თუმცა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მაინც დასანქცირდა
ზვიად მახარაძე
23.07.2026

კაია კალასი: ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი რაუნდი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც, სიაში შეტანილია 218 პოზიცია.

გუშინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. მასში რეკორდული 218 პოზიციაა, თუმცა წევრმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს თხევადი გაზის გადაზიდვაზე აკრძალვისა და მკაცრი სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე შეთანხმება. ამასთან  ევროკავშირმა სანქცია დაუწესა, (ძალაში ექვს თვეში შევა)  ყულევში მდებარე ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნას, ასევე საქართველოში მდებარე კრიტპივალუტასთან დაკავშირებულ სერვის-პლატფორას.

მორიგი, რიგით 21-ე პაკეტი რთული მოლაპარაკების შემდეგ იქნა შეთანხმებული. საბოლოო დოკუმენტში 2 ძირითადი მომენტი შერბილდა. ერთ-ერთ მთავარ კომპრომისად იქცა რუსეთის თხევადი გაზის მესამე ქვეყნებში გადაზიდვაზე სრული აკრძალვის დაწესებაზე უარის თქმა. შედეგად, ევროპის კომპანიები, 2022 წლის 24 თებერვლამდე გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად, შეძლებენ რუსეთის თხევადი გაზის ტრანსპორტირების გაგრძელებას. მათ მხოლოდ ახალი კონტრაქტების დადება და ოპერაციების მოცულობის გაფართოება ეკრძალებათ.

როგორც ახლა ირკვევა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მზად იყო, დაებლოკა სანქციების 21-ე პაკეტი, თუ არ დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნები.

ევროკომისია და სხვა ქვეყნები დილემის წინაშე იდგნენ - ან არ უნდა მიეღოთ საბერძნეთის ულტიმატუმი, რაც ნავთობის ძვირად გაყიდვით რუსეთის შემოსავლებს გაზრდიდა, ან უნდა დათანხმებოდნენ ბერძნული კომპანიებისათვის გამონაკლისის დაშვებას. მათ მეორე ვარიანტი აირჩიეს.

ბლოკის სახელმწიფოებმა "სოლიდარობა გამოავლინეს საბერძნეთის მიმართ" და ამიტომ პაკეტში შევიდა ერთწლიანი გამონაკლისი, რომელიც რუსული თხევადი გაზის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის საშუალებას იძლევა, ამასთან ყოველწლიური გაგრძელების შესაძლებლობით.

კიდევ ერთი უთანხმოების საგანი იყო სავიზო შეზღუდვის დაწესება. საწყის ეტაპზე განიხილებოდა ყველა იმ რუსი მოქალაქისათვის, ვინც უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ მსახურობდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, ევროკავშირში შესვლის სრული აკრძალვა. 

სანქციების ახალი პაკეტი კი ითვალისწინებს წინადადებების მომზადებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე ყოფილი რუსი დამნაშავეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის მიზნით.

რას მოიცავს სანქციები

"ჩვენ შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე. იგი ითვალისწინებს ფართომასშტაბიან ზომებს, რომლებიც მიმართულია მოსკოვის ფინანსური სისტემის, მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის სამხედრო ეკონომიკის ფუნქციონირებას.

"ჩვენ პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვურტყამთ - ვუკეტავთ ფინანსურ არტერიებს, რომლებზეც არის დამოკიდებული მისი ომის გაგრძელება. ეს ჯერ კიდევ არ არის სანქციური კურსის დასასრული. ჩვენ უკვე ვმუშაობთ შემდეგ ნაბიჯებზე. ევროკავშირი უნდა იყოს მზად, რომ უპასუხოს რუსეთის ნებისმიერ შემდგომ ესკალაციას.

"ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი რაუნდი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც, სიაში შეტანილია 218 პოზიცია", - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა.

სანქციების სამიზნე გახდა 32 ბანკი, ასევე მოსკოვის ბირჟა და 93 ფინანსური ორგანიზაცია და კრიპტოოპერატორი, 40-ზე მეტი გემი ჩრდილოვანი ფლოტიდან და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში და ბელარუსში. სულ სანქციათა სიაში 218 პოზიციაა, მათ შორის 50 სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 50 ქარხანა, რომელთა შორის არიან შორ მანძილზე მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებლებიც.

ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, რუსულ ნედლ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი 12 თვის განმავლობაში უცვლელად დატოვოს. ამჟამად ეს ზღვარი ბარელზე 44.10 აშშ დოლარს შეადგენს. შეზღუდვის ძალაში დატოვება რუსეთს არ მისცემს შესაძლებლობას, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ფასების ზრდით ისარგებლოს.

მომავალი სასანქციო პაკეტები

კაია კალასი აცხადებს, რომ ეს "გზის ბოლო არაა" და ევროკავშირი უკვე მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე.

მეორე მხრივ, ევროკავშირში აცხადებენ, რომ მათ ამოწურეს ახალი შესაძლო სანქციების "მარაგი", რადგან ეს შეზღუდვები ეწინააღმდეგება წევრი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესებს.

"იდეების არარსებობა გამოწვეულია იმით, რომ, როგორც აღმოჩნდა, ამხელა ქვეყნის ეკონომიკური იზოლირება არ გამოდგა მარტივი საქმე", - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

"როდესაც მოხდა ირანის ეკონომიკური იზოლაცია, მაშინ მოხერხდა 2014 წელს ირანის დათმობაზე დაყოლიება, მაგრამ მაშინ ირანს დაადეს სანქციები გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.

"გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციები ყველასთვის სავალდებულოა შესასრულებლად, მაგრამ გაერო-ს რუსეთზე სანქციები არ დაუდია, რუსეთი დაასანქცირა მხოლოდ დასავლეთმა და როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი", - ასკვნის შარაშენიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×