რეზონანსი
25.07.2026

მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული, მოუწოდებს დაკავებულებს, ყველამ მიიღოს პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეს „უკანონო პატიმრობიდან“.

როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში წერს, საპატიმროებიდან გათავისუფლების შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რაშიც არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახავი არაფერია.

ის ხაზს უსვამს, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის საკითხს.

"4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან.

ამის შესახებ სასამართლოზეც განვაცხადე და ახლა პირადად მოგმართავთ ყველას!

თითქმის ათთვიანი უკანონო პატიმრობით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ერთობა და შეუპოვრობა. ეს უკვე ისტორიის ნაწილია და მომავალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. დღეს კი ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმროებიდან ადამიანების გათავისუფლება. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ამაში არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახველი არაფერია. მსგავსი პრაქტიკა არაერთხელ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების მიერ.

განსაკუთრებით მივმართავ აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადამარჩინა. როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. მისი ჯანმრთელობა და გარეთ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს.

გამარჯვება გარდაუვალია. ბრძოლა ბოლომდე!“, - წერს ბურჭულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×