
პრემიერი ირაკლი კობახიძე სინგაპურში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა.
საქართველოს მთავრობა აზიის ქვეყნებთან ეკონომიკურ და სატრანზიტო დაახლოებას აქტიურად განაგრძობს. რეგიონის ქვეყნებთან გახშირებული მაღალი დონის ვიზიტებისა და სატრანზიტო მარშრუტების ოპტიმიზაციის ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ამას მრავალვექტორული პოლიტიკის წარმატებად განიხილავს, ხოლო მეორე ნაწილი ხაზს უსვამს, რომ "შუა დერეფნის" განვითარება დასავლეთის გარეშე წარმოუდგენელია.
სინგაპურთან საქართველოს მთავრობამ აქტიური ეკონომიკური და საინვესტიციო დაახლოების პოლიტიკა დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ სინგაპურს, სადაც შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერსა და მსხვილი ფინტექ - საფინანსო კომპანიების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განიხილავენ პარტნიორობის გაღრმავებას ავიაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ფინანსებისა და ტურიზმის მიმართულებით, რათა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჰაბის, ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად აითვისონ.
"ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და მისი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს შეუძლია, ყველა თვალსაზრისით გახდეს ჰაბი სხვადასხვა ქვეყნისთვის.
სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
აღსანიშნავია, რომ სინგაპურის უმსხვილესმა საავიაციო ოპერატორმა - ჩანგის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტს მართავს, ინტერესი გამოხატა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტზე და პარტნიორი კომპანიის შესარჩევ ტენდერში მონაწილეობას გეგმავს.
ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა ურთიერთობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რაც, უპირველეს ყოვლისა, "შუა დერეფნის" სტრატეგიულ გაძლიერებასა და მრავალსექტორულ თანამშრომლობას უკავშირდება.
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და მისი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს შეუძლია, ყველა თვალსაზრისით გახდეს ჰაბი სხვადასხვა ქვეყნისთვის.
აქტიურად მიმდინარეობს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, დელეგაციების გაცვლა და სექტორული შეხვედრები რეგიონის ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი, სადაც მუშაობენ სატრანზიტო მარშრუტების ეფექტიანობის გაზრდაზე, ტარიფების ოპტიმიზაციასა და ინფრასტრუქტურულ ინტეგრაციაზე, რაც რეგიონს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ საიმედო ხიდად აქცევს.
საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს განიხილავს, როგორც ეკონომიკისა და ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, სუვერენიტეტისა და რეგიონული როლის განმტკიცებას.
დაახლოება ცენტრალურ აზიასთან
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ შუა აზიის ქვეყნებთან დაახლოება საქართველოს სარგებელს მოუტანს.
"ეს არის დაახლოებაც და არსებული ურთიერთობის მრავალსექტორულად გაღრმავებაც. მოგეხსენებათ, რომ "შუა დერეფანი" ითვალისწინებს რამდენიმე ქვეყანას საქართველოსგან აღმოსავლეთით, რამდენიმე რეგიონს და მათთან სხვადასხვა ეკონომიკური, ტექნიკური საკითხები შესათანხმებელია სამთავრობო დონეზე თუ უწყებებს შორის.
ამიტომაც თბილისში ჩამოდის სხვადასხვა დელეგაცია, რაც ჯდება იმ გაცხადებულ პოლიტიკაში, რასაც ჰქვია მრავალვექტორული და წარმატებით ასრულებენ როგორც ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი, ასევე სხვა ქვეყნებიც. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს, როგორც ეკონომიკაში ამბობენ, ბაზრების დივერსიფიკაციაა და ზუსტად ამ მრავალვექტორულ პოლიტიკას ეწოდება მრავალწახნაგოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა, ურთიერთსასარგებლო პრინციპების გათვალისწინებით, ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გია აბაშიძე: პოტენციურად, ყველა მონაწილე ქვეყანასთან მიმდინარეობს ფორსირებული ეკონომიკურ-დარგობრივი, უფრო სწორად, სექტორული დაახლოება. მათ შორის არის სინგაპური.
"შუა დერეფანს" აქვს ვრცელი არეალი როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. შესაბამისად, პოტენციურად, ყველა მონაწილე ქვეყანასთან მიმდინარეობს ფორსირებული ეკონომიკურ-დარგობრივი, უფრო სწორად, სექტორული დაახლოება. მათ შორის არიან სინგაპური და სამხრეთი კორეაც, რომელთანაც უკვე თითქმის საბოლოო სტადიაზეა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.
ეს არის ძალიან კარგი საქართველოს თითოეული ოჯახისთვის. რაც მეტი ქვეყანა ჩაერთვება როგორც დეკლარირებულად, ასევე საქმიანად და ხელშეკრულებების იმპლემენტაციით, მით უკეთესია როგორც საერთო "შუა დერეფნისთვის", ასევე კონკრეტულად საქართველოს შემდგომი ეკონომიკური წინსვლისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ანაკლიის პორტი, ვაზიანის აეროპორტი თუ სხვა წარმოშობს იმ მდგრად საფუძველს, რასაც ჰქვია ქვეყნის მეტი დაცულობა", - აღნიშნა აბაშიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, "ოცნება" იძულებულია, შუა აზიის ქვეყნებს დაუახლოვდეს.
"მე მგონია, "ოცნება" იძულებულია, რომ დაახლოვდეს შუა აზიის ქვეყნებთან, რადგან ევროპული ქვეყნები მაინცდამაინც არ თანამშრომლობენ მათთან თავიანთი გატარებული პოლიტიკის გამო, საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამო. ეს არის მთავარი პრობლემა.

ნიკა ჩიტაძე: მე მგონია, "ოცნება" იძულებულია, რომ დაახლოვდეს შუა აზიის ქვეყნებთან, რადგან ევროპული ქვეყნები მაინცდამაინც არ თანამშრომლობენ მათთან.
სინგაპურთან დაახლოება და ინვენსტიციები რამდენად იქნება რეალურად, ესაა საკითხავი. სინგაპურიდან ინვესტიცია თუ შემოვიდა საქართველოში, ცუდი არ არის, ნამდვილად კარგია, მაგრამ შემოვა კი მართლა. იმის იმიტაციას ხომ არ ახდენს "ქართული ოცნება", რომ აი, რაღაც ინვესტიციები შემოდის", - აღნიშნა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
შუა დერეფანი დასავლეთის გარეშე?
გია აბაშიძის აზრით, თავად დასავლეთმა უნდა გამოხატოს ინიციატივა "შუა დერეფნის" მიმართ:
"დასავლეთმა თავად უნდა იკითხოს, როგორ შეიძლება "შუა დერეფნის" განვითარება საქართველოს გარეშე. უფრო ცინიკურიც ვიქნები: ბრიუსელში გეოგრაფია და გეოპოლიტიკა ზოგიერთს საერთოდ დაავიწყდა და საკუთარ თავს ტრაგიკომიკურ ვითარებაში იგდებენ. საქართველო ამ "შუა დერეფნისთვის" აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს საიმედო, ტექნიკურად გამართული, სრულყოფილი მიმწოდებელი.
დერეფნის მეორე მხარეს, დასავლეთში, თუ არ სურთ მიწოდება, ეს მათი საკუთარი გაბრუებული პოლიტიკური ამბიციების პრობლემა იქნება, თუმცა ამგვარი ვითომ იგნორირება საქართველოსი აბსოლუტურად დროებით ხასიათს ატარებს".
ნიკა ჩიტაძე განსხვავებულად ფიქრობს:
"დასავლეთის გარეშე შეუძლებელია "შუა დერეფნის" საკითხის მოგვარება. ვთქვათ, ეკონომიკური თანამშრომლობა დასავლეთთან შედგა, მაგრამ ეს უფრო კომერციულ ინტერესებთან იქნება დაკავშირებული".