
მოსკოვის ოპტიმისტური ნარატივის მიუხედავად, უკრაინული დრონების იერიშებით გამოწვეული საწვავის კრიზისი რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას აყენებს. სანამ ვლადიმერ პუტინი ეკონომიკურ სტაბილურობასა და კრიზისის დროებით ხასიათზე საუბრობს, კრემლს რეალურად -ექსპორტის სრული აკრძალვითა და დიზელის იმპორტზე გადასვლით- საგანგებო ზომების მიღება უწევს.
რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვისა და საწვავის იმპორტზე გადასვლის წყალობით, საწვავის ბაზრის „ნაწილობრივი სტაბილიზაცია" მოხერხდა, თუმცა, რიგ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.
ამ ფონზე კი რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს რომ ეს კრიზისი დროებითია.
„შიდა ეკონომიკის, მისი ძირითადი სექტორების მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად გარე მცდელობებისა, რომ საწვავისა და ენერგეტიკის სექტორში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ, - აღნიშნა პუტინმა.
„ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მშპ მაისში მოკრძალებული ტემპით, მაგრამ მაინც გაიზარდა და დადებით ზონაში დარჩა -ზრდამ 0.3% შეადგინა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ზრდამ 0.2% შეადგინა", - დასძინა მან.
მეორეს მხრივ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვამ, იმპორტის გზით ბაზრის გაჯერებამ, წარმოების მოცულობის გაზრდამ და გადამამუშავებელი ქარხნების გეგმური რემონტის გადავადებამ შედეგი გამოიღო.
„ბაზარი ნაწილობრივ სტაბილიზდება, ბევრ რეგიონში შეზღუდვები იხსნება, რაც მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობასა და შემცირებულ რიგებშიც აისახება". თუმცა, მიუხედავად ამისა, ნოვაკმა აღიარა, რომ „ზოგიერთ რეგიონში" ვითარება კვლავ დაძაბულია.
მისი თქმით, ამჟამად კომპანიებთან საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავენ, თუ როგორ უზრუნველყონ აღნიშნული რეგიონები ნავთობპროდუქტებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშებისა შემდეგ, რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე საწვავის გაყიდვა განაახლეს. Meduza-ს ცნობით, ბირჟაზე საწვავის რეალიზაციას ის ქარხნები დაუბრუნდნენ, რომელთა ჯამური სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. თუმცა, ზოგიერთ მსხვილ კომპანიას, რომელთა წლიური გადამუშავება 45 მილიონ ტონას აღემატება, ვაჭრობა ჯერ არ განუახლებია.
გარდა ამისა, რუსეთი დიზელის იმპორტს მას შემდეგ დაიწყებს, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინულმა იერიშებმა საწვავის თითქმის 40%-იანი დეფიციტი გამოიწვია. შექმნილი ვითარების გამო ბენზინგასამართმა სადგურებმა საწვავის გაყიდვაზე ლიმიტები დააწესეს, ფერმერები კი მომარაგების შეფერხებაზე აცხადებენ.
ივლისის პირველ ათ დღეში რუსეთში AI-92 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 20%-ით გაიზარდა, ხოლო AI-95 მარკის 24%-ით. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის საჰაერო დარტყმების ფონზე, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის კრიზისი ღრმავდება: ავტოსაწვავის დეფიციტი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ სევასტოპოლსა და ყირიმში ფიქსირდებოდა, ახლა მოსკოვის ოლქსაც მოედო.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონების შეტევებმა მსხვილი ქარხნები აიძულა მუშაობა შეეჩერებინათ, რუსეთში ბენზინის წარმოება სეზონური მოხმარების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 65%-მდე შემცირდა. 8 ივლისს რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სრული აკრძალვა დააწესა და საწვავის იმპორტის დაწყების გეგმები გამოაცხადა