
ბოლო პერიოდში საქართველო ექსპორტისა და რეექსპორტის კუთხით მნიშვნელოვან მატებას განიცდის. "საქსტატის" მონაცემებით, საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი ირანთან. პარალელურად მომატებულია ნავთობპროდუქტების ექსპორტი ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ტოგო, ჩინეთი, ლიბია და ა.შ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ქვეყნებმა შეცვალეს მომწოდებლები და საქართველომ ამით ისარგებლა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში, ირანში ექსპორტის მოცულობამ 106.855 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-ივნისში 14.647 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ირანთან ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. კერძოდ, თუ გასული წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ირანში რეექსპორტზე მხოლოდ 5 მანქანა გავიდა, 2026 წლის იანვარ-ივნისში ამ მაჩვენებელმა 5 086 ერთეული შეადგინა (რაც თითქმის 1017-ჯერ, ანუ 101 620%-ით მეტია).
ასევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე იკვეთება, რომ მოცემულ საანგარიშო პერიოდში საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო ნედლი ნავთობი, რომლის იმპორტიც 2026 წლის იანვარ-ივნისში, გასულ წელთან შედარებით, 95 486%-ით გაიზარდა და 202.155 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ადგილობრივი წარმოების ნავთობი და ნავთობროდუქტები ტოგოში გავიდა.
ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტის ტოპ-5 ქვეყანა კი ასე გამოიყურება:
ტოგო - 96.860 მლნ აშშ დოლარის 105 384 ტონა;
ჩინეთი - 79.969 მლნ აშშ დოლარის 105 477 ტონა;
თურქეთი - 68.939 მლნ აშშ დოლარის 136 091 ტონა;
სენეგალი - 62.780 მლნ აშშ დოლარის 71 280 ტონა;
ლიბია - 35.303 მლნ აშშ დოლარის 28 650 ტონა.
ეს არის ახალი ტენდენცია, რაც ახლო აღმოსავლეთი მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა. მართალია ჩვენ შეიძლება ვიხეიროთ, ამ ყველაფრით, მაგრამ საინტერეოსა რატომ არის ასეთი მკვეთრი მატება ამ ორი მიმართულებით?
ეკონომისტი გივი მომცელიძე ფიქრობს, რომ არსებული კონფლიქტტის ფონზე ირანმა შეცვალა მიმწოდებლები და ჩვენმა ქვეყანამაც სწორედ ამით ისარგებლა. ახალი სავაჭრო გზით ავტომობილების ბიზნესში ჩართული საქართველოს მოქალაქეები დამატებით სარგებელს ნახავენ.
,,ვფიქრობ, ირანში მანქანების მიმართულებით გაზრდილი რეექსპორტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგია. მათ, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობა ჰქონდათ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, ამიტომ დიდი ალბათობით, შეცვალეს მომწოდებლები და საქართველომ ამით ისარგებლა. ეს კარგი რამაა იმ კუთხით, რომ ადამიანები, რომელებიც ამ ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, დამატებით სარგებელს ნახავენ.
რაც შეეხება ნავთობს, მისი ექსპორტის ზრდის ამბავი თითქოს იდუმალებით მოცულია. რასაკვირველია, ახლა ირანსაც და რუსეთსაც უჭირთ ნავთობპროდუქტების გატანა და ჩნდება ახალი გზები. საქართველომ კი ამით ისარგებლა და გაზარდა ექსპორტი.
ცხადია, კარგია ექსპორტი ზრდა, მაგრამ განსხვავებით მანქანებისაგან, ნავთობის ექსპორტით მხოლოდ მცირე ჯგუფი სარგებლობს. მესმის, რომ ამ გზით ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, საქართველოს ექსპორტზე გაჰქონდეს ისეთი პროდუქცია, რომელიც გაცილებით მეტ ადამიანს მოუტანს დამატებით შემოსავალს" - განუცხადა ,,რეზონანსს" მომცელიძემ.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ჰაბის როლი იზრდება. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით, სწორედ ამის დასტურია ის, რომ ქვეყანაში თანდათან მატულობს რეესქპორტიც და ექსპორტიც.
,,ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ჰაბის როლი იზრდება. ეს ციფრები კი, პრაქტიკული დატვირთვის მაჩვენებელია. ამა თუ იმ გარემოებების გამო, სხვადასხვა სახელმწიფოები ცდილობენ შეიძინონ საქონელი იმ ქვეყნებიდან ან იმ ქვეყნების გავლით, რომელთანაც მათ ნორმალური ურთიერთობა აქვთ. საქართველოს საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს და იმპორტ-ექსპორტისა და რეექსპორტის ხაზით აქტიურ პროცესშია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო თვეებში რეექსპორტის დინამიკა რამდენადმე შემცირდა და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7-8%-ით ნაკლებია. პარალელურად, გაიზარდა ადგილობრივი წარმოების ექსპორტი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, თურქეთი. ამიტომაც საქართველო, ამ მომენტში გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს. თუმცა, ჩვენ უნდა დავიცვათ საერთაშორისო ქცევის წესები მოგებისა და ეკონომიკური სარგებლის გამოყენებით არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკურ სანქციების ქვეშ მოგვაქცევს.
ირანი დღეს სანქციების რეჟიმში ცხოვრობს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს ქვეყანა ცდილობს სხვა გზებით შეიძინოს ის საქონელი, რომელიც პირდაპირი გზებით არ მიეწოდება," - განუცხადა ,,რეზონანსს" სოსო არცვაძემ და დასძინა, რომ რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ჩვენ მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ რეექსპორტში ვმონაწილეობთ და შეიძლება ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზაროს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ კონიექტურაზე, რაც მსოფლიოში ჩამოყალიბდება.