
კიევის წინაშე შექმნილი კრიზისი პოლიტიკურ ჩიხად იქცა: ზელენსკის ადმინისტრაცია ვერც სირსკის გათავისუფლებას რისკავს ახალი კანდიდატურის გარეშე და ვერც ფედოროვს აბრუნებს, რადგან ეს პრეზიდენტის მხრიდან ძალაუფლების დათმობა იქნება. საბოლოო გადაწყვეტილება სისტემურ პრობლემას ეჯახება - ხელისუფლება ეძებს იშვიათ ფიგურას, რომელიც ფედოროვის პოპულარობას გადაფარავს, თუმცა პოლიტიკური ამბიციებისგან სრულიად დაცლილი დარჩება.
ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო სარდლობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის მიმართ მზარდი უკმაყოფილების განმუხტვა იყო, რამაც, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია.
საბრძოლო მდგომარეობის მიუხედავად, კიევსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში გამოდის. დემონსტრანტები გასულ კვირას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ახალგაზრდა რეფორმატორის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ და მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის გადადგომას ითხოვენ.
ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობაში არსებული ღრმა უთანხმოება გამოავლინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეჩერდეს რუსეთის შეტევები ფრონტზე , იმ ფონზე, როდესაც ომის საერთო დინამიკა კიევის სასარგებლოდ შეიცვალა.
60 წლის სირსკი სამოქალაქო საზოგადოების, ჯარისკაცებისა და კანონმდებლების მხრიდან,საბჭოური მართვის სტილისა და დიდი დანაკარგების ფასად წარმოებული ტაქტიკის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტია
არმიის უმაღლესი პოსტის კანდიდატები
ზელენსკი თანმიმდევრულად შეხვდა ხუთ გენერალსა და ერთ პოლკოვნიკს, რომლებსაც ანალიტიკოსები სირსკის შესაძლო შემცვლელებად განიხილავენ. შეხვედრებზე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს, სადაც 1200 კილომეტრზე მეტ მანძილზე მძიმე ბრძოლები გრძელდება.
ექვსი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული სამხედრო მეთაური , მათ შორის გაერთიანებული ძალების სარდალი მიხაილო დრაპატი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვოლოდიმირ ჰორბატიუკი, უკრაინელ ოფიცერთა იმ ახალ თაობას წარმოადგენს, რომელთა პროფესიული ჩამოყალიბებაც უშუალოდ რუსულ ჯარებთან საბრძოლო მოქმედებების დროს მოხდა.

დემონსტრანტები გასულ კვირას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ახალგაზრდა რეფორმატორის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ და მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის გადადგომას ითხოვენ.
ზელენსკის ასევე შეხვდნენ საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი ოლეჰ აპოსტოლი და სამი არმიული კორპუსის მეთაურები - ანდრიი ბილეცკი, იჰორ ობოლენსკი და დენის პროკოპენკო. შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა საკუთარი კაბინეტიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
პროტესტის ფონზე, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, საზოგადოებას ერთიანობისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა და კონსტრუქციულ ქმედებებს დაჰპირდა.
„საზოგადოების ხმა ისმის” - განაცხადა მან. „სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგებიც მალე იქნება.“
კვლევითი კომპანია „გრადუს“-ის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 61% ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგი იყო.
ზელენსკის თქმით, ის გასულ უქმეებზე 35 წლის ფედოროვს „დიდხანს ესაუბრა“.
ფედოროვთან დაახლოებულმა წყარომ „როიტერ“-ს განუცხადა, რომ მან ზელენსკისთან „სხვა პოზიციები“ განიხილა, თუმცა დაბრუნებას მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დათანხმდება. უკრაინული მედიის ცნობით, ფედოროვს სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კურატორობა შესთავაზეს.
ომის ვეტერანმა და აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დმიტრო კოზიატინსკიმ, მხარდამჭერებს მოუწოდა, დაიწყონ „საყოველთაო, უვადო საპროტესტო აქცია“, თუ 24 ივლისამდე სირსკი პოსტს არ დატოვებს, ხოლო ფედოროვი თავდაცვის მინისტრად არ დაბრუნდება.
სირსკის პოზიცია
ორშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში სირსკიმ აღნიშნა, რომ „გაოცებული დარჩა იმის გაგებით, თითქოს მასსა და მინისტრს შორის კონფლიქტი არსებობდა“.
„ჩვენს ურთიერთობას საქმიან ჭრილში აღვიქვამდი: რთული საკითხებითა და განსხვავებული პოზიციებით. მასშტაბური ომის დროს ორ ინსტიტუტს შორის ურთიერთობა სწორედ ასეთი უნდა იყოს,“ -წერდა ის.
მთავარსარდალმა ბოდიშიც მოიხადა და დასძინა, რომ თუ ფედოროვი ნაწყენია- „წუხს ამის გამო“. „შეიძლება მკაცრი ვიყო, მაგრამ მასაც და ყველას, ვინც ამ ისტორიას თვალს ადევნებს, ვთხოვ: ყურადღება გავამახვილოთ არა პირადზე, არამედ გლობალურზე -გამარჯვებაზე.“
სირსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცდომაა მისთვის „სტრატეგიის არქონაში“ ბრალის დადება და განაცხადა, რომ ის მოსკოვს ებრძვის და არა კიევში მდებარე თავდაცვის სამინისტროს.
„ჩემი საქმე ომია. სტრატეგია, ფრონტის ხაზი, ხალხი. აი, რას ვაკეთებ და გავაგრძელებ მომავალშიც,“- თქვა მან.
მან გაიხსენა, რომ უპილოტო სისტემების ძალები მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და რომ მან პირადად წარუდგინა მადიარის კანდიდატურა მთავარსარდლის თანამდებობაზე პრეზიდენტს. თუმცა, სამხედროებს კვლავ სჭირდებათ არტილერია, საჰაერო თავდაცვა, ელექტრონული ომი, საინჟინრო აქტივები და სხვა იარაღი.
- სირსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცდომაა მისთვის „სტრატეგიის არქონაში“ ბრალის დადება და განაცხადა, რომ ის მოსკოვს ებრძვის და არა კიევში მდებარე თავდაცვის სამინისტროს.
სირსკი შეეხო სამხედრო სახსრების საკითხსაც. მისი თქმით, სამხედრო ხელფასებისთვის განკუთვნილი სახსრების ნაწილი დრონების შესაძენად გადაირიცხა, რამაც წლის მეორე ნახევარში დაფინანსების გადახდების საკითხი წამოჭრა. მან განაცხადა, რომ „ეს არ არის გადანაწილების რეზერვი, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ყოველდღიურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს“.
და ბოლოს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის სტრატეგია საჯარო პრეზენტაცია არ არის. „ყველა, ვინც მოითხოვს, რომ მთავარსარდალმა საჯაროდ „წარადგინოს სტრატეგია“, მოითხოვს, რომ ის მტრისთვის წარედგინოს“. მან ასევე დასცინა „ხედვის“ თემაზე საუბარს: „ხედვით შეგიძლია სტარტაპის შექმნა. მაგრამ ომის მოსაგებად სტრატეგია გჭირდება“.
ორშაბათს უკრაინის გენერალურმა შტაბმა მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ სირსკის გათავისუფლება იგეგმებოდა, უარყო. უწყების განცხადებით, სირსკი და მისი მოადგილე, ანდრიი ჰნატოვი, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მოვალეობის შემსრულებლობას.
„ამ თანამდებობებიდან გათავისუფლება უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ხდება,“ - დასძინეს გენშტაბში.
თუმცა, „ამ უარყოფის მიუხედავად, ზელენსკის გავლენიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კირილო ბუდანოვის მინიშნება, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების განწყობა გაითვალისწინა,” დამაფიქრებელია.
საპროტესტო აქციები გასულ ხუთშაბათს დაიწყო,ზელენსკიმ გასულ კვირას დაადასტურა, რომ ფედოროვსა და სირსკის შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ რეფორმები „ბიუროკრატიული დაბრკოლებებით“ დაბლოკა, იგნორირება გაუკეთა მონაცემებს და, ამის სანაცვლოდ, ის ბრიგადები დააჯილდოვა, რომლებიც პირადად სირსკისადმი ლოიალობით გამოირჩეოდნენ.
მანამდე, 18 ივლისს, ფედოროვმა მომიტინგეებს მხარდაჭერის ნიშნად მიმართა: „ცვლილებები აუცილებლად მოხდება. დიალოგი არსებობს“.
- ფედოროვმა ზელენსკისთან „სხვა პოზიციები“ განიხილა, თუმცა დაბრუნებას მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დათანხმდება. უკრაინული მედიის ცნობით, ფედოროვს სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კურატორობა შესთავაზეს
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უკრაინელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მას არასდროს უგრძვნია ისეთი პასუხისმგებლობა, როგორც ახლა.
“ მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა“, - განაცხადა მან.
რა ხდება კულუარებში?
შეიარაღებულ ძალებში არსებულმა წყარომ სირსკის მოსალოდნელი გადადგომა დაადასტურა: „მისი ბედი გადაწყვეტილია. საკითხავი მხოლოდ ის არის, ვინ ჩაანაცვლებს მას. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნა: ეს უნდა იყოს ცნობილი და პოპულარული ფიგურა, რომლის დანიშვნასაც ყველასგან აპლოდისმენტები მოჰყვება“.
“თუმცა, ამავდროულად, მას არ უნდა ჰქონდეს ღია პოლიტიკური ამბიციები, რათა ახალი კონკურენტი არ გამოჩნდეს. ეს უნდა იყოს გამოცდილი სამხედრო, რომელიც პრეზიდენტს უსმენს და აკეთებს იმას, რაც მას სურს“, განაცხადა ინფორმირებულმა წყარომ გაზეთ “გარდიანთან”
წყაროები ზელენსკის ადმინისტრაციაში „მწვავე არეულობას“ აღწერენ. 16 ივლისს, როდესაც გაირკვა, რომ პარლამენტი არ დაამტკიცებდა მის მიერ არჩეულ ფედოროვის მემკვიდრეს, პრეზიდენტმა მინიმუმ ორი კანდიდატიდაასახელა. „შუადღისას, ახალი თავდაცვის მინისტრის შესახებ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს, 14:00 საათზე, მეორე და 18:00 საათზე მესამე“, - იტყობინებოდა წყარო.
ერთ მომენტში განიხილებოდა თავდაცვის მინისტრის პოსტის კირილ ბუდანოვისთვის შეთავაზება, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. საბოლოოდ, თანამდებობა СБУ-ს ხელმძღვანელს, ევგენ ხმარას შესთავაზეს, იმ იმედით, რომ კანონმდებლები მას მხარს დაუჭერდნენ.
ზელენსკიმ არასწორად გათვალა, როდესაც ფედოროვი გაათავისუფლა. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მეორე დღეს პრესკონფერენციაზე მწვავე განცხადებები გააკეთა. სავარუდოდ, ზელენსკი შოკირებული იყო მისი სიტყვებით: „მათ არ სჯეროდათ, რომ ფედოროვი ასე დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა. და პროტესტი სირსკისაც შეეხებოდა“.