
პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება უახლოეს მომავალში და შემდეგში იქნება ყრილობა, ეს ყველაფერი ზაფხულში მოესწრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როცა პოლიტიკური კლიმატი შეცვლილია, უნდა შეიცვალოს პარტიის მუშაობა, სტრუქტურაც.
„განწყობა მარტივია, როცა პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური კლიმატი შეცვლილია, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ეფექტურები. როდესაც დაფინანსების წყაროები არის გადაკეტილი, პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან, რეპრესიული კანონები იქნა მიღებული ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში, უნდა შეიცვალოს პარტიის მუშაობა, სტრუქტურაც. ამიტომაც ვაპირებთ ამ რეფორმირების კურსის გატარებას“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს, იმსჯელებენ თუ არა ყრილობის ფორმატში პარტიის მიერ „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვების თაობაზე.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ, მათ შორის, ყრილობის ფორმატში ამ საკითხზე ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ არ არის საქმიანი და სამუშაო გარემო, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ ვიყავით თავდასხმის ობიექტები. ახლა კარგია, რომ ამ მოცემულობას ყველა აღიარებს და ეს „ნაციონალური მოძრაობის დამსახურება“ არ გახლავთ. პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად თავდასხმის ობიექტი იყო. საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იღებს შეხვედრებში მონაწილეობას და „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა თუ იყო, ე.ი. უფრო ფუნქციური უნდა გამხდარიყო ეს შეხვედრები. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არა, პრობლემა იმ აქტორებშია, რომლებიც მუდმივად სხვებზე თავდასხმის რეჟიმში იმყოფებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.