თამთა ჩაჩანიძე
27.07.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ევროკავშირში კონსენსუსის წესის შესაძლო გაუქმება მცირე სახელმწიფოებს გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტს წაართმევს და ასეთ პირობებში კავშირის გარეთ დარჩენა მათთვის "შესაძლოა უფრო ხელსაყრელიც" აღმოჩნდეს.

რას ეფუძნება ეს შეფასება და რა გზავნილია პაპუაშვილისგან, ამაზე ანალიტიკოსები "რეზონანსთან" საუბრობენ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული ცვლილების შემთხვევაში მცირე სახელმწიფოები გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტს დაკარგავენ, ევროკავშირში ძალთა ბალანსი დიდი სახელმწიფოების სასარგებლოდ შეიცვლება, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანება უკვე შეცვლილ სისტემაში, შეზღუდული გავლენის პირობებში შესთავაზებენ.

ამ კონტექსტში პაპუაშვილი სვამს კითხვას, თუ რომელ ევროკავშირში და რა უფლებებით სთავაზობენ კანდიდატ ქვეყნებს წევრობას?

რისი თქმა სურს "ოცნებას"

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქრეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" საბაბს ეძებს, რომ ქვეყანამ როგორმე საბოლოოდ ევროკავშირზე უარი თქვას მმართველი პარტიისთვის "უმტკივნეულოდ" და არ მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას ხალხის მასობრივი გამოსვლები.

"როდის იყო "ქართული ოცნება" რეალურად წუხდეს ევროკავშირის კონტექსტში?! უბრალოდ საბაბს ეძებს, მათ არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება. არ ელოდნენ, რომ ომის გამო უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს გაუხსნიდნენ. კობახიძეც ამბობდა, რომ 2030 წლისთვის ვთხოვთო, ამას ელოდებოდნენ და გაწელავდნენ დროს არჩევნებამდე.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "როდის იყო "ქართული ოცნება" რეალურად წუხდეს ევროკავშირის კონტექსტში?! უბრალოდ საბაბს ეძებს, მათ არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება"

"აღმოჩნდა, რომ ომმა ეს ყველაფერი შეცვალა და საქართველოს გაწევრიანების საშუალება მიეცა და იმის შემდეგ სულ ფეხს ითრევენ, არ ასრულებენ პირობებს და ასე შემდეგ. ისე ცუდად იქცევიან, უნდათ, რომ უარი თავად ევროკავშირს ათქმევინონ. მეორეს მხრივ ევროკავშირს თავისი შიდა საკითხები აქვს, თუ გინდათ პრობლემებიც იყოს. ისინი გარკვეულ გამოწვევებს მეტ-ნაკლებად ეფექტურად აგვარებენ - სახელმწიფოთა ასეთი ერთობა, როგორიც ევროკავშირშია, არ არსებობს.

"ევროკავშირი მიხვდა, რომ უნგრეთი ორბანის დროს ბლოკის განვითარებას ძალიან აფერხებდა, ამიტომ ახლა ცდილობს ეს ვარიანტი გამორიცხოს და ისეთი რეგულაციები შექმნან, რომელიც არ შეაფერხებს ევროკავშირის უმრავლესობის ხედვებს და არ დააბლოკინებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და სწორიცაა. ​

"ამას იყენებს ახლა პაპუაშვილი, რათა ქართულ საზოგადოებას ნიადაგი მოუმზადოს, რომ ევროკავშირზე უარი ვთქვათ ასეთი მიზეზების გამო. ნიადაგს ამზადებენ, რათა ქართულ საზოგადოებაში არგუმენტი შექმნან, რომ თითქოს ასეთ ევროკავშირში გაწევრიანებას აზრი არ აქვს. უნდათ, რომ ეს პროცესი უფრო უმტკივნეულო იყოს, რადგან როგორც კი "ქართული ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს იტყვის, ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში ისევ.

"მათ სურთ, რომ რეაქცია მინიმალური იყოს. ხალხი ამით დაღლილი იყოს, ამიტომ ისინი ცდილობენ ასეთი არგუმენტებით საზოგადოება დააჯერონ, რომ ასეთ ევროკავშირში შესვლას აზრი არ აქვს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის პოზიცია სწორია.

"თავად ევროკავშირის დიდი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ყველა დანარჩენი მათ დიქტატს უნდა დაემორჩილოს. აბსოლუტურად სწორ განცხადებას აკეთებს ბატონი შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირი უკვე საბჭოთა კავშირსაა დამსგავსებული, ოღონდ საბჭოთა კავშირი უფრო მეტად დემოკრატიული იყო.

"თავად კავშირში გაერთიანება უკვე ნიშნავს სუვერენიტეტის გარკვეულწილად შეზღუდვას. რასაც ესენი გველაპარაკებიან, ეს ნიშნავს, რომ კოლონიალური სტატუსის ვიყოთ ამ შემადგენლობაში, რაც ძალიან არასწორად მიმაჩნია. განცხადება უნდა გაკეთდეს იმის შესახებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჯაჭვი გაწყდეს იქ, სადაც რგოლი სუსტია",- განაცხადა მან.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ევროკავშირის დიდი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ყველა დანარჩენი მათ დიქტატს უნდა დაემორჩილოს. აბსოლუტურად სწორ განცხადებას აკეთებს ბატონი შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირი უკვე საბჭოთა კავშირსაა დამსგავსებული"

კითხვაზე, ხომ არ წავა "ოცნება" საბოლოოდ იმ ნაბიჯზე, რომ საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადი უკან გამოიხმოს, გვენეტაძემ გვითხრა:

"გამოტანაც შეიძლება. როგორც დაწერა შეიძლება, ისევე უარყოფაც შეიძლება. მაინც არ გვიღებენ. მაინც ისეთი სიტუაციაა, რომ ჩვენ იმყოფებით მონის სტატუსით - როცა რა გაუხარდებათ იმას გააკეთებენ და ამას საერთოდ ჯობს, რომ დასრულდეს ეს ვაქხანალია, რომელიც უკვე მერამდენე წელია მიმდინარეობს",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას ამბობს პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ პატარა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია და თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა, თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ.

"სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა და დღემდე მოვიდა.

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.

"ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის. ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. ბრექსიტი ამის საუკეთესო დასტური იყო.

"წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფართოოს შესაძლებლობები და საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე ისეთი გავლენა მოიპოვოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ზომით, ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური რესურსებით ვერ ექნებოდა.

"პატარა სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია. სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას, დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება.

"თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა.

"ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე.

"სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად.

"დიდი სახელმწიფოებისთვის ასეთი მოდელი შესაძლოა ხელსაყრელიც იყოს, ვინაიდან მათი ზომა, ეკონომიკური წონა და პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისედაც მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს. მაგრამ პატარა ქვეყნებისთვის ეს კატასტროფული ცვლილება იქნება.

"ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?

"ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება.

"თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც.

"უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება.

"არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს.

"კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ.

"ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა.

... თუმცა, როგორც ჩანს, იუპიტერს ევროპის მ(ი)ოტაცებაც ეპატიება," - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×