რა ინფორმაცია გავრცელდა უცნაური პროექტის შესახებ და რომელ ქვეყნებში არსებობს მსგავსი გამოცდილება?
ქეთო გოგოხია
22.07.2026

თბილისში გასაბერი რეზინის კაშხლის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. რა არგუმენტებს ემყარება გადაწყვეტილება, პროექტის ავტორები ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ თბილისისთვის მსგავსი ექსპერიმენტი არასწორია და მსგავსი პროექტის განხორციელებას  ემიჯნებიან. 

როგორც ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, მსგავსი პრაქტიკა აქვს იაპონიას, ჩინეთს აშშ-ს და რამდენიმე სხვა ქვეყანას, მაგრამ საქარეთველოში მისი ასე ბრმად დანერგვა, სარგებლის ნაცვლად, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს.

რაც შეეხება პროექტს, ცნობილია, რომ თბილისში, ორთაჭალაში რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ ახალი ჰიდროელექტროსადგურის და ამავე ჰიდროელექტროსადგურში განთავსებული დატა-ცენტრის მშენებლობა იგეგმება.  პროექტთან დაკავშირებით გზშ დოკუმენტაციის განხილვა 2025 წლის დეკემბერში გაიცა, ხოლო 2026 წლის 13 თებერვალს კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პროექტზე სკოპინგის დასკვნა გასცა. 

პროექტის თანახმად, ახალი ჰესის დადგმული სიმძლავრე აშენების შემთხვევაში 3.7 მეგავატი იქნება. წარდგენილი პროექტის თანახმად, ჰესს გასაბერი რეზინის კაშხალი ექნება.

როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ამ  ტექნოლოგიის ერთ-ერთი პიონერი იაპონიაა, სადაც 1970-1980-იანი წლებიდან დაიწყეს რეზინის კაშხლების მასობრივი დანერგვა. ქვეყანაში ასობით ასეთი ნაგებობა მოქმედებს როგორც ჰესებისთვის, ისე წყალმომარაგებისა და სარწყავი არხებისთვის. 

რეზინის კაშხლების ყველაზე დიდი მომხმარებელი და მწარმოებელია ჩინეთი და სამხრეთ კორეა, სადაც ათასობით ასეთი ნაგებობაა, მათ შორის მცირე ჰესებზე. აშშ-მ კი 1950-1960-იანი წლებიდან დაიწყო გასაბერი კაშხლების გამოყენება მდინარეების რეგულირებისა და ჰესების ეფექტიანობის გასაზრდელად.

ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა განმარტავს, რომ ასეთი პროექტების უპირატესობა ეკონომიურობა და სწრაფი მშენებლობაა, თუმცა იგი საქართველოს პირობებში გასაბერი კაშხლის მშენებლობის იდეას ეწინააღმდეგება.

"გადაწყვეტილებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, მდინარეზე უნდა იყოს ბეტონის კაშხალი, როგორიცაა ორთაჭალის მაგალითი, ჰესი მშვენივრად მუშაობდა. ახლაც ანალოგიური სადგური და ნაგებობა უნდა ჩაიდგას. პროექტი უნდა შეესაბამებოდეს გარემოს და იყოს უფრო  მობილური, ადვილად სამართავი და გამოსაყენებელი. 

გასაბერი კაშხალი და ცდების ჩატარება მდინარე მტკვარზე  წარმოუდგენელია. ორთაჭალის ჰესი არის 12-დან 20 მგვტ სიმძლავრის ფარგლებში. ჰორიზონტალური აგრეგატებია, ორთაჭალის პირობებში კარგად მუშაობს და თავიანთ მოვალეობას ასრულებს. 

ვფიქრობ, უნდა აშენდეს ჩვეულებრივი კაშხალი, თავისი სარეგულაციო სისტემებით. მსოფლიოში ათასნაირი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ერთი ერთში გადმოტანა ჩვენს სინამდვილეში გამართლებული ნამდვილად არ არის. უნდა ვიცოდეთ, რა ხასიათისაა მდინარე, როგორი რეჟიმი აქვს და ამის გათვალისწინებით იქნას გადაწყვეტილება მიღებული. შეიძლება, კარგად ნაცადი პრაქტიკაა სხვა ქვეყნებსითვის, მაგრამ სსაქართველოში ასე ბრმად ამ ტექნოლოგიას ვერ დავნერგავთ, მით უმეტეს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. 

ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. რამდენადაც ვიცი, სიიაფესთან არის დაკავშირებული, ასევე  მართვის სისტემის სიმარტივესთან. ორთაჭალის პირობებში ჰესების მიდამოები ორჯერ არის დატბორილი და ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. ამიტომ თბილისის ხეობაში ყოველი ახალი, წყალთან დაკავშირებული ნაგებობა,  უსაფრთხოების და საიმედობის თვალსაზრისით, საფრთხილოა, შესაბამისად, ვერ დავეთანხმები ახალ იდეას", - აღნიშნა ჭითანავამ ,,რეზონანსთან“ საუბრისას. 

ენერგეტიკოსის ინფორმაციით, მასიური კაშხლის აშენებასთან შედარებით, რეზინის კაშხლის საინვესტიციო და სამშენებლო ხარჯები 20-40%-ით ნაკლებია.

საპროექტო მონაცემებით, გასაბერი ჰესის წლიური გამომუშავება დაახლოებით 26 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი გამოყენებული იქნება მონაცემთა ცენტრის ენერგომომარაგებისთვის, რაც პროექტის ავტორების შეფასებით, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდას და ელექტროქსელზე დამოკიდებულების ნაწილობრივ შემცირებას.

პროექტს ორი შპს - "დიჯითალ ბილიკი" და "გრინ ენერჯი" ახორციელებენ. ორივე კომპანიის აქციონერები აზერბაიჯანელი ბიზნესმენები - შაჰინ მოვსუმოვი და რაშად ისმაილოვი არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×