
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთს ამჟამად პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, თუმ მოსკოვმა შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციები განახორციელოს.
მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთის გამო პანიკაში არ არის, მაგრამ მოსკოვის მხრიდან მუქარას სერიოზულად აღიქვამს.
„შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად ცრუ შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მძიმე ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება არ შეუძლია, კიდევ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა ვარშავა პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო შეიარაღებული პროვოკაციის შესახებ გააფრთხილა.