მარიამ ვეკუა
18.07.2026

ევროკავშირის მიერ რუსული დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ მიღებული მიზნობრივი სანქციები აჩვენებს ბრიუსელის მზაობას, მკაცრად უპასუხოს კიევზე განხორციელებულ სასიკვდილო იერიშებს, თუმცა ეს ნაბიჯი ევროპაში არსებულ ღრმა ეკონომიკურ დილემას ვერ მალავს.

იმ ფონზე, როდესაც საბერძნეთი, ავსტრია და ბულგარეთი საკუთარი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე 21-ე სანქციების პაკეტს ბლოკავენ, ხოლო დონალდ ტრამპის პოზიცია გლობალურ შეზღუდვებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, დასავლეთი რთული არჩევანის წინაშე დგას: როგორ დაასუსტოს კრემლი ისე, რომ ევროპულმა ეკონომიკამ ზიანი არ თვითონ ბრიუსელს არ მიაყენოს.

ევროკავშირმა უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიევზე განხორციელებული სასიკვდილო დარტყმის საპასუხოდ, პირველად დააწესა. მხოლოდ 2 ივლისს, რუსულ იერიშებს კიევში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში, რომელსაც „ევროპეისკაია პრავდა" ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება,დააწესოს შეზღუდვები კიდევ ერთ ფიზიკურ და ხუთ იურიდიულ პირზე, ევროკავშირის საბჭომ 17 ივლისს მიიღო . სასანქციო სიაში მოხვედრილი იურიდიული პირები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენენ, მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) წარმოებით არიან დაკავებულნი.

სანქცირებული ხუთივე იურიდიული პირი ჯგუფ „ABS Electro"-ს შემადგენლობაში შედის, რომელიც სამხედრო დრონების ოპერირებისთვის საჭირო ელექტრონულ და რადიოელექტრონულ კომპონენტებს აწარმოებს და ავითარებს. ეს კომპანიები მონაწილეობენ ისეთი სისტემების შექმნაში, რომლებიც ზრდის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მათ შორის „Shahed"-ისა და „Geran"-ის ტიპის მოდელების მდგრადობას რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მიმართ, რითაც მათ საბრძოლო შესაძლებლობებს აძლიერებს.

გარდა ამისა, ზოგიერთი აღნიშნული კომპანია აწარმოებს ავტომატიზებულ მართვის სისტემებს რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის, რომელიც კრემლისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

სასანქციო სიაში მოხვდა ერთი ფიზიკური პირიც , ირინა ხარისოვა, რომელიც „ABS Electro"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და ჯგუფში შემავალი რამდენიმე კომპანიის გენერალური დირექტორია. სანქციებში მოყოლილ პირებს აქტივები გაეყინებათ, ასევე აეკრძალებათ ნებისმიერი ფინანსური თუ ეკონომიკური რესურსის პირდაპირ ან ირიბად მიღება. გარდა ამისა, სიაში შეყვანილ ფიზიკურ პირს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესების ინიციატივით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, 1-2 ივლისის ღამეს კიევზე მიტანილი მორიგი მასშტაბური იერიშის შემდეგ გამოვიდა.

კალასმა მაშინ განაცხადა, რომ დარტყმების საპასუხოდ, სასანქციო სიის გაფართოებას და იმ კომპანიების დასჯას მოითხოვდა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული თავდასხმების საპასუხოდ დამატებითი სანქციების დამტკიცება 13 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ამ ზომების მიღება გადადო.

საბერძნეთი სანქციების ახალ პაკეტს მხარს არ უჭერს

საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს მხარს არ უჭერს. მიზეზი ის არის, რომ მესამე ქვეყნებში რუსული გაზის ექსპორტის აკრძალვამ შესაძლოა ევროპული კომპანიების პოზიციები შეასუსტოს. მანამდე, 15 ივლისს, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

საბერძნეთის მთავრობამ მედიასაშუალებებთან განაცხადა, რომ სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი საგულდაგულოდ დაბალანსებული უნდა იყოს. ათენის პოზიციით, შეზღუდვებმა არა მხოლოდ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, არამედ მინიმუმამდე დაიყვანოს „არასასურველი შედეგები ევროპული ბიზნესისთვის, მომხმარებლებისთვისა და კონკურენტუნარიანობისთვის".

ბერძენი მაღალჩინოსნების შეფასებით, სანქციების 21-ე პაკეტმა შესაძლოა ევროპას ეკონომიკის მთელი სექტორების დაკარგვა დაუჯდეს. ამასთანავე, ათენი ბრიუსელს აფრთხილებს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა ბაზრის წილი იმ ქვეყნების კომპანიებს დაუთმოს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა არიან.

„სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა გამოფიტოს და არა სხვებისთვის შექმნას სტრატეგიული მოგება ევროპის ხარჯზე", -განაცხადა წყარომ.

სანქციების ბლოკირებაში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ

საბერძნეთის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სასანქციო პაკეტს ბულგარეთი და ავსტრიაც ბლოკავენ. შედეგად, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა 15 ივლისს 21-ე პაკეტის დამტკიცება ვერ შეძლო. დისკუსიები კვლავ გრძელდება, ხოლო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სულ მცირე, 23 ივლისამდე გადადეს.

სანქციების ირგვლივ დებატები იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევროპის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომით სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს მილიარდერებს სასწრაფოდ გააქვთ ფული ქვეყნიდან, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ე.წ. „დამანგრეველი სანქციები" , დონალდ ტრამპის პოზიციის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×