
რუსეთი ბანდიტიზმისთვის, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის, კონტრაბანდისთვის გასამართლებული პირების ომში გაწვევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მსჯავრდებულთა სია გააფართოვა, რომელთა გაწვევასაც რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან ომის დროს
შეძლებს. დეპუტატებმა კანონი 22 ივლისს პირველი და ბოლო მოსმენით მიიღეს.
ამიერიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას ბანდიტიზმისთვის, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდისთვის და უკანონო მიგრაციის ორგანიზებისთვის გასამართლებული პირები შეძლებენ.
სიაში ასევე შევიდნენ ბირთვულ მასალასთან უკანონოდ მოპყრობისთვის ან მისი მოტაცებისთვის, იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი, რადიოაქტიური და პათოგენური ნივთიერებების კონტრაბანდისთვის და სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი დოკუმენტების დაკარგვისთვის გასამართლებული პირებიც.
ამასთან ერთად, სახელმწიფო დუმამ შესწორებები მიიღო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც კონტრაქტის გაფორმებისთვის ან სამხედრო სამსახურის გავლისთვის მსგავს პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.