
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციისთვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების წარმოების მიზნით, ერთი-ერთი ბრალდებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მოაწყვეს ფარული ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილი იყო ნარკოტიკული საშუალებების წარმოებისთვის საჭირო ინვენტარით. აღნიშნულ ფარულ ლაბორატორიაში ბრალდებულები, 2025 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, ჯგუფურად, რეგულარულად აწარმოებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, „მეფედრონს" და „კლეფედრონს".
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ბ", მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჯგუფურად); 260 კვარტა მუხლის მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის „ბ", მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჯგუფურად); 266-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ჯგუფურად) და 260 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ბ", მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოება ჯგუფურად) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.