
თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაერთვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა,
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვახო სანაია იყო პირველი პირი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო პოლიტიკური პირის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მესამე ფაქტს ედავებოდა.
„სასამართლო სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდარღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, მან გამოაქვეყნა „პოსტი", რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას.
შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევით ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას.
ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათის, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა.
რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისაგან. ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს და თვითონვე ახორციელებდა ამის გავრცელებას.
აქედან გამომდინარე, მისი ეს ვითომდა დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისაგან გამომრიცხავ გარემოებად ვინაიდან, გამოხატვის თავისუფლების შეფასების დროს კონკრეტული გამონათქვამი ექცევა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში მხოლოდ ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა წინადადების შეფასებისთვის, არამედ მიზანს, კონტექსტს და შინაარსს, რაც ჩვენი მოსაზრებით, შეფასებული იქნა, როგორც შეურაცხმყოფელი გამოხატვა და სასამართლოს მიერაც აღნიშნული ამგვარად იქნა გაზიარებული", - განაცხადა მარიამ კერესელიძემ.
თავად ვახო სანაიას თქმით, რაც არ უნდა გამოიყენონ, ჯარიმა თუ პატიმრობა, ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„ვერავინ ამიკრძალავს ვთქვა ის, რაც მინდა რომ ვთქვა და გამოვხატო ისე, როგორც მე მინდა. თავად ეს სხდომები, რომელსაც მე არ ვესწრები აბსურდულია. იმ სიტყვებს, რაც მათ არ მოსწონთ, ამას ბეჭედს ურტყამს მოსამართლე და ამბობს, რომ ეს ხალხი ის ხალხია, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის.
განიხილავენ იმას, რაც წარმოუდგენელია, არც ვიცი რას განიხილავენ. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემს სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. ეს არის ჩემგან ნაბიჯი, დასტური, რომ თუ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება განადგურდება, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე. ეს ვერ მოხდება! ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა! ვერ მოხდება ის, რომ გაგვაჩუმონ",- აღნიშნა სანაიამ.
შეფასებები
„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს, რომ „ვახო სანაიას „ფეისბუქ" სტატუსის გამო 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა - ჩვენ ეტყობა დიქტატურა ტანკებით და ავტომატიანების მიერ ქუჩების გაკონტროლება გვგონია".
მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სანაიას დაკავებას რუსული სტილის ტოტალურ ცენზურას უწოდებს: „ჟურნალისტების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაპატიმრება კანონი კი არა, სუფთა ავტორიტარული პარანოიაა!" - წერს ზურაბიშვილი.
„დროას" ლოდერი, ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და ანახოს ხელისუფლებას, რომ ის არაფრის დათმობას არ აპირებს. „პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ვახო სანაიას, რომელიც გამორჩეულია საკუთარი შეუპოვრობით. სრული მხარდაჭერა მის ოჯახს. საგანგაშო, რაც დღეს ხდება, პირველ რიგში, არის ის, რომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, "ფორმულას", "ტვ პირველს", "კავკასიას" და ჟურნალისტებს უშუალოდ და ინდივიდუალურად.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვის შეზღუდვა არის ადამიანისა და საზოგადოების მკვლელობა. საგანგაშო იქნება, თუ ჩვენ ამას შევეგუებით",- აღნიშნა ხოშტარიამ.
სანაიას დაკავებაზე კომენტარი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, თამარ ონიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან და ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა.
„ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა "ფეისბუქ-პოსტის" გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან. ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა, განხორციელებული იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პერსონიფიცირებული მიზნით იქნა მიღებული კრიტიკული ხმების ჩასახშობად და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო ასეთი გადაწყვეტილებებით რეალურად რეპრესიული პოლიტიკის აღმასრულებლები არიან. ეს აქტები მიღებულ იქნა არა საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური რეპრესიული მიზნების განსახორციელებლად.
მაინც, თუ ვინმეს კიდევ აინტერესებს, ფორმალური სამართლის მიღმა, რა შეუძლიათ სასამართლოებს, დავწერ: სინამდვილეში, სასამართლო პრაქტიკის კონვენციური კონტროლი წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ინსტანციების, არამედ ეროვნული სასამართლოების ფუნქციურ ვალდებულებასაც. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ პრაქტიკის კონვენციასთან შესაბამისობა. ამიტომაც,
"კანონია ასეთი" ვერ ამართლებს ვერაფერს. ვერანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური არგუმენტი ვერ გაამართლებს ჟურნალისტის 14-დღიან პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო", - წერს თამარ ონიანი.
„ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი „ფეისბუქის" მეშვეობით ადამიანების ლანძღვა და ღირსების შელახვა შეუძლიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი მოქმედებს იმის წინააღმდეგ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს სოციალური ქსელის საშუალებით ღირსება არ შეულახოს."
„ოფიციალური სტატისტიკა არსებობს, მაგალითად, ბრიტანეთში, სადაც 2024 წელს 12 000 -ზე მეტი ბრიტანელი მხოლოდ კონსერვატორული შინაარსის მქონე პოსტების გამოქვეყნებისთვის - შეურაცხყოფაზეც არ არის საუბარი.
ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი შეუძლიათ „ფეისბუქის" მეშვეობით ადამიანები ლანძღონ და ღირსება შეულახონ. კი ბატონო, იყოს ეს მათთვის პრობლემა, მაგრამ მოუწევთ ჯარიმის გადახდა და თუ არ გადაიხდიან, შემდეგ სხვა ტიპის სანქციაა. ეს არის ერთ-ერთი მდგენელი იმისა, რომ ფაშიზმი და პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოში დავასრულოთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამავე თემაზე საუბრისას მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს.
„ფრაზა, რომ „ადამიანი პოსტის გამო 14-დღიან პატიმრობაში სასჯელს უნდა იხდიდეს", ძალიან სკანდალური და ხმაურიანია. მაგრამ თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ, რის წინააღმდეგ ავამუშავეთ კანონი - ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს „ფეისბუქ" პოსტებით უპირისპირდებიან და საშინლად ლანძღავენ და ამცირებენ ერთმანეთს საზოგადოდ. ეს არის ამ პოლიტიკური ტერორიზმის, იგივე ფაშიზმის, რადიკალიზმის და ექსტრემიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. შესაბამისად, ჩვენს მიერ სამმართველოს შექმნა და ამის შემდეგ მოსამართლეების მიერ ჯარიმების დაკისრება, არის ერთ-ერთი მექანიზმი ამ ყველაფრის პრევენციისთვის. მე მოსამართლის გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ - ეს უნდა შეაფასოს, თუ ვინმეს არ აწყობს, სტრასბურგის სასამართლომ, სადაც 100-ით 0-ია ქართული მართლმსაჯულების სასარგებლოდ ყველა დავა დასრულებული. თუ ადამიანს ჯარიმის არ ეშინია, ხელმეორედ აკეთებს და ჯარიმას არ იხდის, რა უნდა გააკეთო? სხვა გზა მოსამართლეს აღარ რჩება. ფართო კონტექსტში უნდა შეხვიდეთ - ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.