობენ, რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკა კვლავ უცვლელია.
პუტინმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს დაკარგავს, რადგან მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იყო.
„დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს ამ დასავლურ მიწებს - რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, რაც უნგრეთს, რაც რუმინეთს ეკუთვნოდა - ადრე თუ გვიან, არა ხვალ, შეიძლება ზეგ, ერთი, ორი, 10, 15 წელი, მაგრამ ისტორიულად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი არსებობდა - რუსეთი", - განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიას "იოსებ სტალინის საჩუქარი" უწოდა. „ყველაფერთან ერთად, არსებობს დასავლეთ უკრაინის ტერიტორია - იოსებ სტალინის საჩუქარი ომის შემდეგ. სტალინმა ეს მიწები უკრაინას საჩუქრად გადასცა, მაგრამ აჩუქა - ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. როგორც ჩანს, თავშიც არასდროს მოსვლია, რომ შეიძლებოდა დღევანდელი სიტუაცია შექმნილიყო", - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაეროს წესდების საფუძველზე ჩამოყალიბდა და ეს წესდება გამარჯვებულმა ქვეყნებმა - საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს. პუტინმა გაიხსენა იუგოსლავიაში მომხდარი მოვლენებიც. „მათ უბრალოდ ჯინი ბოთლიდან გამოუშვეს. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ, მიხეილ გორბაჩოვს, დაგვპირდნენ, რომ ნატო-ს არ გააფართოებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, ერთ გაფართოებას მეორე მოჰყვებოდა. მათ არ აინტერესებდათ ჩვენი პროტესტი, ყველა მათი დაპირება და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები. ისინი განაგრძობდნენ ზეწოლას, ზეწოლას და საბოლოოდ უკრაინამდე მივიდნენ", - აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მისი მტკიცებით, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. „ასე იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი", - აღნიშნა პუტინმა.
გააქტიურებული იერიშები
რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, გასულ ღამეს რეგიონზე განხორციელებული დრონების შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა (ცოლ-ქმარი) და რვა დაშავდა. უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ ბინას მოხვდა. გარდა ამსია, იური სლიუსარის ცნობით, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტ-ქალაქ ტაგანროგში, სადაც მრავალი ინდუსტრიული ობიექტი და მარცვლეულის ტერმინალი მდებარეობს, საწარმოც დაზიანდა.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა გასულ ღამეს იერიში, როსტოვის ოლქში მდებარე რუსულ საექსპორტო ტერმინალზე, ასევე იაროსლავლისა და უდმურტეთის რეგიონებში არსებულ ნავთობის ობიექტებზე, მიიტანეს. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა და უკრაინამ შავ და აზოვის ზღვებში, ასევე მათ მიმდებარე აკვატორიაში, სამხედრო მოქმედებები მნიშვნელოვნად გაააქტიურეს. გავრცელებული ცნობებით, მხარეებმა იერიში მიიტანეს ათობით გემზე, მათ შორის ნავთობის ტანკერებსა და სატვირთო ხომალდებზე.