ნატალია ჯვარიძე
26.07.2026

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, ოპოზიციის წინაში რაიმე დათმობებზე წავიდეს და ახალ საპროტესტო კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს, მხოლოდ პიარის თვალსაზრისით ექნება მნიშვნელობა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობები, ანალიტიკოსის აზრით, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარეო ომისას გამოკვეთილ ტენდენციებზე და ომის საბოლოოდ შედეგებზე.

„რეზონანსი": ოპოზიციაში გაჩნდა დისკუსია არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ასევე, საუბარია იმაზე, რომ შემოდგომისთვის სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის კამპანია დაიწყონ. თქვნი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ასეთ კამპანიას და რა შემთხვევაში წავა ხელისუფლება დათმობებზე?

ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლებამ დასავლეთთან მიმართებაში წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა. ამას თვითონ „ქართული ოცნება" სუვერენიტეტს ეძახის, მაგრამ ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს არის ქვეყნის იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან და მეტი არაფერი. ხელისუფლებამ ეს მიჯნა უკვე გადალახა და დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლება, დავუშვათ, რაღაცნაირად შეეცდება, რომ პროტესტით საარჩევნო კანონმდებლობა შეცვალოს, არასწორია.

  • ოპოზიციისთვის არ იქნება ცუდი, თუ ახალ თემებს შემოიტანს... პროპაგანდისტულად ჯერჯერობით ხელისუფლება უგებს ოპოზიციას და ეს შეიძლება ამ მიმართულებით იქნეს გამოყენებული."

„ოცნება" მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში იყოს ავტოკრატია და არა დემოკრატია. ამ ვითარებაში იმის თქმა, რომ ხელისუფლებას მოვთხოვოთ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც თავის თავზე მოირგო, მათ შორის დამკვირვებლებთან მიმართებაშიც, რატომ უნდა წავიდეს ხელისუფლება ასეთ დათმობებზე, მე უბრალოდ არ მესმის.

მეორე მომენტია - ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობს, რომ ოპოზიციას უნდა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში. თუ ოპოზიცია ჩამოყალიბდება და მოითხოვს შესწორებებს, ოპოზიციას სათქმელი ექნება და პროპაგანდისტულად ეს შეიძლება ოპოზიციისთვის იყოს მომგებიანი. სხვა მეტი შედეგს ნამდვილად არ ველოდები.

ჯერჯერობით რასაც ოპოზიცია აკეთებს - პროტესტის გამოხატვას და ა.შ. - ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება პროპაგანდისტული განხილვა. ოპოზიციისთვის არ იქნება ცუდი, თუ ახალ თემებს შემოიტანს და ეს, შესაძლოა, უფრო გასაგები იყოს ოპოზიციური აუდიტორიისთვის.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს და ოპოზიციას მთლიანად, ერთნაირი მოთხოვნა ექნებათ. ამის იგნორირებას ხელისუფლება უკვე ვერ შეძლებს. პროპაგანდისტულად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეიძლება იყოს მომგებიანი ოპოზიციისთვის. სხვა რამეს, რომ მოხდეს, დავუშვათ, ხელისუფლების მხრიდან დათმობებზე წასვლა, ამას ნამდვილად არ ველოდები. მაგრამ პროპაგანდისტულად ჯერჯერობით ხელისუფლება უგებს ოპოზიციას და ეს შეიძლება ამ მიმართულებით იქნეს გამოყენებული.

„რ.": ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის პორტიც შევიდა, ოღონდ 6-თვიანი „გამოსაცდელი ვადით". უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისგან რაიმე დათმობებზე წასვლას და ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რასაც მისგან დასავლეთი ითხოვს?

ვ.ძ.: 6-თვიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას რუსული ნავთობის გადამუშავებაზე. ალბათ პორტი შეეცდება უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე, თუმცა ეს არ იქნება ის, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობებზე წავა. უბრალოდ მოხდება ის, რომ ყულევის პორტში ახლა უკვე იქნება ისეთი ნავთობის მიღება და გადამუშავება, რომელიც არ არის სანქცირებული და რომელსაც რუსეთთან არ აქვს არანაირი კავშირი.

ეს არ არის ის თემა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რომლის გამოც ხელისუფლება წავა რაღაც პოლიტიკურ დათმობებზე. მე არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში ეს მოხდეს, რაც არ უნდა იყოს. ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო რეპრესიული იქნება, ვიდრე დღეს არის, თუნდაც იგივე ყულევთან დაკავშირებით.

„რ.": თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს აშშ-საქართველოს და ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობები?

ვ.ძ.: ამერიკასთან ურთიერთობები გაურკვეველია. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ჯერ მაინც ფიქრობს, რომ ამერიკასთან შეიძლება რაღაც დალაგდეს, ამის მოლოდინი აქვთ. ევროპასთან ყველაფერი გარკვეულია. რაც არ უნდა ითქვას და როგორც არ უნდა იმოქმედოს ევროპამ - ევროკავშირმა, ან მისმა ცალკეულმა ქვეყნებმა, ხელისუფლება დათმობებზე არ წავა.

აქ მნიშვნელოვანი ერთი რამ არის - საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი არის არა ის, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ევროპა და თუ გნებავთ აშშ, არამედ ის, თუ როგორ წავა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება. თუ აქ გამოიკვეთა, რომ უკრაინა, რომელსაც ახლა გარკვეული უპირატესობა გააჩნია, შესაძლოა ამ ომიდან გამოვიდეს გამარჯვებული, მაშინ ქართული ხელისუფლება გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც დასავლეთისთვის იქნება მისაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება" შეეცდება, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს დასავლეთის გავლენა მასზე - თავად ხელისუფლებაზე და, რაც მთავარია, ამ დროში მოახერხოს და ოპოზიციური თუ მისთვის მიუღებელი პროცესები როგორმე ჩაახშოს ქვეყნის შიგნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×