რეზონანსი
12.07.2026

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანი აშშ-სთვის სასურველ შეთანხმებას დათანხმდა, შემდგომ კი ჰორმუზის სრუტეში ხომალდს თავს დაესხა. მისივე თქმით, აშშ-მ ირანი საპასუხოდ "საშინლად დაბომბა" და ახლა ჰორმუზის სრუტე გახსნილია. 

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ირანული მხარე "ძალიან, ძალიან ბოროტია" და მათ "ავადმყოფები" უწოდა.

ამის შესახებ ტრამპმა NBC-ის ეთერში საუბრისას ილაპარაკა.

"გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია. მათთან შეხვედრები გვქონდა. გუშინ შეთანხმებას დათანხმდნენ - ჩვენთვის იდეალურ შეთანხმებას, არანაირი ბირთვული შეიარაღება, არანაირი ის, არანაირი ეს, არაფერი, ყველაფერზე უარი თქვეს. ამის შემდეგ ოთახი დატოვეს და ერთ საათში გემს დრონი ესროლეს. ვუთხარი: "ხალხო, თქვენ ავად ხართ. ავადმყოფები ხართ". - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა მიიტანა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში მიმავალ გემს შეუტია.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადების თანახმად, დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს თავს დაესხა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, IRGC-მ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა და აშშ-ს "აგრესიას" მკაცრი პასუხით დაემუქრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×