
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის მხრიდან მუქარების მიუხედავად ღია რჩება და მას ირანი არ აკონტროლებს. CENTCOM-ის მიხედვით, ამერიკულ სამხედრო ძალებს შესაბამის პოზიციები აქვთ დაკავებული, რათა სრუტეში გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყონ.
"ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა ხომალდისთვის, რომელსაც საერთაშორისო წყლითსავალი გზის კანონიერად გავლა სურს. აშშ-ს ძალებს პოზიციები დაკავებული აქვს და მზადაა, უზრუნველყოს, რომ ირანის მხრიდან გაუმართლებელი აგრესიის, შევიწროების, მუქარებისა და პირობითი განცხადებების მიუხედავად ნავიგაციის თავისუფლება ხელმისწავდომი იქნება. ირანი სრუტეს არ აკონტროლებს. მოძრაობა გრძელდება". - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სრუტე გასული კვირის განმავლობაში 140-ზე მეტმა გემმა გადაკვეთა. ამასთან, CENTCOM წერს, რომ აშშ-ს ძალებმა გასული ორი თვის განმავლობაში სრუტეში 800-ზე მეტი ხომალდის გადაადგილება და 400 მილიონზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა უზრუნველყვეს.
მანამდე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, IRGC-მ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა და აშშ-ს "აგრესიას" მკაცრი პასუხით დაემუქრა.
ცოტა ხნის წინ აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა მიიტანა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში მიმავალ გემს შეუტია.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადების თანახმად, დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს თავს დაესხა.
მოგვიანებით, ტრამპმა თქვა, რომ ირანი აშშ-სთვის სასურველ შეთანხმებას დათანხმდა, შემდგომ კი ჰორმუზის სრუტეში ხომალდს თავს დაესხა. მისივე თქმით, აშშ-მ ირანი საპასუხოდ "საშინლად დაბომბა" და ახლა ჰორმუზის სრუტე გახსნილია.