
შაბათს, ბათუმში გამართული მასშტაბური ქორწილი სოციალურ ქსელებსა და მედიაში განხილვის მთავარ თემად იქცა. ღონისძიებაზე, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, ყურადღება არაერთმა საინტერესო დეტალმა მიიპყრო, რომელიც პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებით დაიწყო და ექს-მინისტრის იშვიათი გამოჩენით დასრულდა.
ქორწილმა ორი გავლენიანი ოჯახი გააერთიანა: პატარძალი - სალომე თარგამაძე, შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილი გახლავთ, ხოლო სიძე - გიგა პაპუნაიშვილი, ცნობილი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟი.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კახა თარგამაძის გამოჩენამ. 70 წლის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც მედიასთან იშვიათად ჩნდება, ტაძარში ქალიშვილის გვერდით იმყოფებოდა და იგი საკურთხეველთან მიაცილა. საინტერესოა, რომ გავრცელებულ ფოტოებსა თუ ვიდეოკადრებში სტუმრები და ფოტოგრაფები თავს არიდებდნენ ექს-მინისტრის ახლო ხედით გადაღებას, თუმცა იგი მაინც მოხვდა რამდენიმე კადრში.
კახა თარგამაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 1995-2001 წლებში, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იკავებდა. იმ წლებში იგი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა, რომელსაც "რკინის კაცის" სახელით იცნობდნენ. მისი მოღვაწეობა ხშირად ხვდებოდა პოლიტიკური კრიტიკისა და სკანდალების ცენტრში. იგი თანამდებობიდან 2001 წლის 1-ელ ნოემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში პოლიციის შესვლის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციებისა და საპარლამენტო ზეწოლის შედეგად გადადგა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2005 წელს, თარგამაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. 2014 წელს მან მაშინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
მინისტრის პოსტზე ყოფნისას კახა თარგამაძე დაოჯახებული არ ყოფილა და მისი პირადი ცხოვრება მკაცრად დაფარული გახლდათ. წლების განმავლობაში მედიაშიც არაფერი დაწერილა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა იგი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, "რკინის კაცმა" თანამდებობიდან ჩამოშორების შემდეგ მშვიდი პირადი ცხოვრება არჩია და ცოლად შეირთო მასზე ბევრად უმცროსი ყოფილი მოდელი, თამუნა ჯაფარიძე. წყვილს ქალიშვილი - სალომე შეეძინა.
წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე