ნატალია ჯვარიძე
24.07.2026

ირანის წინააღმდეგ მასიური დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავ, უფრო მასიურის, ვიდრე ოდესმე. ამის

შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან" საუბარში განაცხადა. "განვიხილავ მასიურ დარტყმას. უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ახლოს ვარ გადაწყვეტილების მიღებასთან. სრულიად მზად ვართ ამისთვის", - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელი "ორ წუთში შემოგვიერთდება თუ ვთხოვ," მაგრამ დაამატა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი ოპერაციის დასაწყებად "არავინ გვჭირდება".

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას "შედეგები" ექნება, რაშიც, მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ისრაელისთვის ირანის პასუხს გულისხმობდა. ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო ვადა არ დაუკონკრეტებია.

ორმა სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა - Axios-თან საუბარში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და სამხედროებს ახალი ბრძანებები არ მიუღიათ.

ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მასიური დარტყმის მუქარა ტრამპის ცნობილი ტაქტიკის - „ესკალაცია დეესკალაციისთვის" ნაწილია. მათი შეფასებით, მიზანია ირანზე ფსიქოლოგიური და სამხედრო წნეხის მაქსიმალურად გაზრდა, რათა თეირანი იძულებული გახდეს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ საზავო თუ შეთანხმების პირობებს (რაზეც მიანიშნებს ტრამპის ფრაზა, რომ ირანს „საკმარისი ტკივილი ჯერ არ მიუღია").

ტრამპი ხშირად იყენებს ხისტ რიტორიკას, როგორც ვაჭრობის ინსტრუმენტს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. თუ ტრამპი სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ექსპერტები ნაკლებად ელოდებიან ხანგრძლივ ან სახმელეთო ომს.

სავარაუდო სცენარებად განიხილება: ინფრასტრუქტურული და სამხედრო ობიექტები. ანუ დარტყმები ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვის საპასუხოდ, ან კონკრეტულ სტრატეგიულ/ბირთვულ ობიექტებზე (მაგალითად, მიწისქვეშა კომპლექსებზე). შემდეგი არის პროქსი ძალების განადგურება. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების (მაგ. ჰუსიტების) წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება წითელ ზღვასა და რეგიონში.

ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ტრამპი შესაძლოა აღმოჩნდეს ე.წ. „ესკალაციის ხაფანგში". მაშინაც კი, თუ აშშ-ის მიზანი მხოლოდ შეკავება ან მოლაპარაკების მაგიდასთან უპირატესობის მოპოვებაა, საპასუხო დარტყმების ჯაჭვმა, მათ შორის ირანის საპასუხო იერიშებმა აშშ-ის ბაზებსა თუ ისრაელზე, შესაძლოა მხარეები სრულმასშტაბიან კონფლიქტში ჩაითრიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×