
24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბურმა ავარიულმა გათიშვამ მთელი საქართველო მოიცვა. სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უჩვეულო სისტემური შეფერხების ყველა დეტალი უნდა დადგინდეს. ოპოზიციაში ყურადღებას ენერგოსისტემის დაუცველობასა და მთავრობის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ.
24 ივლისს, საღამოს საათებში ელექტროენერგიის მიწოდება მოულოდნელად შეწყდა. თბილისში ეს შეეხო თითქმის ყველა ცენტრალურ და გარეუბნის რაიონს. ენერგომომარაგება რამდენიმე საათში აღდგა და ასევე ცნობილი გახდა, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზების დასაგდენად გამოძიება დაიწყო.
25 ივლისს დილიდან გათიშვები გაგრძელდა ნაწილობრივ და ტალღისებურად. რამდენიმე საათში დენის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა, თუმცა სისტემური შეფერხებები და ძაბვის ცვალებადობა მთელი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა.
განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები იყო თბილისში. მოხდა მეტროპოლიტენის მუშაობის სრული პარალიზება. მატარებლები გვირაბებსა და სადგურებში გაჩერდნენ, რამაც მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია გახადა საჭირო. მეტროს პერსონალმა მგზავრები გვირაბებიდან და გაჩერებული ესკალატორებიდან ფეხით გამოიყვანა.
მეტროს გაჩერებამ პიკის საათში ათასობით ადამიანი ალტერნატიული ტრანსპორტის გარეშე დატოვა. გარდა ამისა, ქალაქის თითქმის ყველა ძირითად ჯვარედინზე შუქნიშნები გამოირთო. ამან მომენტალურად გამოიწვია სატრანსპორტო კოლაფსი - შექმნა უზარმაზარი საცობები ცენტრალურ გამზირებსა და მაგისტრალებზე. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებდნენ.
დენის გათიშვის გამო გაჩერდა წყლის სატუმბი სადგურები, რის გამოც დედაქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგიასთან ერთად წყლის მიწოდებაც შეეზღუდა ან სრულად შეუწყდა.
შეფერხებები შეიქმნა მობილურ კავშირსა და ინტერნეტის მიწოდებაშიც, რადგან საბაზო სადგურების ნაწილი სარეზერვო კვებაზე გადავიდა და გადაიტვირთა.
ოფიციალური ინფორმაციით, პრობლემა შეიქმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ცენტრალურ სისტემაში (მაღალი ძაბვის ეგრეთ წოდებულ „ხერხემალში"), რამაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია ავარიული გამორთვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- ზაალ ანჯაფარიძე: უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟზე საქმე რომ აღძრა, ეს ასე შემთხვევით, ჰაერზე არ მოხდებოდა... როგორც ჩანს, მათ დაუგროვდათ რაღაც კონკრეტული, ან არაპირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ასეთი განცხადების საფუძველი გახდა."
ამჯერად სუს-მა გამოძიება უკვე საბოტაჟის მუხლით დაიწყო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს.
შეფასებები
მმართველ გუნდში ამ ფაქტს უჩვეულო მოვლენად აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა დეტალი უნდა გაირკვეს.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო. მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გაირკვეს.
ვნახოთ, რა იქნება გამოძიების შედეგი. მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა დეტალი. თუ კი აქ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმე საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი გამოვლენილი უნდა იყოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციაში კი ეჭვობენ, რომ ხელისუფლება საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებს.
„საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ „საბოტაჟს" მიაწერა. მომავალში ვნახავთ ეს პრო-რუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან... ყველას, რუსეთის გარდა!" - წერს ექსპრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სუს-ი ჰაერზე ამ მუხლით გამოძიებას არ დაიწყებდა.
„როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით დენი ასე ერთმანეთის მიყოლებით ითიშება, ძალაუნებურად ადამიანს გაუჩნდება ეჭვი, მათ მათ შორის იმაზეც, რომ ხომ არ არის ეს საბოტაჟის შედეგი. შესაბამისად, მეც, ისევე როგორც არაერთ ადამიანს, გამიჩნდა ასეთი ეჭვი და გამოვხატე ეს საჯაროდ. მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ აი, უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟზე საქმე აღძრა, ასე შემთხვევით, ჰაერზე არ მოხდებოდა, ხომ? როგორც ჩანს, მათ დაუგროვდათ რაღაც კონკრეტული, ან არაპირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ასეთი განცხადების საფუძველი გახდა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუ რამდენად შესაძლებელი იყო საბოტაჟის მოწყობა, ამაზე უნდა იმსჯელონ ამ დარგის სპეციალისტებმა - რამდენად მოწყვლადია ჩვენი ენერგოსისტემა, რამდენად წვდომადია პოტენციური საბოტაჟის მოწყობის მიმართ. ამის თაობაზე სპეციალისტების აზრი უნდა მოვისმინოთ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
- გია თავაძე: „საბოტაჟიც შესაძლებელია. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში კარგი სპეციალისტები არიან და შეუსწავლელი არ დარჩებათ".
სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გია თავაძე ასევე ამბობს, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
„მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ უმჯობესია დავეკითხოთ სახელმწიფო ელექტროსისტემას. საბოტაჟიც შესაძლებელია. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში კარგი სპეციალისტები არიან და შეუსწავლელი არ დარჩებათ", - განაცხადა გია თავაძემ „რეზონანსთან".
მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს ანალიტიკოსსა და „ოცნების" ყოფილ მინისტრს, კახი კახიშვილს - „ნუთუ ერთი ავარია, ან ერთი მნიშვნელოვანი კვანძის მწყობრიდან გამოსვლა საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ერთდროულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?"
„მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ:
- რა გახდა ასეთი მასშტაბური ავარიის მიზეზი?
- რატომ განმეორდა გათიშვა?
- რამდენად გამართული და დაცულია ქვეყნის ელექტროსისტემა?
- ვინ აგებს პასუხს სისტემის გამართულ მუშაობაზე?
- და რა გაკეთდება იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს?
ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ ტურიზმი და ავიაცია არ არის. მის პასუხისმგებლობაში შედის ენერგეტიკა, ელექტროსისტემა და ქვეყნისთვის არაერთი სხვა სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ყოველდღიურ და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
თუ ახალი ავიარეისების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია სწრაფად, დეტალურად და დიდი ენთუზიაზმით მიეწოდება, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებაც საზოგადოებას ისეთივე ოპერატიული, კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს", - ამბობს კახიშვილი.