
სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა! - აღსანიშნავია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ არის. სერიოზულად დაზიანებულია საქალაქო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როცა ზარალი შეფასდება, დაიგეგმება რა სამუშაოები და როგორ უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სტიქიის შედეგები სრულად აღმოიფხვრას.
„მთავარია, ოპერატიულად დაიწყო მუშაობა ყველა შესაბამისმა სამსახურმა - შექმნილია ოპერატიული შტაბი. ამ მომენტში ხდება პირველადი სამუშაოების წარმოება იმის პარალელურად, რომ მდინარე კიდევ ადიდებულია.
უკვე სექტორებად არის დაყოფილი სად, რა ტექნიკა არის საჭირო - ამ ტექნიკის ნაწილი უკვე მუშაობს, ნაწილის მობილიზება ახლა მიმდინარეობს და დღის განმავლობაში, მითუმეტეს წყლის კლებასთან ერთად, ეს სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
ზოგადად შესასწავლია მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა - ფაქტია, რომ წყალმა ამ ქუჩების გარკვეული მონაკვეთები გამორეცხა. ამ დროისთვის ქუჩები გადაკეტილია, რომ იქ მოძრაობა არ იყოს და საფრთხე თავიდან იყოს აცილებული. სტიქია მასშტაბურია - ერთია პირველადი სამუშაოები და მეორე - მთავრობა თავიდან ბოლომდე საქმის კურსშია.
როცა ზარალი შეფასდება, შესაბამისი ექსპერტიზები გაკეთდება, მასშტაბურად დაიგეგმება რა სამუშაოები და როგორ უნდა განხორციელდეს, რომ სტიქიის შედეგები სრულად აღმოფხვრილი იყოს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, თელავში სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია - რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია.
რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში, პერიოდულად, აღდგება.
ძირითადად, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე შეფასდება სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად და დაიწყება აბსოლუტურად აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება კოორდინაციას, შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო - ყველა სამინისტრო და უწყებაა მობილიზებული იმისთვის, რომ თელავის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას სტიქიით გამოწვეული ზიანი", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
ამასთან, თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შტაბის წევრებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და როგორც აღნიშნეს, სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ.
გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა თელავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
„სტიქია მასშტაბურია. რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, ზიანი საკმაოდ დიდია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს. სამინისტროები ჩართული არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ზიანი დათვლილი, შეფასებული და აღმოფხვრილიც. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენითი ღონისძიებები. ცხადია, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც შეფასდება ზიანი. მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა დროულად იყოს აღდგენილი და ქალაქმა შეძლოს აქტიურ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.