
თელავში, სტიქიის ეპიცენტრში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.
„ბოლოში არის გასული ძირითადი სამუშაოები. მოჰყვება, რა თქმა უნდა, გაწმენდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა, ზიანიც იქნება აღნუსხული და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.
მე მოვიკითხე და 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცოფდამცველები, ეს ნაგებობები. სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა მთავარი ნაკადი ღვარცოფისა, მათ შორის, ხეების, მორების შეჩერება მნიშვნელოვანია.
ასე რომ, ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ. ყველაფერი იყო მწყობრში და მწყობრში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო შეკავება მან ძირითადი მასის, თუმცა თვითონ ეს სტიქია იმხელა იყო, რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა გარკვეული შენობები უნებართვოდ აშენებული, პაპუაშვილის თქმით, ეს საკითხიც დადგინდება და ისიც, რა კავშირი აქვს სტიქიის შედეგებთან ამ მშენებლობებს.
„ვერ გეტყვით, რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა, ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობები დაზიანდა თუკი რაიმე იყო უკანონო. პირველ რიგში, დასადგენია თუკი რაიმე იყო უკანონო მშენებლობა,
მეორე, ამ უკანონო მშენებლობის მიმართ რაიმე ტოლერანტობა თუ იყო და დაშვებული იყო, მესამეა, რა კავშირი აქვს ამას თვითონ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან. ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ქვა - ღორღისგან გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი, ასევე დასრულდა ხიდის ნარჩენის დემონტაჟი. პროცესში ჩართულია კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი. მათ თელავს ცოცხალი ძალა გამოუგზავნეს, რომლებიც იმ ადგილებს ასუფთავებენ, სადაც მძიმე ტექნიკით მუშაობა შეუძლებელია.
ელექტროენერგია სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს ისევ არ მიეწოდება, ბუნებრივი აირი კი უმეტესად აღდგა.
როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მთლიანად აღირიცხება მიყენებული ზიანი, რომელიც სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტში გამოიწვია.
„მთლიანად აღირიცხება ყველა მიყენებული ზიანი, რომელიც სტიქიამ ჩვენს მუნიციპალიტეტში გამოიწვია. აგრეთვე, მოხალისეები, რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, თანამშრომლები - ისინი დაეხმარებიან მოსახლეობას, კერძო და საჯარო დაწესებულებებს, რომლებსაც სტიქიის დროს გარკვეული ინფრასტრუქტურა დაუზიანდათ", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის თქმით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით 100 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თელავში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად დილიდან ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი.
"12 ივლისს, გამთენიისას, ქალაქ თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.
თელავში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი. პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.