
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან იმუშაონ სირიის სახალხო კრებასთან [პარლამენტთან] და საერთო მიზნებისთვის იმუშაონ, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვისთვის ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომლებმაც აღიარეს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - ნათქვამია განცხადებაში.
ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის ახალ ხელისუფლებას (რომლის ბირთვსაც ყოფილი ამბოხებულები შეადგენენ) საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ფინანსური დახმარება სჭირდება ქვეყნის აღსადგენად. ევროკავშირი ამ განცხადებით სირიის ახალ პარლამენტს ("სახალხო კრებას") მკაფიო პირობას უყენებს: თუ გსურთ დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა, აღიარება და მხარდაჭერა, უნდა გადახედოთ ასადის დროინდელ საგარეო პოლიტიკას.
ასადის რეჟიმი სრულიად იყო დამოკიდებული მოსკოვზე. სწორედ კრემლის კარნახით აღიარა სირიამ 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის) "დამოუკიდებლობა", ხოლო მოგვიანებით მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.
ასადის გადაწყვეტილებების გაუქმება ნიშნავს, რომ რუსეთი კარგავს კიდევ ერთ დასაყრდენს ახლო აღმოსავლეთში, ხოლო მისი საგარეო პოლიტიკური "მიღწევები" იურიდიულად ბათილდება.
ანალიტიკოსების აზრით, ეს არის გეოპოლიტიკური ვაჭრობის დასაწყისი. ევროკავშირი სირიას სთავაზობს: „ჩვენ დაგეხმარებით ახალი სახელმწიფოს შენებაში, თქვენ კი სანაცვლოდ უნდა დაუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს და უარყოთ ასადის რუსული კურსი".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას აფასებს: „ასადის დროს კარგი დრო არ იყო, მაგ მხრივ. ასადმა მაშინ მხარი დაუჭირა, თუ შეიძლება ითქვას, რუსულ პოლიტიკას. ამ მხრივ, მოწოდება მიმართული არის არა იმდენად უკრაინის და საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ (ეხლა საქართველო საერთოდ... ნუ, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ უკრაინის მდგომარეობას ეს მოწოდება დიდად არაფერს შველის), მაგრამ ჩათვალეს, რომ რუსულ პოლიტიკაში აყოლა, ბლოკირებული უნდა იყოს.
მისასალმებელია, ასე თუ თვლიან და თუ დააკონკრეტებენ ზოგიერთ სხვა დეტალს, ალბათ უკეთესი იქნება. კერძოდ, ომში ჩართვა-არჩართვის თემებს, რისკენაც მოგვიწოდებდა ლიეტუვა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".