
კონსტიტუციური გადატრიალება თუ დემოკრატიის აღდგენა: პეტერ მადიარმა კონსტიტუცია შეცვალა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების ახალი მექანიზმი დაამტკიცა, რომელიც თანამდებობიდან მის ჩამოშორებას უზრუნველყოფს. მოქმედ პრეზიდენტს, ტამაშ შულიოკს ახლა 5-დღიანი ვადა აქვს; თუ ის თავადვე არ მოაწერს ხელს კანონში შესწორებას და პოსტს არ დატოვებს, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება. პრემიერმა პრეზიდენტს გადადგომისკენ ჯერ კიდევ მაისში მოუწოდა, რაზეც მაშინვე უარი მიიღო. შულიოკმა სამართლებრივი დახმარებისთვის ვენეციის კომისიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
დიქტატურა დიქტატურის საბოლოოდ დასრულების სახელით: მადიარის გაცხადებულ პოლიტიკას, ხელისუფლებას ვადაზე ადრე ჩამოაშოროს ორბანის კადრები, პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. ყოფილი მმართველი პარტია "ფიდესი" გადაწყვეტილებას კონსტიტუციურ გადატრიალებას და ტირანიას უწოდებს. პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს ყოფილი პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელიც წერს, რომ მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება დემოკრატიას ასამარებს.
პეტერ მადიარის პარტია "ტიზამ" გადაწყვეტილება მარტივად, საკონსტიტუციო უმრავლესობით, 139 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო. კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელსაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის ცვლილება და კონკრეტულ პირზე მორგებული კანონმდებლობის მიღება კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს, ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას ემსახურება და თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების სახიფათო პრეცედენტს ქმნის.
უნგრეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან ადგილობრივი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც. Amnesty International-მა ხელისუფლებას ტამაშ შულიოკისთვის სამართლიანი სამართლებრივი პროცედურის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაიწყო Human Rights Watch-მაც, რომელსაც მიაჩნია, რომ ცვლილებები "ფიდესის" ეპოქის პრაქტიკას ჰგავს, სამართლებრივ სახელმწიფოში კი მიზანი ვერ გაამართლებს იმ საშუალებებს, რომლითაც ის მიიღწევა.
კანონის უზენაესობის დარღვევაზე განგაში ჯერ კიდევ ივნისში ატეხა ევროპულმა პრესამაც, თუმცა დუმილს ინარჩუნებენ ამ დრომდე თავად ევროპელი ლიდერები.
რატომ ხდება სხვაგვარად საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ხშირად რიგითი საკანონმდებლო აქტებიც კი ბრიუსელის კრიტიკის სამიზნე ხდება; მმართველი პარტიისთვის უნგრეთში მიმდინარე პროცესებზე ევროპელი ბიუროკრატების ნულოვანი რეაგირება ორმაგი სტანდარტის მორიგი, მკაფიო გამოხატულებაა.
მოლოდინი, რომ ბრიუსელის ელიტა ხმას ამოიღებს მათივე მხარდაჭერილი პრემიერის ქმედებებზე, არ აქვთ არც პოლიტიკის ექსპერტებს. ანალიტიკოსების თქმით, წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავს სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლოა სანქციებიც კი დაეწესებინათ. ეს მაშინ, როდესაც უნგრეთის შემთხვევაში ფაქტები სახეზეა: ძალაუფლების ცვლილების შემდეგ პარლამენტი პრემიერის ერთპიროვნულ სურვილებს ასრულებს და ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ათავისუფლებს.
შულიოკის გადასაყენებლად მიღებული გადაწყვეტილების პარალელურად მთავრობამ ახალი დოკუმენტიც მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს "კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიის აღდგენას".
უნგრეთის კონსტიტუციის მე-17 შესწორებით უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესაც.