
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ დასრულებისგან, თუმცა ამ წუთში წასვლას არ ვაპირებთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასულ წელს განხორციელებული სამხედრო დარტყმები გადამწყვეტი იყო. როგორც მან აღნიშნა, ის რომ არ განხორციელებულიყო, ირანს ახლა ბირთვული იარაღი ექნებოდა და ისრაელი აღარ იარსებებდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ირანი თავისი ერთ-ერთი ბირთვული ობიექტის აღდგენას ცდილობს. ტრამპმა მკაცრი გაფრთხილება გააკეთა და განაცხადა, რომ აშშ თითოეულ ასეთ მცდელობაზე პასუხს გასცემს.
„ჩვენ იმ ობიექტს დავარტყამთ. ნებისმიერ ადგილს, სადაც ბირთვულ პროგრამაზე თუნდაც ფიქრობენ, უმკაცრესად და ყველაზე მძლავრი დარტყმით გავანადგურებთ", - ხაზგასმით აღნიშნა დონალდ ტრამპმა.