
გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. თვეების დაგვიანებით ჩატარებულ ოფიციალურ ცერემონიას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი ამ ფაქტს ურთიერთობის "გადატვირთვის" შესაძლებლობად მიიჩნევს, ხოლო ოპოზიცია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის პასუხისმგებლობასა და ქვეყნებს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კარტოზიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესი კვლავაც არის ევროპული ოჯახის წევრობა, ამ მხრივ გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი და იმედოვნებს, რომ სასიკეთო ძვრები იქნება.
"გერმანიისთვის ყველაზე მეგობრული ქვეყანა კავკასიაში და, საზოგადოდ, აღმოსავლეთში იყო საქართველო და საქართველოსთვის - გერმანია ევროპაში. ეს არის ჩვენი ურთიერთობის ისტორია. ამაზე ვისაუბრეთ კიდეც დღეს და ნამდვილად არის სურვილი, რომ აღორძინდეს და გამოცოცხლდეს ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვქონდა. აგვისტოში გერმანიას ახალი ელჩი ეყოლება საქართველოში. იმედი მაქვს, ისიც ისევე იქნება მოწადინებული, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, როგორც მე ჩემი მხრიდან ვიქნები ამისთვის მზად.
სხვათა შორის, ცნობილია გენშერის გამონათქვამი, რომელიც თითქოს ყველაზე კარგად განსაზღვრავს ელჩის ფუნქციას: "ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი - საკუთარ ქვეყანაში". ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ ორივე მხარე, ჩვენი ურთიერთობები ქვეყნებს შორის მართლაც გაუმჯობესდება.
ცხადია, საქართველოს ინტერესი კვლავაც არის ევროპული ოჯახის წევრობა, ევროპის კავშირის წევრობა. ჩვენ ეს დღევანდელ საუბარშიც დავადასტურეთ. ამ მხრივ გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტია და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით სასიკეთო ძვრებს უნდა ველოდოთ", - განაცხადა ალექსანდრე კარტოზიამ.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.
დიპლომატიურ პროტოკოლში არსებული დაგვიანება თავის დროზე გახდა პოლიტიკური დავისა და აზრთა სხვადასხვაობის საგანი. ოპოზიციისა და კრიტიკოსების პოზიცია იყო, რომ ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელის გადაცემის თვეების განმავლობაში გაჭიანურება აღიქმებოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ გერმანიის მკაფიო პოლიტიკურ სიგნალად და დისტანცირებად განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაძაბული იყო.
"ქართული ოცნება" და საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფდნენ ყოველგვარ პოლიტიკურ სარჩულს და აცხადებდნენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ბიუროკრატიული და პროტოკოლური პროცედურა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა.
პრემიერ ირაკლი კობახიძის აზრით, ყოფილმა ელჩმა ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში.
"გერმანიას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა, დავუბრუნდეთ ურთიერთობების დადებით დინამიკას. შეიცვალა საქართველოში გერმანიის ელჩი, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს გერმანიაში ჩვენმა ელჩმა და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ პიტერ ფიშერის საქმეები წარსულს ჩაბარდა:
"დღეს გერმანიაში საქართველოს ელჩს ოფიციალურად შეხვედრა აქვს გერმანიის პრეზიდენტთან. შვიდ თვეზე მეტია, ჩვენი ელჩი ოფიციალურ უფლებამოსილებას ელოდება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მავნებელმა ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელიც აქ ჰყავდათ დანიშნული, საქართველოში უფლებამოსილება ამოწურა. მგონი, პენსიაზეც კი გავიდა, იმდენად მძიმე დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი. ამას შეცდომას ვერ დაარქმევ, ეს იყო მის მიერ გადადგმული გააზრებული ნაბიჯები. მხარს უჭერდა რადიკალებს, მიტინგებზე დადიოდა, სასამართლოებს ესწრებოდა, ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა.
პირიქით, გერმანიის საელჩოს ვულოცავ, რომ ასეთი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ელჩისგან გათავისუფლდნენ. ალბათ შვებით ამოისუნთქეს. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო. მგონია, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახალი ელჩისგან ერთ მთავარს ველოდებით - პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს და თავისი დიპლომატიური მისია შეასრულოს, რომელიც ქართველ-გერმანელ ხალხთა შორის ურთიერთობის, კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას, გაღრმავებას გულისხმობს".
განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. "გახარია-საქართელოსთვის" წევრ გიორგი შარაშიძეს ათთვიანი ლოდინის შემდეგ ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემა გერმანიის პრეზიდენტისთვის სულაც არ მიაჩნია სასიხარულო ამბად:
"ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგედიაა, "ქართულმა ოცნებამ" ასეთ ვითარებაში რომ ჩაიგდო თავი, რომ ასეთი ამბები უხარია, ასეთი ამბებისგან ცდილობს, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა გამოიყვანოს, თორემ, რა თქმა უნდა, გერმანიასთანაც, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვინდა და ვითხოვთ, ურთიერთობები არა თუ ნორმალიზდეს, არამედ, სულ მცირე, იმ დონეს დაუბრუნდეს, რა დონეზეც იყო. გერმანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, გერმანიას საქართველოს განვითარებაში უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული, მაგრამ რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"?
კარგად იცით, როგორი თავდასხმა, სრულიად შეუფერებელი რიტორიკა გვესმოდა გერმანიის მიმართ და ეს გერმანიის ელჩის, ბატონი ფიშერის, მიმართ არ იყო. რიტორიკა იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის მთავრობა იძულებული გახდა, წერილი გამოეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებისთვის შეეხსენებინა, რომ ელჩი მათ ინტერესებს წარმოადგენს, ელჩზე თავდასხმა გერმანიაზე თავდასხმას ნიშნავს. "ქართულმა ოცნებამ" ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანა საქმე, მისი პასუხისმგებლობაა, თორემ ჩვენი ელჩები რწმუნებათა სიგელებს დაუყოვნებლივ უნდა გადასცემდნენ და არა ათი თვის ლოდინის შემდეგ. თავისთავად ფაქტი კარგია და ჩვენც ეს გვინდა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" რატომ მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, რომ ასეთი ამბავი სასიხარულო და განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყოს?"