რეზონანსი
14.07.2026

კაია კალასის განცხადება ევროკავშირის დამოკიდებულებაა. ვიღაცას არ სჯეროდა, ასე როგორ შეიძლებაო, მაგრამ ნათლად ჩანს, ისინი გადატრიალების მხარეს არიან, არ არიან ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის მხარეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისივე თვითაღიარებაა, როცა 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა გადატრიალებისთვის შეკრებილ ადამიანებს და მათ მესვეურებს.

„ნათლად ჩანს, მათი დამოკიდებულება დემოკრატიის, ფასეულობების, არჩევნებისა და ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ. მათი მიზანია, მართვადი, მორჩილი და მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ, სადაც გლობალური დაპირისპირების ფონზე საქართველო გამოყენებული იქნება კონფრონტაციის ხაზად. ეს რომ არ გამოუვიდათ, ამიტომ არის, შავ ზღვაში საქართველოს გავლით კაბელსაც აშენებენ, თუმცა საქართველოს მთავრობას, რომელიც ამას ახორციელებს, ვერ ხედავენ. ასეთ კურიოზში არიან ჩავარდნილები. სამწუხაროა, ევროკავშირის მესვეურები ასეთ მდგომარეობამდე მივიდნენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია. დრო იცვლება და აბსურდი, რომ საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი, ოღონდ, საქართველო არ უნდა ჩანდეს, ეს კარგის მომტანი არ არის ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა: „შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნა შავი ზღვის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია, ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×