
ახალი პოლიტიკური გეგმები, თუმცა უცვლელი მხარდაჭერა სტრატეგიულ პარტნიორებთან - გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ენდი ბერნემმა ქვეყნის მართვის სადავეები ოფიციალურად გადაიბარა, ახალმა პრემიერმა აშშ-ს პრეზიდენტისგან შექება უკვე დაიმსახურა, რა შეიცვლება ბრიტანეთის პოლიტიკურ რეალობაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური რეფორმების ფონზე და გაიზიარებს თუ არა ახალი პრემიერი მისი წინამორბედის ბედს, რომლის ორწლიანი მმართველობაც კრიზისით დასრულდა?
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა - ორშაბათს, თანამდებობიდან მიმავალი პრემიერ-მინისტრი სტარმერი ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრა, რათა მეფე ჩარლზ III-სთვის გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიემართა.
მალევე, ანალოგიური გზა გაიარა მისმა მემკვიდრემ, ენდი ბერნემმაც, რომელსაც მეფემ ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. ამის შემდეგ ბერნემი დაუნინგ სტრიტზე დაბრუნდა, სადაც პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი სიტყვა წარმოთქვა.
„ჩემი თაობის პოლიტიკოსებისგან ეს თამაშის წესების შეცვლას და ახალ საფეხურზე ასვლას მოითხოვს". აღნიშნა, პოლიტიკოსები „აღიარებენ, რომ ბევრ ამომრჩეველს პოლიტიკის მიმართ იმედგაცრუება გაუჩნდა". „მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან: ჩვენ არ ვიყავით საკმარისად კარგები და უნდა გავხდეთ უკეთესები. და ჩვენ ეს შევძლებთ", - განაცხადა ბერნემმა.
ბერნემი, ბოლო ათი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა 2016 წლის ივნისში ევროკავშირის დატოვებას მისცეს ხმა, გაერთიანებული სამეფოს რიგით მეშვიდე პრემიერ-მინისტრია.
სტარმერი პოსტს ორწლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს
ბუკინგემის სასახლეში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ოფიციალურად გადადგომამდე, , კირ სტარმერმა ორშაბათს, დილით, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერთან გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა: „ჩემი საქმე შესრულებულია".
„ჩვენი პარტია 2019 წლის ისტორიული მარცხიდან გამოვიყვანე, ისე შევცვალე, რომ ქვეყნის წინაშე წარსადგენად მზად ყოფილიყო და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ", - აღნიშნა სტარმერმა. მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას „ცხოვრების უდიდესი პატივი" უწოდა და დასძინა, რომ თანამდებობას იმ რწმენით ტოვებს, რომ ბრიტანეთი დღეს „უფრო ძლიერი და სამართლიანია", ვიდრე ორი წლის წინ იყო.
დაუნინგ სტრიტზე გამოსამშვიდობებელი სიტყვის დასასრულს სტარმერმა აღნიშნა: „მე მივდივარ ღირსეულად, მივდივარ ღიმილით და ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ". სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს ცენტრისტულ-მემარცხენე „ლეიბორისტულ პარტიას" ორი წლის წინ დამაჯერებელი გამარჯვება მოუპოვა, თუმცა მისი პერსონალური რეიტინგი მკვეთრად დაეცა.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩევლების აზრით, მან ხელშესახები ცვლილებების განხორციელება ვერ შეძლო. ყოფილი პრემიერი ასევე მკაცრად გააკრიტიკეს ვაშინგტონში ბრიტანეთის ელჩად პიტერ მანდელსონის დანიშვნის გამო, რომელიც სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული, განსვენებული ჯეფრი ეპშტეინის ახლო მეგობარი იყო.
მოგვიანებით სტარმერმა მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც მაისის ადგილობრივ არჩევნებზე „ლეიბორისტებმა" მანდატები პოპულისტურ, ანტიიმიგრაციულ პარტიასთან დათმეს, სტარმერის გადადგომის მოთხოვნას მისივე პარტიის კანონმდებლები შეუერთდნენ.
სტარმერმა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის პოსტი 22 ივნისს დატოვა, პარასკევს კი ეს როლი ბერნემმა გადაიბარა. ბრიტანეთის საპარლამენტო სისტემის მიხედვით, მმართველ პარტიას თავისი ლიდერის შეცვლა საყოველთაო არჩევნების ჩატარების გარეშე შეუძლია.
გაერთიანებულ სამეფოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ იგეგმება. ბერნემის პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრის რანგში ბერნემი მანამდე 16 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრი იყო , ასევე ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის ლეიბორისტულ მთავრობებში რამდენიმე მინისტრის პოსტს იკავებდა.
მან კენჭი „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერად ორჯერ იყარა, 2015 წლის არჩევნებში მისი კანდიდატურა სწორედ სტარმერმა წარადგინა ,რის შემდეგაც მან პარლამენტი დატოვა და დიდი მანჩესტერის მერი გახდა. ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობა ბრიტანეთისთვის იქნება „კრიზისის გარდამტეხი (ე.წ. ამომრთველი), რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს განახორციელებს".
„მე შემიძლია გადავდგა ნაბიჯები, რათა ხალხს ახლავე მივცე ამოსუნთქვის საშუალება და დავეხმარო მათ ცხოვრების ხარჯების შემსუბუქებაში", განაცხადა ბერნემმა მან დასძინა: „სულ მალე გავცემ პირველ განკარგულებას - ჩვენს ქვეყანაში უსახლკარობისა და ქუჩაში ძილის პრობლემა უნდა დასრულდეს". ბერნემმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ბრიტანეთის განვითარების 10-წლიან გეგმას წარადგენს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბერნემი გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. ახალი პოლიტიკური კურსი? ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერნემმა შესაძლოა შეამსუბუქოს ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის ახალი ჭაბურღილების ბურღვაზე დაწესებული აკრძალვა, რის გამოც მან კვირას, სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ ტრამპისგან დაუყოვნებლივი შექება დაიმსახურა.
ტრამპმა დაწერა, რომ ჩრდილოეთის ზღვაში ბურღვის განახლებით ბერნემი გაერთიანებულ სამეფოს „ღარიბი და გაუბედურებული ქვეყნიდან მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოდ" გარდაქმნიდა.
ევროპელმა ლიდერებმა ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება უკვე მიულოცეს, ბერლინიდან კი პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტის მოწვევაც მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა ახალ პრემიერთან ყველა ფორმატში ითანამშრომლოს. „დიდად ვაფასებთ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ, თავდაცვით და ღირებულებებზე დაფუძნებულ მხარდაჭერას. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველი ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს და გავაგრძელებთ ერთმანეთის გაძლიერებას. მოუთმენლად ველი ჩვენს საუბარს დღეს", - აცხადებს ზელენსკი საპასუხოდ კი ბერნემმა განაცხადა, რომ "პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვი არ შეეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კვლავ ურყევი და მტკიცეა", "დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში ნათლად დავაფიქსირებ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება. მე მის გვერდით 100%-ით ვიქნები, ისევე როგორც კირ სტარმერი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს ენდი ბერნემმა.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიჰოლ მარტინმა მიესალმა ბერნემის დანიშვნას და იმედი გამოთქვა, რომ მასთან ერთად იმუშავებს გაერთიანებულ სამეფოს, ირლანდიასა და ევროკავშირს შორის კავშირების გასამტკიცებლად.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და გერმანია „ახლო მოკავშირეებად და პარტნიორებად" რჩებიან და ბერნემი ბერლინში მიიწვია. მიუხედავად ამისა, ბერნემი, სავარაუდოდ, იმავე გამოწვევების წინაშე დადგება, რომლებმაც სტარმერის მმართველობა შეაფერხა: ცხოვრების გაძვირებული ხარჯები, ეკონომიკის ნელი ზრდა და ატლანტის ოკეანის მიღმა მყოფი ის არაპროგნოზირებადი ამერიკელი მოკავშირე.