
"ფეისბუქზე" დაწერილი სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს ვახოა. ძალიან შოკისმომგვრელია, - ამის შესახებ ჟურნალისტის, ვახო სანაიას მეუღლემ თამარ ყურაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, როდესაც სამართალდამცავებმა ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
როგორც თამარ ყურაშვილმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს ვახო სანაიას ბრძოლაში.
„ძალიან გაგვიჭირდება მის გარეშე. მე ყველანაირად ვიზიარებ ვახოს პოზიციას, მხარს ვუჭერ მას ამ პროცესში, ამ ბრძოლაში. ჩემს თვალწინ პირველად მოხდა მისი დაკავება, წინა დაკავებისას საქართველოში არ ვიყავი. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა მოხდა.
„ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს ვახოა, ეს ძალიან შოკისმომგვრელია“, - აღნიშნა თამარ ყურაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.