მარიამ ვეკუა
22.07.2026

ვაშინგტონის ოფიციალურ რიტორიკასა და ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე არსებულ რეალობას შორის აცდენა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებაზე მიუთითებს, რეგიონში ამერიკულ ბაზებზე იერიშები ინტენსიური ხდება, ხოლო დაშავებულ ჯარისკაცთა რაოდენობა ნახტომისებურად იზრდება.

პენტაგონის მიერ მონაცემების დაგვიანებით გაჟღერებამ და ბოლო ორ კვირაში ასამდე სამხედროს დაშავებამ თეთრი სახლის „ესკალაციით მშვიდობის მიღწევის" სტრატეგია სერიოზული კითხვების ნიშნის ქვეშ დააყენა.

ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების მატების ფონზე, პენტაგონმა განაცხადა, რომ ირანთან ომში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. უწყების მთავარმა სპიკერმა, შონ პარნელმა ორშაბათს X-ზე დაწერა, რომ დაზიანებების აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი ტვინის შერყევა იყო და დაშავებულთა 96% სამსახურს უკვე დაუბრუნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის 7 ივლისიდან მოყოლებული, 100-მდე სამხედრო მოსამსახურეს გარკვეული ხარისხის დაზიანება ჰქონდა მიღებული, მათი 96% უკვე დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებას. ისინი მტკიცედ ბრუნდებიან ბრძოლაში. დაზიანებების დიდი უმრავლესობა მსუბუქი ტვინის შერყევა იყო", - დაწერა პარნელმა.

საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა თუ დაშავებულთა შესახებ მონაცემები, როგორც წესი, თავდაცვის სფეროს მსხვერპლთა ანალიზის სისტემაში აისახება ხოლმე, თუმცა აღნიშნული მონაცემთა ბაზაზე ინფორმაცია განახლებული არ იყო და პროცესებს ჩამორჩებოდა.

პენტაგონის მიერ ინფორმაციის განახლებამდე, ბაზაში მითითებული იყო, რომ ივლისის თვეში არცერთი ჯარისკაცი არ დაშავებულა. სამშაბათის მონაცემებით კი, მიმდინარე თვეში დაჭრილთა რაოდენობამ 32 შეადგინა - რაც ბევრად ჩამორჩება პარნელის მიერ გამოცხადებულ 100 დაშავებულს.

პენტაგონის სისტემის თანახმად, ოპერაცია „ეპიკური რისხვის" ფარგლებში, სულ 18 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 447 დაშავდა. თუმცა, პარნელის განცხადებაზე დაყრდნობით, დაჭრილთა რეალური რაოდენობა შესაძლოა 500-ს აღემატებოდეს.-წერს ამერიკული სამხედრო გამოცემა „Stars and Stripes".

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, გასული კვირის ბოლოს, იორდანიაში მდებარე „მუვაფაქ სალტის" ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ორი სამხედრო დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

თუმცა, „ნიუ-იორკ თაიმსის"ინფორმაციით, პენტაგონმა ამავე ქვეყანაში განხორციელებული სამი სხვა დარტყმისა და ათეულობით დაშავებულის შესახებ, ცნობები დამალა. პარნელმა თავდაპირველად ეს სტატია „სრულ სიცრუედ" შეაფასა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად მიიღეს დაზიანებები იმ სამხედროებმა, რომლებზეც მან „იქსზე" დაწერა.

უნდა აღინიშნოს, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა ზრდა ტრამპის ადმინისტრაციაზე შიდა პოლიტიკურ წნეხს ზრდის, რადგან ოპონენტები და ექსპერტები სვამენ კითხვას: რამდენად მდგრადია „ესკალაციით მშვიდობის მიღწევის" სტრატეგია, როდესაც მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება?!

სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, მსხვერპლის ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა ავიაციამ ირანის საჰაერო თავდაცვა და ინფრასტრუქტურა მძიმედ დააზიანა, თეირანი „ასიმეტრიული ომის" ტაქტიკას იყენებს.

ირანი და მისი რეგიონული მოკავშირეები ერთდროულად უშვებენ იაფფასიანი დრონებისა და რაკეტების დიდ რაოდენობას, რაც რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვას იწვევს.

გარდა ამისა, მოწინააღმდეგე იყენებს მობილურ გამშვებებსა და მიწისქვეშა ბაზებს, რომელთა ჰაერიდან სრულად ამოძირკვა შეუძლებელია, ხოლო ფრონტის ხაზის გაფართოება წითელი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე ამერიკული ობიექტების 100%-იან დაცვას პრაქტიკულად გამორიცხავს.

იერიშების ახალი ტალღა

სამშაბათს, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განაცხადა, რომ მათი სამიზნე ბაჰრეინსა და ქუვეითში განთავსებული აშშ-ის სამხედრო ობიექტები , მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური სადგური გახდა.

ამავდროულად, ჰორმუზის სრუტეში მყოფმა ტანკერმა განაცხადა, რომ უცნობი ჭურვი მოხვდა, რის გამოც ეკიპაჟი იძულებული გახდა, ხომალდი დაეტოვებინა და სამაშველო ნავში გადასულიყო. ქუვეითმა, ბაჰრეინმა და იორდანიამ დაადასტურეს, რომ იერიშების მოსაგერიებლად თავდაცვის სისტემები აამოქმედეს. თუმცა, რეგიონის მასშტაბით არსებულ ამერიკულ ბაზებზე დაშავებულთა ასეთმა მასშტაბმა ირანის საპასუხო დარტყმების მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა.

ცენტრალური სარდლობის მიერ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო ჩამოგდებული ირანული დრონის საკონტროლო აფეთქებისას დაიღუპა.

ამასთან, სამხედრო უწყება მუშაობს იმ ცხედრის იდენტიფიცირებაზე, რომელიც, შესაძლოა, იორდანიაში დაღუპულ მესამე ამერიკელ სამხედროს ეკუთვნოდეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ორშაბათს ირანზე დარტყმები განახორციელეს.

იერიშების სამიზნე სანაპირო მეთვალყურეობისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტები, ასევე სამხედრო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა გახდა. „ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის ფასს მრავალჯერადად გადაიხდიან", დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

შესუსტდა ესკალაციის ფონზე ჰორმუზის სრუტეზე ირანის პოზიციები?

აშშ-ის მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმების ზედიზედ ათმა ღამემ თეირანი, ვერ აიძულა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი შეესუსტებინა, სადაც ომამდე ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა.

გლობალურ ვაჭრობასა და ნავთობის ფასებზე ამ შეფერხებით გამოწვეული ზიანის შემცირების მცდელობები კიდევ უფრო გაართულა ორშაბათს იემენელი ჰუსიტების (რომელთაც ირანი უჭერს მხარს) განცხადებამ -საუდის არაბეთისთვის საზღვაო ემბარგოს დაწესების შესახებ. ჯერჯერობით, ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ეს ემბარგო, თუმცა ჰუსიტების წარმომადგენლის განცხადებით, ბაბ-ელ-მანდების სრუტე (წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში, სადაც ჩვეულებრივ მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის) საუდელებისთვის ჩაიკეტება , მიზეზი კი სამეფოს მიერ „იემენელების წინააღმდეგ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაწესებული უსამართლო ბლოკადაა".

იმ ფონზეც კი, როდესაც აშშ და ირანი კვლავ სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე არიან, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებისთვის კონფლიქტის მთავარ შუამავალთან პაკისტანთან გაემგზავრა.

თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა ახალი შეთანხმების მიღწევაა შესაძლებელი მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ხელმოწერილი დროებითი შეთანხმება -რომელსაც საბრძოლო მოქმედებები უნდა შეეჩერებინა , ჩაიშალა. ბოლო ცნობები ჰორმუზიდან ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა თითქმის სრულად შეჩერებულია.

საბრძოლო მოქმედებების გამწვავებასთან ერთად, ორმხრივი დარტყმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც გახდა, რომელზეც მილიონობით ადამიანია დამოკიდებული. ესკალაციამ ბოლო კვირებში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია. სამშაბათს, ეტალონური Brent მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 88 დოლარს გადააჭარბა, ხოლო აშშ-ში ჩვეულებრივი ბენზინის საშუალო ფასი გალონზე 4 დოლარამდე გაიზარდა, რაც ამერიკელების ჯიბეზე წნეხს ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ კიდევ უფრო ზრდის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×