
ახმეტის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ზემო ალვანში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 70 წლამდე მამაკაცი, ფილიპე ლაგაზიძე. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოკლულის ცოლი სამსახურში იყო, როდესაც მთელს საქართველოში ავარიულად გაითიშა დენი. ის სახლში მალე დაბრუნდა და ქმარი სახლში არ დახვდა. შვილს ჰკითხა თუ სად იყო მამამისი, რაზეც შვილმა უპასუხა რომ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. დროთა განმავლობაში, როდესაც ფილიპე ლაგაზიძე აღარ გამოჩნდა, მისი ძებნა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა დაიწყეს. ძებნისას სახლის გვერდით, ხეხილის ბართან იპოვეს მამაკაცი დამარხული.
ადგილობრივების თქმით, მამა-შვილს შორის ხშირი იყო კონფლიქტი. მათი ინფორმაციით, 32 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მამის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.
დანაშაულის ჩადენამდე მამასთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა, რის შემდეგაც მას ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება - შედეგად, კაცი გარდაიცვალა.
“ხშირად ჩხუბობდნენ. ეს კაცი ძალიან მშრომელი იყო და სულ მუშაობდა. ამბობენ, ამ ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვსო და ამიტომ იყო აგრესიულიო. წუხელ რა მოხდა ზუსტად არ ვიცით, გავიგეთ რომ ბლაგვი საგანი ჩაარტყა და მერე დამარხა", - ამბობს ადგილობრივი.
წყარო: Ambebi.ge