
კაია კალასს რომ შეეძლოს, შავ ზღვას გუდაში გაახვევდა და ბალტიისპირეთში წაიღებდა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გეორგრაფია ის არის, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ შეცვლის.
„საქართველოს, როგორც დამაკავშირებელ ქვეყანას, გადამწყვეტი პოზიცია უკავია. შესაბამისად, შავი ზღვის განვითარების პერსპექტივა საქართველოს გარეშე შეუძლებელია. სინამდვილეში, ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, სირაქლემის პოზაში ყოფნით ხაზს საკუთარ არაკომპეტენტურობას უსვამენ. ამ ყველაფრის უკან გორბაჩოვის კონსპექტებიც დგას, ვისთვისაც ხალხი და ხელისუფლება ერთი და იმავე არ იყო. ეს არის საბჭოური დამოკიდებულება და მენტალიტეტი. ხელისუფლება სწორედ ქართველ ხალხს წარმოადგენს და ქვეყნის ინტერესებს იცავს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა: „შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნები შავი ზღვის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია, ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“, - განაცხადა კაია კალასმა.