
საქართველოში ხორბლის ფასი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. მიუხედავად რუსეთში არსებული გაურკვეველი მდგომარეობისა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული გზებითაც შეუძლია დანაკლისი შეავსოს ისე, რომ ამან ფასზე გავლენა არ მოახდინოს. მართალია, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვათ და პეროდუქციის უდიდესი რუსეთიდან მარაგდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში არსებულ გაურკვეველ ვითარებას ქართულ ბაზარზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში ხორბლის დეფიციტი არ იქნება. ის ეხმიანება რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დიზელის დეფიციტის გამო, რუსეთს მარცვლეულის მოსავლის დაკარგვა ემუქრება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში დიზელის ხორბლის მოსავლის აღება საფრთხის ქვეშაა. კომბაინებისა და სხვა ტექნიკისთვის დიზელის საწვავის დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა სამხრეთის მთავარ რეგიონებში - როსტოვის ოლქში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, რომლებზეც მარცვლეულის მთლიანი მოსავლის მეხუთედი მოდის.
იმის გამო, რომ საქართველო ხორბლის იმპორტის 90% სწორედ რუსეთიან იღებს, გამორიცხული არ არის, რომ მიწოდებაში გარკვეული დეფიციტი აქაც შეიქმნას, თუმცა ლევან სილაგავა პრობლემებს გამორიცხავს და ამას დიდი კომპანიების მიერ წინასწარ მომარაგებული დიზელის მოცულობით ხსნის.
„რუსეთის ბაზარზე გამოწვევა რა თქმა უნდა, არსებობს. სტავროპოლისს და კრასნოდარის მხარეში გარკვეულად კონტროლის ქვეშ არის აყვანილი დიზელის მომარაგება ხორბლის აღების პერიოდში, რადგან ეს არის საექსპორტო პროდუქტი და ის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა ისეთი, როგორც რუსულ პრესაში იწერება.
რუსეთში ხორბლის მწარმოებლების 70-80% დიდი კომპანიები არიან. მათი სტრუქტურა აწყობილია ისე, რომ ისინი მოსავლის აღებამდე 2-3 თვით ადრე იმარაგებენ დიზელს. შესაბამისად, ამ მხრივ დიდ კომპანიებს პრობლემა არ აქვთ. პრობლემაა დაახლოებით 20-25%-თვის, რომლებიც ყოველდღიურად ყიდულობენ დიზელს და ისე იღებენ ხორბალს. ამიტომ გამოდის, რომ გამოწვევების წინაშე სწორედ ეს ნაწილია დარჩენილი“, - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" სილაგავამ.
პრობლემებს გამორიცხავს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძეც. იგი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია ალტერნატიული გზა გამოიყენოს და ამ მეთოდით ხორბალზე ფასი შეინარჩუნოს.
,,რაც არ უნდა მიწოდების დეფიციტი გაჩნდეს რისეთიდან, ჩვენ ეს არ დაგვეტყობა და ხორბალი არ გაძვირდება. მოგეხსენებათ, უკვე ყაზახეთიდანაც შემოდის მაცვლეული და ეს უკანასკნელი ალტერნატიული გზაა პრობლემისგან თავის ასარიდებლად. რაც შეეხება რუსეთს, მოგეხსენებათ, ახლა ხორბლის მოსავლის აღების პერიოდია. მას უდიდესი მოსავალი მოჰყავს ყოველწლიურად და ცხადია, ბაზრის ათვისება სჭირდება. მართალია, ლოგისტიკურად პრობლემები აქვს, მაგრამ არა მგონია ამან ჩვენზე იმოქმედოს და საფრთხე შეგვექმნას ან ხორბალი გაგვიძვირდეს.
ახლა ჩვენთანაც ასაღებია მოსავალი, მართალია წვიმებმა ცოტა შეგვიშალა ხელი, მაგრამ მთლიანობაში მეხორბლეები მაინც კარგ მოსავალს ელოდებიან. ეს ყველაფერი კი ფოკუსირდება ფასში და გაძვირებას არ ველი.
აქვე ვიტყოდი რომ, ასეთ გაურკვევლობაში ცუდი არ იქნება თუ სახელმწიფო ფქვილის შეძენაზე დაწესებულ გადასახადს შეამცირებს. მოგეხსენებათ, ერთ ტომარა ფქვილზე არსებული 12-ლარიანი გადასახადი 15 ლარი გახადეს. კარგი იქნება თუ კვლავ საწყის ღირებულებას დააბრუნებენ. ეს ფაქტი გაამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ფქვილზე დეფიციტი არ შეიქმნება და ხელმისაწვდომობა ექნება, როგორც კერძო მყიდველებს, ასევე ქარხნებს, რომლებიც სწორედ რუსულ ფქვილს მოიხმარდნენ. ზოგადად, როდესაც პრობლემები იქმნება, არსებობს მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მეწარმეებს, ასევე წისქვილებს მათ დაძლევაში", - განუცხადა ,,რეზონანსს" დოლიძემ.
საკითხთან მიმართებით იგივე დამოკიდებულება აქვს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნიკოლოზ ბენიანიძეს. სანქცირებული რუსეთი ვერ ახერხებსა ხორბლის რეალიზებას ისე, როგორც სურს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ქართულ ბაზარს ხორბალი გაუძვიროს.
,,სანქცირებულ რუსეთს ვერ გააქვს ხორბალი ისე, როგროც მას სჭირდება და მის მოწოდებაზე პრობლემებს არ შეგვიქმნის. შექმნილი საფრთხიდან გამომდინარე უკვე აღარ ხდება ხორბლით დატვირთული გემების გაგზავნა რუსეთიდან. ამ გარემოებამ კი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება გამოიწვია, მაგრამ ჩვენთან - არა. მაგალითად, შარშან 120 მილიონი ტონა მარცვლეული მიიღო ჯამში რუსეთმა და მსოფლიო ბაზარსაც და თავადაც 2 წელი ეყო, დეფიციტი არ შექმნილა. ახლა მოსავლის აღება დაიწყო და მალე გამოჩნდება რა პროცენტს ვერ აიღებს და რას იზარალებს. შემდეგ დასკვნებიც უფრო მარტივად გაკეთდება. ფაქტია, მსოფლიო ბაზარზე რაც ხდება, რუსეთის მეზობლობიდან გამომდინარე, ჩვენთან ნაკლებად აისახება", - განუცხადა ,,რეზონანსს" ბენიანიძემ და დასძინა, რომ თუკი პრობლემა გაჩნდება, მის მოსაგვარებლად საქართველოს ალტერნატიული გზა ყაზახეთთან აქვს. ამიტომაც ხორბალთან და მის გაძვირებასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენს ბაზარს ნაკლებად შეექმნება.