
სტიქიურმა მოვლენებმა თბილისსა და რეგიონებში პოლიტიკური დაპირისპირება და ინფრასტრუქტურულ მზაობაზე მსჯელობა გაამწვავა. ოპოზიცია დატბორვას კორუფციასა და გაუმართავ სანიაღვრეებს აბრალებს. მერია პრობლემას უხვი ნალექით ხსნის. ხოლო ექსპერტები უსისტემო მშენებლობებსა და კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე მიუთითებენ. ამ დროს კი მსოფლიოში რეკორდული სიცხე და ექსტრემალური ტემპერატურული ტალღებია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ნალექის დროს ქალაქის დატბორვაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძეს ეკისრება. პოლიტიკოსი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ სანიაღვრე სისტემების გაუმართავობა, სწორედ თბილისის მერის ბრალეულობაა, რომელიც თანამდებობას მხოლოდ ფულის შოვნისთვის იყენებს.
„ქალაქის დატბორვაზე და საჯარო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება იმ ძალას და იმ ადამიანს, რომელიც ათ წელზე მეტია მართავს ქალაქს და რა თქმა უნდა, კალაძის პასუხისმგებლობაა ის, რომ სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემები ამ ქალაქში არ არის მოწესრიგებული და მომზადებული, მათ შორის, უხვი ნალექისთვის. თბილისზე გაცილებით უფრო ინტენსიური და უხვი ნალექი არის როტერდამში, კოპენჰაგენში, ტოკიოში. სადაც ქალაქი ბევრად უფრო მომზადებული ხვდება წვიმას და ასეთი ტიპის ზიანი არ, - ბრალდებებით გამოდის საბა ბუაძე.
- კახა კალაძე: არაფერი საგანგაშო არ არის, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია.
კალაძის და მერიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვედელიანიც.
პასუხისმგებლობა არის ქალაქის მთავრობაზე, რომელსაც კომპეტენციის ნაკლებობა აქვს და არის კორუმპირებული. ეს არის იმის მიზეზი, რომ ნებისმიერი წვიმა ასოცირდება ჩვენი ქალაქის დატბორვასთან, წყალდიდობასთან. აი, ამ გაუსაძლის პირობებში, ნალექის შემთხვევაში , შიშში და აი, ამ მდგომარეობაში ატარებენ ჩვენი მოქალაქეები ღამეებს., - ამბობს ტატა ხვედელიანი.
კახა კალაძე კი ამ კრიტიკას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს:
„ძალიან მოკლე დროში მოსული უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მხოლოდ თბილისში არ ქმნის პრობლემებს. მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში, მათ შორის ჩვენზე ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და ბევრი საკითხი მოწესრიგებულია. თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა თბილისში არ არსებობს ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული, ყველგან, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ, პირველ რიგში, ვაახლებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ვაწყობთ სანიაღვრე სისტემებს და ა.შ.
არაფერი საგანგაშო არ არის, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის. ჩვენ ამ მიდგომას მომავალშიც გავაგრძელებთ. ყველა იმ ქუჩასა და გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაახლებთ. ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და ამავე პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა კალაძემ.
ბოლო დროის სტიქიური მოვლენები
20 ივლისის ღამიდან 21 ივლისის დილამდე თბილისში კოკისპირულად წვიმდა.
მოკლე დროში მოსულმა ნალექმა დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა, ქუჩებისა და გზების დატბორვა გამოიწვია, პრობლემები შეიქმნა დიღმის მასივში, დიდ დიღომში, გლდანში, აღმაშენებლის ხეივანსა და ავლაბრის მიმდებარედ.
წყლით სავსე ქუჩების გამო ავტომობილების გადაადგილება საგრძნობლად გაძნელდა. ცალკეულ უბნებში (მაგალითად, ვაზისუბანში) წყალი სარდაფებსა და შენობების პირველ სართულებზეც ჩავიდა.
გარდა ამისა, თელავში 11-12 ივლისის ღამეს საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია მოხდა. გადაუღებელი, უხვი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე თელავისხევი. მოვარდნილმა ღვარცოფმა და ქვა-ღორღმა ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია.
განსაკუთრებით დაზიანდა ალაზნისა და კავკასიონის ქუჩები/გამზირები. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებსა და სარდაფებში, დაიტბორა კომერციული ობიექტები (მაღაზიები, აფთიაქები).
- 18 ივნისიდან 1 ივლისამდე ევროპაში არნახული სიცხე მინიმუმ 14 ათასი ადამიანის სიკვდილი მიზეზი გახდა.
მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზმომარაგების სისტემა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი გაეთიშა. დაზიანდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მაგისტრალური არხებიც.
უსაფრთხოების მიზნით ოჯახების ევაკუაცია გახდა საჭირო. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამჟამად ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები.
მსოფლიოში საგანგგაშო ვითარებაა
მსოფლიოში ბოლო კვირებში ტემპერატურის რეკორდული მატება და რამდენიმე მძიმე სითბური ტალღა დაფიქსირდა. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით ვითარება განსაკუთრებით მწვავე იყო.
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, დასავლეთ ევროპამ ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი გადაიტანა.
ტემპერატურა 40°C-ზე მაღალ ნიშნულზე ავიდნენ სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (იტალია, ესპანეთი, ბალკანეთის ნახევარკუნძული).
ჯანდაცვის ორგანიზაციების ცნობით, ექსტრემალურ სიცხეს ევროპაში ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება და გარდაიცვალება უკავშირდება. 18 ივნისიდან 1 ივლისამდე ევროპისაში არნახული სიცხე მინიმუმ 14 ათასი ადამიანის სიკვდილი მიზეზი გახდა.
სიცხემ და გვალვამ კანადაში ტყის ხანძრების გაჩენა და გავრცელება დააჩქარა, რის გამოც წარმოქმნილმა კვამლმა ჰაერის ხარისხი აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებშიც გააუარესა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა კვლავ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე რჩება. ეს ფაქტორი ხელს უწყობს როგორც ექსტრემალურ სიცხეებს, ისე ლოკალურად მკვეთრ, უხვი ნალექით გამოწვეულ შტორმებსა და წყალდიდობებს.
ევროპასა და სხვა რეგიონებში არსებული ექსტრემალური სიცხეების გამო, კონდიციონერების მასობრივად დაყენებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით დისკუსიები და კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებები და დაიწყო.

ნინო ჩხობაძე: არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი რამ მოხდება იმიტომ, რომ სიტუაცია ძალიან იცვლება. დღეს, სტიქიური საფრთხეები საკმაოდ დიდი გამოწვევაა.
დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში (დიდი ბრიტანეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები): ისტორიულად, ევროპულ ოჯახებში კონდიციონერი ფუფუნებად ან არასაჭირო ნივთად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო ტალღების დროს პორტატულ და სტაციონარულ კონდიციონერებზე მოთხოვნა კოლოსალურად გაიზარდა - მაღაზიებში მოდელები სრულად გაიყიდა.
ევროპაში კონდიციონერების მასობრივად დაყენებას ორი ძირითადი დაბრკოლება აქვს: ენერგოსისტემის გადატვირთვა - ელექტროქსელები პიკურ საათებში ვერ უძლებს დატვირთვას. მაგალითად, ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინაშიც კი კონდიცირების სისტემა გადაიტვირთა და გაითიშა.
მეორე, „ქალაქის გაცხელების“ ეფექტი. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კონდიციონერები შენობიდან ცხელ ჰაერს გარეთ გარეთ გამოტყორცნიან, რაც მჭიდროდ დასახლებული ქალაქების ქუჩებში ტემპერატურას დამატებით 1-2°C-ით ზრდის.
რა ცვლილებები შეინიშნება
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ ბოლო პერიოდში მიმდინარე კლიმატის ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მაღალი ტემპერატურა და უხვი ნალექი გარკვეული პერიოდი გაგრძელდება.
„ზოგადად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ეს სიტუაცია გასაგებიც არის და ჩვენ ვამბობდით ამის შესახებ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი რამ მოხდება იმიტომ, რომ სიტუაცია ძალიან იცვლება. დღეს, სტიქიური საფრთხეები საკმაოდ დიდი გამოწვევაა.
თელავის ამბავზე გაფრთხილება იყო გაკეთებული და სამწუხაროდ, არავინ მიაქცია ყურადღება. თუმცა, ხერხეულიძის დამბამ ნამდვილად იმუშავა, უბრალოდ, ქვემოთ არ უნდა ყოფილიყო მშენებლობები და არ მოხდებოდა ასეთი სერიოზული ზარალი.
რაც შეეხება თბილისს, აქ ჩვენ სხვა ვითარება გვაქვს. ეს არის ზუსტად ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვიძახით კლიმატის ცვლილებას. ჩვენ ვამბობთ კიდევაც, რომ ერთ საათში შეიძლება მოვიდეს მთელი სეზონის ნალექი, ძალიან იცვლება გარემო და შესაბამისად, ამასთან მიმართებაში მზაობა, რა თქმა უნდა, ქალაქს უნდა ჰქონდეს.სამწუხაროდ, ქალაქი არ არის ბოლომდე მომზადებული, სანიაღვრე სისტემები ვეღარ ატარებს ამ დიდ ნალექს.
გარდა ამისა, მოხდა კიდევ ერთი რამ - დიდი დიღომი დასახლებული არ ყოფილიყო და ჩვეულებრივ ველები ყოფილიყო, ალბათ ასეთი წვიმა და დატბორვა იქ არ გვექნებოდა. როცა მიწის საფარს ვფარავთ ბეტონით და ასფალტით, აღარ აძლევს საშუალებას მიწას, რომ შთანთქოს წყალი. ამიტომ ვამბობთ, რომ ორი ფაქტორია: ერთი არის გაუმართავი და არასწორად გაკეთებული კომუნიკაცია, რომელსაც ჰქვია ინფრასტრუქტურა, ანუ სანიაღვრეები.
მეორე ფაქტორია მშენებლობები, იმიტომ რომ ამან კიდევ დამატებით გაზარდა რისკები ამ საფრთხიდან გამომდინარე. ფაქტობრივად, ყველა გარემონტებული მაგისტრალიც კი რაღაცნაირად დაიტბორა. ახლა უნივერსიტეტის ქუჩას დიდი ხანია აკეთებდნენ, უნივერსიტეტის და თამარაშვილის კვეთაში მოხდა საკმაოდ დიდი წყალდიდობა. ეს გასაგებია. თუმცა ცოტა გაურკვეველია, რატომ მოხდა იუსტიციის სახლთან, რადგან წესით და რიგით იქ უნდა იყოს სანიაღვრე გასასვლელი მტკვარში. ესე იგი, ისევ გადაკეტილი აღმოჩნდა.
დიდ დიღომში სანიაღვრე სისტემები ინტენსიური მშენებლობის შედეგად საერთოდ დაზარალებულია და ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამიტომ იქ თავიდან ბოლომდე გასაკეთებელია სანიაღვრე სისტემა.
„მსოფლიოში მიდმინარე სიცხეებიც კლიმატის ბრალია. თუმცა ამას კიდევ ემატება ბუნებრივი ფაქტორი. სამხრეთიდან შემოსული ცხელი ჰავა ძალიან აქტიურად ზემოქმედებს ევროპის ნაწილზე. სავარაუდოდ, ელ-ნინიოს გავრცელებაა. ეს არის მოვლენა, რომელიც ფორმირდება ეკვატორზე და ვრცელდება მერე მთელ დედამიწაზე. სამწუხაროდ, ამ ელ-ნინიოს უწოდებენ სუპერ ელ-ნინიოს. ჩვენ ახლა შევდივართ იმ ფაზაში. თან განაპირას ვართ, ალბათ მაღალი ტემპერატურები იქნება, ანუ ცხელი ტალღების წარმოშობა შეიძლება მოხდეს. რაც მნიშვნელოვანია, წვიმები ალბათ გაგრძელდება კიდევ დიდხანს. მოკლედ, მაღალი ტემპერატურა და პარალელურად ნალექი დიდი ოდენობით. თუმცა ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გვალვაც შეიძლება იყოს”,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ „რეზონანსთან”.